ეკატერინე გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაბაშვილი, ეკატერინე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.
ეკატერინე გაბაშვილი
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1851(1851-06-16)[1]
დაბადების ადგილი გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2]
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 1938(1938-08-07)[2] [1] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი ახალქალაქი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, მემუარისტი და ესეისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჟანრი პროზა

ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი, ფემინისტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინეს მშობლები-რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) და სოფიო ვახტანგის ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი იმ დროის კვალობაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. რევაზ თარხნიშვილი ლიბერალური მიმართულების თავადაზნაურობას ეკუთვნოდა. მას თბილისის პირველი გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და ჯერ სასამართლოს მდივნად, შემდეგ კი-ვექილად მსახურობდა.

დედის გარდაცვალების შემდეგ, 5 წლის ეკატერინესა და მისი ძმის აღზრდა სოფიოს დედამ-დიდედა ბარბარემ ითავა. მისი ზედამხედველობით, ბავშვები დიდ დროს ატარებდნენ სოფლად-დედისეულ ფლევსა და მამისეულ ახალქალაქში. მკაცრი და ანჩხლი ხასიათის ბარბარე კონსერვატული შეხედულებებით გამოირჩეოდა და თვლიდა, რომ ქალისათვის შინაური განათლებაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა, რევაზ თარხნიშვილი ქალიშვილისათვის განათლების მიცემას აუცილებლად თვლიდა. სიდედრის წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 წლის ეკატერინე მამამ გორში მცხოვრებ პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს-მაიკოს მიაბარა, რომელმაც ბავშვს წერა-კითხვა და ლოცვა შეასწავლა. 1 წლის შემდეგ გოგონა თბილისში გერმანულ კერძო სკოლაში გადაიყვანეს, იქიდან კი-ფავრის პანსიონში, რომელიც ეკატერინემ 1868 წელს დაასრულა. პანსიონში სწავლისას მან გაიცნო იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც თავისი "დედა ენა" უსახსოვრა და იმხანად ქართულის მასწავლებელი ალექსანდრე ცაგარელი. ოჯახის უსახსრობამ ეკატერინეს გზა გადაუკეტა უმაღლესი განათლებისაკენ, რის გამოც იგი იძულებული გახდა, გორში მამის ოჯახში დაბრუნებულიყო.

გორში დაბრუნებისთანავე ეკატერინე აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას შეუდგა. თავდაპირველად კერძო მასწავლებლობას ეწეოდა და შინ უსასყიდლოდ ამეცადინებდა ბავშვებს. მისმა "შინაურმა სკოლამ" იმდენად გაითქვა სახელი, რომ მოსწავლეთა რაოდენობამ ძლიერ იმატა და თავისთავად გაჩნდა სკოლის გახსნის აუცილებლობა. ეკატერინეს დიდი მეცადინეობით და გორის საზოგადოების თანადგომით ქალაქში ქალთა სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელშიც განაგრძო თავისი წარმატებული მოღვაწეობა ახალგაზრდა მასწავლებელმა. სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე იყო. გორის სამრევლო სკოლამ დიდი როლი ითამაშა ხალხში განათლების შეტანის საქმეში, მისი აღზრდილები იყვნენ შემდეგომში ცნობილი მსახიობი ნატო გაბუნია და ჟურნალისტი, გამომცემელი და საზოგადო მოღვაწე მარიამ დემურია.

გარდა მასწავლებლობისა, ეკატერინე აქტიურად ეწეოდა თვითგანათლებას-სწავლობდა სოციოლოგიას, ეცნობოდა რუსულ და ევროპულ ლიტერატურას. ამ დროს შედგა მისი ჟურნალისტური დებიუტიც, წერილით "გლეხკაცობის აზრი სახალხო შკოლაზედ", რომელიც 1870 წელს, გაზეთ "დროებაში" დაიბეჭდა. წერილს დადებითი შეფასება მისცა პეტრე უმიკაშვილმა. მან ეკატერინეს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა, რამაც ახალგაზრდა ქალს გზა გაუხსნა იმდროინდელი მოწინავე განათლებული საზოგადოებისაკენ. ეკატერინე გაეცნო და დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, გიორგი წერეთელს.

1871 წელს ეკატერინე დაქორწინდა ალექსანდრე გაბაშვილზე. ახლადდაქორწინებულები ერთხანს სოფელ თხინვალაში ცხოვრობდნენ, სადაც ეკატერინე ისევ მასწავლებლობას ეწეოდა, შემდეგ კი თბილისში გადასახლდნენ. სულ ეკატერინეს და ალექსანდრეს 11 შვილი შეეძინათ. მათგან 6 ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა, რამაც ახალგაზრდა ქალზე უმძიმესი გავლენა იქონია. ოჯახური მდგომარეობის გამო იგი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, დიდწილად, ჩამოცილებული იყო აქტიურ საზოგადოებრივ და ლიტერატურულ საქმიანობას. "დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი. ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა"-ამბობდა მწერალი წლების შემდეგ[3]. თუმცა, 80-იანი წლებიდან ეკატერინე კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე ახალი ვრცელი მოთხრობით "რომანი დიდხევაში" (1881), რომელსაც მაღალი შეფასება მისცა ილია ჭავჭავაძემ. ამას მოჰყვა "კონა" (1882), "ორ-ენა და ქუჩე" (1883) და სხვა მოთხრობებიც, რამაც სახელი გაუთქვა, როგორც მწერალს.

ეკატერინე გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებენ საზოგადოებასთან, 1879 წლიდან იყო მისი გამგეობის წევრი. იგი განუწყვეტილივ იღვწოდა ქალთა შორის განათლების გავრცელებისათვის, იყო ერთ-ერთი დამაარსებელი "ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებისა" , რის მეშვეობითაც 1895 წელს საკუთარ სახლში გახსნა ჭრა-კერვის სკოლა, სადაც ღარიბ და ობოლ გოგონებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას და ხელსაქმეს. სკოლის პროფილი შემდგომში რამდენადმე გაფართოვდა და დაემატა სხვა სასწავლო საგნებიც. მას ეკატერინე გაბაშვილი 20 წელზე მეტხანს ედგა სათავეში. მწერალი ხშირად აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ქალთა საკითხების, განსაკუთრებით კი-განათლების შესახებ, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბავშვო ჟურნალების-ნობათის, ჯეჯილისა და ნაკადულის დაარსებაშიც, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ თეატრს, იღვწოდა სახალხო ბიბლიოთეკების დასაარსებლადაც.

1911 წელს ქართულმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილს დიდი პატივით გადაუხადა დაბადების 60 წლისთავი. იუბილარი მწერალი სცენაზე აკაკი წერეთელმა გამოიყვანა[4].

ეკატერინე გაბაშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს, სოფელ ახალქალაქში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, სურათი. ეკატერინე გაბაშვილის ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების (ბელინსკის, გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის და სხვათა), ქართველი ხალხოსნებისა და „სამოციანელების“, განსაკუთრებით კი- ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. თავის ნაწარმოებებში მწერალი აღწერს მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოების ცხოვრებას. წინა პლანზეა წამოწეული ხალხის სიდუხჭირე სოფლად თუ ქალაქად ("ღვინია გადაიჩეხა", "თინას ლეკური", "კონა", "როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს"), გაუნათლებლობა, დრომოჭმული ტრადიციები ("რომანი დიდხევაში", "ორ-ენა და ქუჩე"), რაც მძიმე კვალს აჩნევს ადამიანების ბედ-იღბალს, თუმცა, ჩანს იმედიც, რასაც მწერალი, პირველ რიგში, განათლებასა და აქტიურ მოქმედებაში ("გამარჯვებული ნიკო") ხედავს და, ასევე, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანების მხრიდან ერთიმეორის მიმართ თანაგრძნობასაც. მის მოთხრობებში რეალისტურად არის ასახული იმდროინდელი გლეხობის ყოფა პატრიარქალურ სოფელში, ჩანს ქალაქის მზარდი შესაძლებლობები და მისი გავლენაც სოფელსა და მის ბინადრებზე ("მაგდანას ლურჯა", "მშიერაძის ოჯახი").

ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები გამსჭვალულია ღრმა ჰუმანიზმით და ობიექტურობით. არაერთი მოთხრობა ეძღვნება ქალთა საკითხს-ქალის თავისუფლებას, მის როლს ოჯახსა და საზოგადოებაში, სწორად აღზრდისა და განათლების საჭიროებას. მისი პერსონაჟი ქალები ხშირად ცხოვრებისაგან ჩაგრული, ან საზოგადოებისაგან გარიყულნი არიან; ზოგი (კონა, მარო, ქუჩე) მსხვერპლად ეწირება ცხოვრების უსამართლობას და საზოგადოების წნეხს, ზოგი კი, თავგანწირვის წყალობით, იმარჯვებს მასზე (მაგდანა, თინა).

1932 წელს გამოიცა ეკატერინე გაბაშვილის "რჩეული ნაწერები". 1953 და 1960 წლებში ხელახლა გამოიცა მისი რჩეული ნაწერები, 2 ტომად[5].

ეკატერინე გაბაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის საბავშვო ლიტერატურაშიც. მისი მოთხრობები ხშირად იბეჭდებოდა იმდროინდელ საბავშვო ჟურნალებში და მწერლის სიცოცხლეში სამჯერ-1885, 1898 და 1916 წლებში გამოიცა ცალკე კრებულებად[6].

ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის "მაგდანას ლურჯას" მიხედვით 1955 წელს თენგიზ აბულაძემ და რევაზ ჩხეიძემ გადაიღეს იგივე სახელწოდების ფილმი, რომელმაც 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივლის მთავარი ჯილდო დაიმსახურა, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში[7].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი იყო რეზო გაბაშვილი (1882-1969) — ქართველი პოლიტიკოსი და 1921 წლიდან ემიგრანტი. ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილები იყვნენ ქალიშვილის, თამარ გაბაშვილის მხრიდან მარო მაყაშვილი (1902-1921) საქართველოს ეროვნული გმირი, ქალიშვილის ელენე გაბაშვილის მხრიდან ენათმეცნიერი მზია ანდრონიკაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 603.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 166, თბ., 1994
  • ზანდუკელი მ., „ახალი ქართული ლიტერატურა“, ტ 3, თბილისი, 1955

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]