ჟაკ ფრანსუა გამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გამბა, ჟაკ ფრანსუა)

ჟაკ ფრანსუა გამბა (დ. 26 დეკემბერი, 1763, დიუნკერკი — გ. 27 მარტი, 1833, ქუთაისი) — ფრანგი მოგზაური და ვაჭარი. საფრანგეთის კონსული თბილისში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ვაჭრის ოჯახში. საშუალო განათლება ჟიუილის სამონასტრო კოლეგიუმში მიიღო, უმაღლესი კი — პარიზსა და ლაიფციგში. მამის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა მის სავაჭრო ფირმას. ფირმა ხე-ტყეს აწვდიდა საფრანგეთის გემთმშენებლობას. გამბას ფირმას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ვოგეზებში შპალერის წარმოების დაწინაურებაში. საფრანგეთის რევოლუციის წლებში გამბას ფირმა გაუქმდა. ამის შემდეგ გამბამ ჯერ ევროპაში იმოგზაურა, შემდეგ კი პარიზში დასახლდა და მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი. ამასთან დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ადგენდა ფინანსურ საბუთებს.

ბურბონთა რესტავრაციის დროს გამბამ შეადგინა და მთავრობას წარუდგინა ინდოეთთან ვაჭრობის გაუმჯობესების პროექტი. პროექტი ითვალისწინებდა კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო გზის გამოყენებას. ამ პროექტმა დააინტერესა მინისტრი რიშელიე, რომელიც მანამდე ოდესის გუბერნატორი იყო. რიშელიეს წინადადებით 1817-1818 წლებში გამბამ იმოგზაურა სამხრეთ რუსეთში, მოიარა ქალაქები — ოდესა, ნიკოლაევი, ხერსონი, ტაგანროგი, ნახჭევანი, ნოვოცერკასკი, აჰყვა დონს კალაჩამდე და შემდეგ ვოლგით ასტრახანამდე ჩავიდა. აქედან თერგის სანაპიროებით მივიდა მოზდოკს, შემდეგ კი ყუბანის გავლით ტამანს მიაღწია. ამ მოგზაურობის ბოლო ტაპი იყო ქერჩი, ფეოდოსია, სიმფეროპოლი და ოდესა. 1818 წელს გამბა პარიზში დაბრუნდა. მოგზაურობის დროს შესრულებული ჩანაწერების ნაწილი მან გამოაქვეყნა ჟურნალში Nouvelles annales de voyages.

რიშელიეს აზრით საფრანგეთის სავაჭრო ფირმებს ეტი ყურადღება უნდა მიექციათ საქართველოსთვის, რომელიც მისი აზრით შეიძლება გამხდარიყო ევროპა-აზიის ვაჭრობის მთავარი სატრანზიტო ღერძი.ამ თვალსაზრისის და ამიერკავკასიის სავაჭრო ინტერესებისთვის გამოყენების შესაძლებლობის შესასწავლად რიშელიემ მეორედ გაუშვა გამბა მოგზაურობაში 1819-24 წლებში. 1820 წელს გამბა კვლავ ოდესაში ჩავიდა, აქედან ნოვოჩერკასკაზე გავლით მოზდოკამდე მივიდა და შემდეგ საქართველოს სამხედრო გზით თბილისში ჩავიდა.

გამბა იყო კახეთსა და ქუთაისში. 1821 წლის 8 ოქტომბერს ამიერკავკასიაში გარკვეული ვადით დაწესდა შეღავათიანი ვაჭრობა და ტრანზიტი. გამბა იყო ამ კანონის კანონის მთავარი ინიციატორი. რუსეთის მთავრობამ აჯამეთთან მას გამოუყო 16 ათასი დესეტინა სახნავი მიწა და ტყე მეურნეობის მოსაწყობად. გამბა მიწას გასცემდა იჯარით და ხე-ტყითა და შეშით ამარაგებდა ადგილობრივ სამხედრო უწყებას. შეღავათიანი ვაჭრობის შემოღებისთანავე საფრანგეთის მთავრობამ გამბა დანიშნა კონსულად თბილისში. ის ეხმარებოდა ფრანგ ვაჭრებსა და მრეწველებს, რომლებიც ამიერკავკასიაში ცდიდნენ ბედს, მაგალითად კასტელს. ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ის დააჯილდოეს საპატიო ლეგიონის ორდენით.

1824-1826 წლები გამბამ პარიზში გაატარა და იქ გამოსცა თავისი მოგზაურობის აღწერა ორ ტომად, რომლის სრული სათაური იყო „მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, კერძოდ მაიერკავკასიაში, რომელიც განახორციელა 1820-24 წლებში შევალიე გამბამ, მეფის კონსულმა თბილისში. ოთხი გეოგრაფიული რუკით“. ნაშრომში გადმოცემული არის ეკონომიურ, ეთნოგრაფიული და ისტორიული ხასიათის ცნობები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე, ჩრდილოეთ კავკასიაზე. მოცემული აქვს აგრეთვე თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, რედუტკალეს (ყულევი), გელათის, სიღნაღის, თელავის, წინანდლისა და სხვა ადგილების აღწერა; აფხაზეთის, სამეგრელოს, იმერეთის რუკები; ეკლესიების და ციხეების ჩანახატები.

1831 წელს რუსეთის ფინანსთა მინისტრი გახდა კანკრინი, რომელმაც გააუქმა შეღავათიანი ვაჭრობის კანონი. 1833 წელს გამბა გარდაიცვალა ქუთაისში. მას დარჩა ქალიშვილი შარლოტ გამბა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 649.
  • ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ — „განათლება“, თბილისი, 1987