გაგრის დაცემა (1992)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ ჰყავდა. ყველა დაჯგუფებას საკუთარი მეთაური ჰყავდა და ყველა რაზმი თავისთვის იბრძოდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კოორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000-კაციანი შენაერთი. ქალაქში არ არსებობდა დისციპლინა და ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა. ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი.

გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.

1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია "ავაზას" ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ჯარისკაცი უტევდა. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა.

მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა.

5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.