გაბრიელ საგინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბრიელ საგინაშვილი — XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში ქართველი კალიგრაფი. დავითგარეჯის ბერი. მოღვაწეობდა ნათლისმცემლის მონასტერში.

გაბრიელს, როგორც ფრიად განსწავლულ კალიგრაფს, კარგად იცნობდნენ მეფის კარზე. წიგნებს ვახტანგ VI-ის ბრძანებითაც წერდა. 1704-1713 დომენტი კათოლიკოსის თაოსნობით გაბრიელმა გადაწერა პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული - ქართველი წმინდანების ცხოვრებათა კრებული (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-130 და მისივე ნაწილი - H-1557). საყურადღებოა 1707 გადაწერილი კონდაკი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-624). 1719 წლით თარიღდება მისივე გადაწერილი ოთხტავი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხელნაწერთა ინსტიტუტი, Q-85) და „საქმე მოციქულთა“ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Q-86).

საგინაშვილის წიგნები ნაწერია ნუსხურით, ძლიერ დახრილი, გადაბმული, სქელხაზიანი, „წვეტიანი“ და თითქოს ცოტა მიჭყლეტილი ასოებით. A-624-ს ზოგიერთი სათაური შესრულებულია ოქროთი ნაწერი დიდი ჩართული მთავრული ასოებით. Q-85-ში ჩართულია მახარებელთა სურათები რუსული წარწერებით, ბაროკულ ჩარჩოებში. ეს ერთ-ერთი ნიმუშია იმხანად ევროპული მოტივების შემოჟონვისა ქართულ ხელოვნებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 615, თბ., 1984