გარეუბანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის ვახუშტისეულ გეგმაზე (1735) გარეუბანი აღნიშნულია პირობითი ნიშნით „იბ“

გარეუბანი, გარეთუბანი, ფეოდალური ხანის თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კალას ჩრდილოეთითა და დასავლეთით, მისი გალავნის გარეთ.

გარეუბნის უკიდურესი ზღვარი ჩრდილოეთით იყო ახლანდელი ვერის პარკის (ყოფ. კიროვის სახელობის პარკის) მიდამოები. XVI—XVII საუკუნეებში გარეუბნის ტერიტორია ქალაქის გალავნიდან ქაშვეთის ეკლესიამდე უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. გარეუბანი იყოფოდა რამდენიმე მიკროუბნად:

  • მუხრანბატონიანთ უბანი — ავანაანთხევის ორივე მხარეს, მტკვრის პირიდან ახლანდელი ჩახრუხაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კუთხემდე და ვანქის უბნამდე;
  • ვანქის უბანი — ვანქის მონასტრის მიდამოები (ახლანდელი გიორგი ათონელის ქუჩა);
  • ორბელიანთ უბანი — ვანქის უბნიდან "გარეთუბნის მეიდნამდე" ანუ ყაბახამდე (ასპარეზი) ჩრდილოეთით და მტკვრამდე აღმოსავლეთით;
  • შუა კარის უბანი — "დიღმის გზისა" და "შუა კარის გზის" მიდამოები — ახლანდელი პუშკინისა და მუზეუმის ქუჩებს, რუსთაველის პროსპექტისა და თავისუფლების მოედანს შორის მოთავსებული ტერიტორია.

XVIII საუკუნის 20-იან წლებში ოსმალებმა გააპარტახეს გარეუბანი, აქაური მოსახლეობა კი ქალაქში გადასახლდა. იმავე საუკუნის 60-70-იან წლებში იწყება გარეუბნის ხელახალი დასახლება. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ ქალაქის ტერიტორია სამ ნაწილად დაიყო, ერთი მათგანი იყო გარეუბანი; ამ დროიდან გარეუბანში აგებენ ევროპული ტიპის შენობებს. უბნის ცენტრი ქმნიდა მოედანს (ახლანდელი თავისუფლების მოედანი). 1859 წელს ადრინდელი ყაბახის ადგილას გაშენდა პარკი (ახლანდელი 9 აპრილის სახელობის პარკი; ყოფ. კომუნარების სახელობის პარკი). ამ დროისათვის გარეუბანი ახლანდელი კაკაბაძეების (ყოფ. გ. ლეონიძის) ქუჩამდე აღწევდა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქალაქის ოფიციალურ ტოპონიმიკაში გარეუბანი აღარ იხსენიება.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1968;
  • თბილისის ისტორია, შ. მესხიას რედ., თბ., 1958;
  • ბერძნიშვილი მ., ქსე, ტ. 2, გვ. 700, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები