გამბრინუსი (მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამბრინუსი (ლათ. Gambrinus) — ლეგენდარული მეფე, რომელიც ლუდის ხარშვის გამომგონებლად ითვლება.

გამბრინუსზე (სახელით გამბრივიუსი) პირველად 1519 წელს, საუბრობს გერმანელი ისტორიკოსი იოჰან ავენტინი თავის „ბავარიულ ანალიებში“ (Annales Bajorum). ავენტინი წერს, რომ გამბრივიუსი ერთ-ერთი გერმანული ტომის მეფის, მარუსის შვილი იყო. გამბრივიუსმა, „ანალების“ თანახმად, ცოლად ეგვიპტელი ნაყოფიერების ქალღმერთი იზიდა მოიყვანა, რომელმაც ასწავლა ლუდის ხარშვის ხელოვნება. სხვა წყაროებით, პირველად, გამბრინუსის წარმომავლობის ამგვარი ვერსია გერმანელმა პოეტმა ბუკარტ ვალდისმა წამოაყენა 1543 წელს.

თავად სახელი გამბრინუსი, 1574 წელს გამოჩნდა ანტვერპენში შეცდომით დაბეჭვდის შედეგად, რამაც გამბრივიუსი გამბრინუსად აქცია. სახელი გამბრივიუსი გვხვდება ასევე ტაციტუსთან, მის „გერმანიაში“ (თავი 2). იქ არის მოთხრობილი გერმანელი ხალხის, მარსიების შესახებ.

დღეს, სახელ გამბრინუსს, ბევრი ევროპული და ამერიკული ლუდის ბრენდი ატარებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია გამბრინუსის ლუდსახარში პლზენში (ჩეხეთი), კომპანია „გამბრინუსი“ სან-ანტონიოში (ტეხასი) და ფირმა „გამბრინუსი“ მულეზიდან (ელზასი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]