განჯა-ყარაბაღული კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განჯა-ყარაბაღული კულტურა — გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებში, ცნობილია ხოჯალი-ქედიბეკური (გადაბეიური) კულტურის სახელწოდებითაც. მისი შესწავლა დაიწყო XIX საუკუნის 90-იან წლებიდან. ძეგლები 3 ჯგუფად იყოფა: ყარაბაღის (მთიანეთი და მთისპირა ადგილები), ქედაბეკის (გადაბეის) (მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ნაწილი და მთისპირა ზოლი) და კიროვაბად-ხანლარისა (მტკვრის მარჯვენა ნაპირის დაბლობი). ეს ძეგლებია: დიდი და მცირე მიწაყრილიანი, ქვაყრილიანი გორასამარხები, ე. წ. ქვაყუთები და ორმოსამარხები, გამაგრებული (მთისპირას) და ღია ნამოსახლარები (მთისპირას და დაბლობში), ლითონსამსხმელო (ლენინქენდთან) და კაჟის ნაკეთობათა (ქილიქ-დაღზე) სახელოსნოები. ყარაბაღ-ქედაბეკის (გადაბეის) ჯგუფებს განეკუთვნება ციკლოპური სიმაგრეები. მიცვალებულებს უმეტესად ხელფეხმოკეცილს, იშვიათად - გაშოტილს ან მჯდომარეს მარხავდნენ. გვხვდება კრემაციაც, დანაწევრებული სახით დაკრძალვა და სხვა.

ამ კულტურაში გამოიყოფა 3 ეტაპი:

  • ადრინდელი - ძვ. წ. XIII-XI საუკუნეები (დამახასიათებელია წვერკაუჭებული დანები, შედგენილტარიანი სატევრები, ლურსმნისებრი საკინძები და სხვა. კიროვაბად-ხანლარის ჯგუფში - ფართოპირიანი დანები, მასრიანი შუბისპირები, საფეთქლე რგოლები, სფერულტარიანი ჭურჭელი, ხელადები, ინკრუსტირებული გეომეტრიული სახეებით შემკული ჯამები და სხვა);
  • განვითარებული - ძვ. წ. XI-IX საუკუნეები (დამახასიათებელის ბრინჯაოს ბრტყელი და ჩუგლუგის ტიპის ცულები, „წინააზიური“ ტიპის სატევრები, მახვილები, მასრიანი ფოთლისებური შუბისპირები, ორთითბი, ღეროიანი ისპირისპირები, ოთხნაწილადი ლაგმები, გრავირებული სარტყლები; ორნამენტებირებული და მოხატული შავი და მონაცისფრო თიხის ჭურჭელი);
  • გვიანდელი — ძვ. წ. IX-VII საუკუნეები (დამახასიათებელია რკინის მასრიანი და ყუნწიანი ვიწრო შუბისპირები, სატევრები, დანები, ბრინჯაოს ორნაწილედი ლაგმები; მონაცრისფრო თიხის ჭურჭელი, იშვიათად - ინკრუსტირებული; შემორჩენილია ადრინდელი ტიპის ბრინჯაოს სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, ლაგმები, სამკაული).

განჯა-ყარაბაღული კულტურის მატარებელი ტომები დაკავშირებული ყოფილან ადგილობრივ ქედაბეკისა (გადაბეისა) და ყარაბაღოის სპილენძის საბადოებსა და მთის საძოვრებთან; მათ ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ საწარმოო რაინებთანაც. აშკარაა ყარაბაღის ძეგლების, განსაკუთრებით ხოჯალისა და არჩაძორის მდიდრული სამაროვნების, მჭიდრო კონტაქტი ძველ აღმოსავლეთთან. როგორც ჩანს, მესაქონლეობის აღმავლობასთან ერთად ამ ტომებში დამკვიდრდა პატრიარქატი, გაღრმავდა ქონებრივი უთანასწორობა, სიმდიდრით გამოირჩევა პატრიარქთა, საგვარეულო და სატომო არისტოკრატიის სამარხები - დიდი გორასამარხები, რომლებშიც აღმოჩენილია მრგვალი ოქროს ნივთი. შეწირული მონის, მსახურის და შეიარაღებული რაზმელის ჩონჩხები (ახმახის, ადამიანის გორასამარხები). ამ პერიოდის სამაროვნები მოწმობენ ცალკეულ ტომთა ქონებრივ გამორჩეულობასაც. ამ სოციალურ-ეკონომიკური ძვრებით გამოწვეული საომარი სიტუაციით აიხსნება ციკლოპური ციხესიმაგრეებისა და გამაგრებული ნამოსახლარების გამოჩენა ცენტრალურ ამიერკავკასიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თ., 1973;
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 2, გვ. 691, თბ., 1977