გაზის უთანხმოება რუსეთსა და უკრაინას შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ბუნებრივი აირის სადენები

უთანხმოება რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის მიწოდების თაობაზე — ეკონომიკურ კონფლიქტთა სერია რუსეთის კომპანია გაზრპომსა და უკრაინის კომპანია ნაფტოგაზს შორის ბუნებრივი აირის დავალიანების, მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ. სიტუაციას ამწვავებს უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უერთიერთდამოკიდებულება ბუნებრივი აირით ვაჭრობაში: უკრაინა მისთვის საჭირო ბუნებრივი აირის უმეტეს წილს რუსეთისგან იღებს, ამავე დროს ის უზრუნველყოფს ტრანზიტის უმეტეს წილს (109,9 მლრდ მ³ 2008 წლის 11 თვისთვის), ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანა (დაახ. 50 მლრდ მ³ წელიწადში ბელორუსიის გავლით და 10 მლრდ მ³ წელიწადში თურქეთში). ევროპის ქვეყნები საკუთარი გაზის მოთხოვნის მეოთხედს რუსეთისგან იღებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მნიშვნელოვანი უთანხმოება რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის მიწოდებაზე 2005-2006 წელს განპირობებული იყო რუსული კონცერნი გაზპრომის მიერ უკრაინისთვის მიწიდებულ ბუნებრივ აირზე ფასის მომატების სურვილით. ეს ნაბიჯი გაზპრომის მხრივ განპირობებული იყო ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისთვის გაზის საექსპორტო ფასებისთვის გათანასწორების სურვილით.

2005 წლის მარტში ნაფტოგაზ უკრაინის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ ალექსეი ივჩენკომ გაზპრომს შესთავაზა უარი ეთქვა ანგარიშსწორების ბარტერულ სქემაზე, ანუ პირდაპირ ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლა, რაც ასევე მოიცავდა რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის ტარიფის გადახედვას. ამავე წლის 26 მარტს უკრაინამ გაზპრომს შესთავაზა 2006 წლიდან ტრანზიტზე ტარიფის გაზრდა 1,75-2$/ათას მ³ 100 კმ-ზე.

2005 წლის ივნისის დასაწყისში გაზპრომმა უკრაინას შესთავაზა 2006 წლიდან გაეზარდათ ფასი რუსულ გაზზე საშუალოევროპულ დონემდე (160-170 $/ათას მ³), ევროპაში გაზის ტრანზიტზე ფასის ზრდასთან ერთად, რაც ასევე მოიცავდა სრულ ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლას.

2005 წლის ივნისში უკრაინის იმდროინდელი ვიცე-პრემიერი ანატოლი კინახი კატეგორიულად უარყოფს რუსულ შემოთავაზებას და მოითხოვს გაზის მოწოდებაზე მიმდინარე შეთანხმების 2013 წლამდე გაგრძელებას. წინააღმდეგობა უკრაინის მხრიდან გრძელდებოდა დეკემბრამდე. ამასობაში რუსეთის მოთხოვნები სულ უფრო მკაცრდებოდა. 2005 წლის დეკემბრისთვის უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებიდან სიტყვიერ ომზე გადადიან.

გაზის საკითხი სამთავრობო დონეზე გადადის ორივე ქვეყნისთვის და ნოემბრიდან ამ საკითხით დაკავდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ ფრადკოვი. უკრაინა ფაქტობრივი ულტიმატუმის წინაშე დადგა — 1 დეკემბრამდე უნდა მიეღო რუსულ ფასი 160 $/ათას მ³-ზე. უკრაინისგან უარის მიღების გამო მიხეილ ფრადკოვმა დემონსტრაციულად გააუქმა დეკემბრის დასაწყისისთვის დაგეგმილი ვიზიტი უკრაინაში.

2006 წლისთვის გაზის მიწოდების თაობაზე კონტრაქტების მოუწერლობის გამო 2006 წლის 1 იანვრიდან უკრაინას გაზის მიწოდება რუსეთიდან შეუწყდა. თუმცა, ვინაიდან ევროპას რუსული გაზის უმეტესობა უკრაინის გაზტრანსპორტის ქსელით მიეწოდებოდა, უკრაინამ, რუსეთის განცხადებით, დაიწყო ევროპისთვის განკუთვნილი გაზის საკუთარი მიზნებისთვის არასანქციონირებული ხარჯვა.

2005-06 წლის კონფლიქტი ფორმალურად დასრულდა 4 იანვარს შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც ოფიციალური განცხადებებით ორივე მხარეს აკმაყოფილებდა. თუმცა უკრაინის უზენაესმა რადამ ამ შეთანხმების ხელმოწერა გამოიყენა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშენკოსთან ურთიერთობის გასამწვავებლად, იური ეხანუროვის მთავრობის გადაყენებით.

შემდეგი უთანხმოება გაზის თაობაზე წარმოჩნდა 2007 წლის ოქტომბერში გაზის დავალიანების გამო, რაც 2008 წლის მარტში გაზის მიწოდების შემცირებით დასრულდა. 2008 წლის ბოლო თვეებში ურთიერთობა გაზპრომსა და უკრაინას შორის უკიდურესად დაიძაბა უკრაინის დავალიანების რაოდენობაზე შეუთანხმებლობის გამო. 2009 წლის იანვარში ეს უთანხმოება დასრულდა გაზპრომის მიერ უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით (მის ტერიტორიაზე ტრანზიტის ჩათვლით), რამაც ასევე შეუწყვიტა გაზის მიწოდება ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, საბერძნეთს, უნგრეთს, მაკედონიას, რუმინეთს, სლოვენიას, სერბეთს, თურქეთს, და შეამცირა მიწოდება ევროპის დანარჩენი ქვეყნებისთვის.

შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მოსკოვში მოლაპარაკებებისას. 18 იანვარი, 2009.

2009 წლის 18 იანვარს მოსკოვში ჩატარდა მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებს შორის. მიღწეულ იქნა შეთანხმება 2009 წლის 1 იანვრიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ფასების განსაზღვის ევროპულ ფორმულაზე გადასვლისა და ევროპელი მომხმარებლებისთვის რუსეთის გაზის ტრანზიტის დაუყოვნებლივი აღდენის შესახებ. ამასთან, 2009 წელს უკრაინა იღებს 20%-იან ფასდაკლებას გაზის ტარიფზე, ხოლო რუსეთს მიეცემა შეღავათიანი ტარიფი ტრანზიტზე (2008 წლის ფასებით). შეთანხმების კიდევ ერთ შედეგად ითვლება გაზპრომსა და ნაფტოგაზს შორის პირდაპირი კონტრაქტის გაფორმება (როსუკრენერგოს შუამავლობის გარეშე).

2009 წლის 20 იანვარს მოსკოვის პრესკონფერენციაზე გაზპრომის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, რომ გაზპრომის შვილობილი კომპანია "გაზპრომ სბიტ უკრაინა" მიიღებს უკრაინის ბაზრის 25%, რაც, მისი სიტყვებით, გაზპრომსა და ნაფტოგაზს შორის კონტრაქტის ნაწილია.