ბუსტროფედონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუსტროფედონის წესით შესრულებული ბერძნული წარწერა

ბუსტროფედონი (ბერძნ. βουστροφηδόν) — წერის გარკვეული წესი, რომლის დროსაც ტექსტის წერის მიმართულება ცვალებადია ხაზების მიხედვით; პირველი ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ იწერება, მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ და ა. შ.

ძვ. წ. მე–6 საუკუნის ბერძნული წარწერების გარდა[1], ბუსტროფედონის წესი გვხვდება ძველ ეტრუსკულ, ლათინურ დამწერლობებში[2] და ასევე რუნებში[3]. მიუხედავად იმისა, რომ უძველეს ქართულ წარწერებში წერის მიმართულება ყოველთვის მარცხნიდან მარჯვნივაა, პავლე ინგოროყვა მიიჩნევს, რომ ქართული დამწერლობაც თავდაპირველად ბუსტროფედონის წესით იწერებოდა[4].

ამგვარი წესით შესრულებულ წარწერებში არა მარტო ტექსტის მიმართულება იყო ცვალებადი, არამედ ასოთა მოხაზულობაც. მარცხნიდან მარჯვნისაკენ დაწერილ სტრიქონში ასოებს პირი მარჯვნისაკენ ჰქონდათ შებრუნებული, ხოლო მარჯვნიდან მარხნისაკენ მიმართულებით პირიქით, მარცხნისაკენ. ბუსტროფედონის წესით შესრულებულ წარწერებში სწორედ ასოთა მოხაზულობის მიმართულება გვიჩვენებს, თუ როგორ იკითხება მოცემული სტრიქონი.

ამგვარი წერის სტილის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი წაკითხვისას კითხვა არ წყდება, რადგან შემდეგი სტრიქონის დასაწყისი ზუსტად წინა სტრიქონის დასასრულის ქვემოთაა მოხვედრილი. XIX საუკუნეში უილიამ მუნმა ბრმებისთვის სპეციალური, ე. წ. მუნის ანბანი შექმნა, რომელშიც ხაზიდან ხაზზე გადასვლის გასაადვილებლად ბუსტროფედონი გამოიყენა.

კორფუს სახელმწიფო მუზეუმში (საბერძნეთი) ინახება სტელა, რომელიც ვერტიკალური ბუსტროფედონის სტილითაა შესრულებული. ეს სტელა ცნობილია არნიადასის სტელის სახელით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Herbert E. Brekle: Die Antiqualinie von ca. -1500 bis ca. +1500: Untersuchungen zur Morphogenese des westlichen Alphabets auf kognitivistischer Basis, Kap. 3.2 "Linearität, Schreibrichtung, Zeiligkeit", Nodus Publikationen, Münster 1994, ISBN 978-3-89323-259-8, S.31–46

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Arno Koch: Die Kulturtechnik Lesen im Unterricht für Schüler mit geistiger Behinderung. Lesen lernen ohne Phonologische Bewusstheit? Dissertation, Giessen 2008, გვ. 28.
  2. Hans Joachim Störig: Abenteuer Sprache. Ein Streifzug durch die Sprachen der Erde. 2., überarbeitete Auflage.Langenscheidt, Berlin/München 1997, ISBN 3-581-66936-6, გვ. 117.
  3. Wolfgang Krause: Runen. de Gruyter, Berlin 1970, გვ. 12.
  4. პ. ინგოროყვა, „შოთა რუსთაველი“, „მნათობი“, 1966, № 3, გვ. 116