გაღმაციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაღმაციხე — მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთის ჩრდილოეთით, კლდოვანი მთის თხემზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (4,2 X 4 მ), ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კედლები გარედან მიწანარევი ნაკელით არის შელესილი. ძეგლი დაზიანებულია: შემორჩენილია სამი სართული, ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა.

პირველ სართულზე თაღოვანი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. დანარჩენი კედლები ყრუა. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარია, აღმოსავლეთ კედელში პატარა თაღოვანი სარკმელი, სამხრეთ კედელში - ორი სათოფური. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში, მეორე სართულის კარის გასწვრივ, თაღოვანი კარია გაჭრილი. აღმოსავლეთით, ერთიმეორის თავზე, სათოფური და თაღოვანი სარკმელია, სამხრეთით - ორი სათოფური.

კოშკს დასავლეთიდან მიშენებული აქვს მასზე უფრო მოზრდილი, გეგმით თითქმის კვადრატული (5,8 X 5,5 მ) ნაგებობა, რომლის სამხრეთ კედელი კოშკის სამხრეთ კედლის ხაზზე მდებარეობს. თაღოვანი შესასვლელი მას ჩრდილოეთიდან აქვს. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სათოფურია, სამხრეთ კედელში - ერთი სათოფური და ორი პატარა თაღოვანი სარკმელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]