ბრიუსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრუსელი)
ქალაქი
ბრიუსელი
Bruxelles / Brussel / Brüssel
დროშა გერბი

ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
დაქვემდებარება დედაქალაქი
რეგიონი ბრიუსელი
კოორდინატები 50°50′48″ ჩ. გ. 4°21′09″ ა. გ. / 50.84667° ჩ. გ. 4.35250° ა. გ. / 50.84667; 4.35250
ქალაქის მერი ფრედი ტილემანსი
დაარსდა VI საუკუნე
პირველი ხსენება 966
ფართობი 161.4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 13
ოფიციალური ენა ფრანგული ენა და ნიდერლანდური ენა
მოსახლეობა 148 000 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 4566 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 830 000
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1000[1] , 1020[1] , 1040[1] , 1050, 1120[1] და 1130[1]
ოფიციალური საიტი brussels.irisnet.be
ბრიუსელი — ბელგია
ბრიუსელი

ბრიუსელი (Brussels, ნიდ.: Brussel, ფრანგ.: Bruxelles, გერმ.: Brüssel) — უდიდესი მუნიციპალიტეტი და ბრიუსელის რეგიონის ცენტრი, ბელგიის სამეფოს დედაქალაქი. მიუხედავად ურბანული და გადაჭედილი ცენტრისა, მას აკრავს უამრავი გარეუბანი, რომლებითაც იგი ესაზღვრება ფლანდრიის მუნიციპალიტეტებს. იგი არის ევროკავშირის ადმინისტრაციული ცენტრი, რის გამოც ხშირად ბელგიასთან ერთად მას ევროკავშირის დედაქალაქადაც მოიაზრებენ.

ბრიუსელი არის მუნიციპალიტეტი, რომელიც შედგება ცენტრალური ისტორიული ქალაქისა და გარკვეული დამატებითი ტერიტორიებისაგან.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბრიუსელში 176,545 ადამიანი ცხოვრობს, მისი საერთო ფართობი კი 32.61 კმ²-ა, რაც ნიშნავს 5,475 მოსახლეს ერთ კვადრატულ კილომეტრზე. 2007 წლის მონაცემებით ბრიუსელში ცხოვრობდა 50,000-მდე იმიგრანტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი გადმოცემის თანახმად თანამედროვე ბრიუსელის ტერიტორიაზე პირველი დასახლება VI საუკუნეში დაარსდა წმინდა გაგერიკის მიერ. თავდაპირველად ეს პატარა, სოფლის ტიპის დასახლება იყო, თუმცა XIII საუკუნიდან ბრიუსელში მრავალმა ადამიანმა იწყო ჩასვლა და დასახლება, რომელთაც დასახლებას დიდი, ორმაგი გალავანი შემოარტყეს, რომელიც XIV საუკუნეშიც გააახლეს. სულ მალე მას ქალაქის წოდება მიენიჭა, რასაც მოჰყვა მისი სავაჭრო-პოლიტიკური როლის ზრდა, საბოლოოდ კი იგი ბრაბანტის საჰერცოგოს დედაქალაქი გახდა.

ბრიუსელი 1610 წელს.

XV საუკუნიდან ბრაბანტსაც და ბრიუსელსაც ვალუები მართავდნენ, რომელთაც მთელი ნიდერლანდების დედაქალაქი ბრიუსელში გადაიტანეს. ამას მოჰყვა ქალაქის აღმშენებლობა და აღორძინება. მარია მდიდარის გარდაცვალების შემდეგ მთელი ნიდერლანდები ესპანელ ჰაბსბურგებს დარჩათ, რითაც შეიქმნა ე.წ. ჰაბსბურთა ნიდერლანდები. უკვე XVI საუკუნეში, რელიგიური ომების დროს ბრიუსელი რამდენჯერმე გახდა კალვინისტთა სამიზნე. მას შემდეგ, რაც 1648 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე IV-მ ჩრდილოეთ ნიდერლანდების დამოუკიდებლობა სცნო, ბრიუსელი ესპანური ნიდერლანდების (თანამედროვე ბელგია და ლუქსემბურგი) დედაქალაქი გახდა. ამის შემდეგ იგი რეგიონში კათოლიკეთა მთავარ დასაყრდენად იქცა.

ესპანური მემკვიდრეობისათვის ატეხილი ომის შემდეგ ბრიუსელი და სამხრეთი ნიდერლანდები ავსტრიის იმპერიას დაექვემდებარა. ბრიუსელი დროებით ბავარიელებმაც დაიკავეს, თუმცა ისინი ავსტრიელებმა მალე გააძევეს. ავსტრიელთა ასწლიანი ბატონობის შემდეგ მთელ სამხრეთ ნიდერლანდებს, ბრიუსელიანად იპყრობს საფრანგეთი, ნაპოლეონის მეთაურობით. 1815 წელს ვენის კონგრესმა სამხრეთი ნიდერლანდები ჩრდილოეთს მიუერთა, რის გამოც ბრიუსელმა დედაქალაქის სტატუსი ამსტერდამს დაუთმო, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

1830 წლის რევოლუციით ბელგიის სამეფომ ნიდერლანდებისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ბრიუსელი მისი დედაქალაქი გახდა. ამის შემდეგ სწორედ ბრიუსელში განთავსდა მონარქის სამეფო რეზიდენცია და პარლამენტის შენობა. მოგვიანებით, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ბრიუსელი, ისევე, როგორც მთელი ბელგია, გერმანელების ხელში იყო, თუმცა გათავისუფლების შემდეგ ქალაქმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, ევროკავშირის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ კი მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სახელწოდება წარმოდგება სიტყვებისგან bruoc (ძვ.ფლომანურად - „ჭაობი“) და sella (ძვ.ფლომანურად - „დასახლება“), რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „დასახლებას ჭაობზე“.

უბნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პენტაგონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური უბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური უბანი მდებარეობს სენ-გერლისინ-გორიკის კუნძულზე, რომელსაც წარმოქმის მდინარე სენა და რომელზეც ჩაისახა ბრიუსელის პირველი დასახლებები. დღეისათვის ეს დედაქალაქის ყველაზე ტრენდული უბანია. ცენტრალურ უბანში მდებარეობს XIII საუკუნეში ნაგები ბრიუსელის გალავნის ნანგრევები, ასევე ძველი რომაული ტაძარი, წმინდა მიქაელისა და წმინდა გუდულას სახელობის ბრაბანტის გოთიკური ტაძარი და კუდენბერგის სასახლის ნანგრევები. რაც მთავარია, სწორედ ცენტრალურ უბანში მდებარეობს ბრიუსელის სიმბოლოდ ქცეული Manneken Pis-ის ქანდაკება და ასევე აქვეა სენ-უბერტის სამეფო გალერეა. აქვე მდებარეობს ბრიუსელის საფონდო ბირჟის შენობა.

სამეფო უბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო უბანი (ფრანგ. Quartier Royal, ნიდერლ. Koninklijke Wijk) მდებარეობს ზუსტად ცენტრალური უბნის გვერდით და ძირითადად მოიცავს სამეფო მოედანს, რომელიც აშენდა დედოფალ მარია ტერეზიას მაზლის, შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელის მმართველობის დროს. ეს უბანი აშენდა ბრაბანტის ჰერცოგთა ყოფილი რეზიდენციის, კუდენბერგის სასახლის ნანგრევებსა და მის შემოგარენში. ამავე უბანშია განთავსებული ბელგიის მეფის სამეფო რეზიდენცია და ბრიუსელის პარკი. ასევე სამეფო უბანში მდებარეობს ბელგიის სამეფო ბიბლიოთეკა, ბელგიის სამეფო კინოარქივი, ბრიუსელის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, კინოს მუზეუმი, სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი და მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი.

საბლონების უბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო უბნის გვერდით მდებარეობს საბლონების უბანი, რომელიც აერთიანებს დიდი და პატარა საბლონების კვარტლებს, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც მდებარეობს საბლონის ღვთისმშობლის სახელობის კათედრალი. ამ უბანში ხშირად იმართება ანტიკვარული ნივთების ბაზრობა, რაც მოიაზრებს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების დილერების მიერ ძვირად გაყიდვას. ასევე აქ მდებარეობდა არქიტექტორ ვიქტორ ორტას „ხალხის სასახლე“, რომელიც 1965 წელს დაინგრა. ასევე საბლონზე მდებარეობს ეგმონტის სასახლე და ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია.

მაროლენის უბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსტიციის გიგანტური სასახლიდან იწყება მაროლენის უბანი, რომელიც 7 ქუჩას აერთიანებს. აქ 1873 წლიდან მოყოლებული განთავსებულია 24-საათიანი ბაზარი, რომელზეც განთავსებულია როგორც მეორეული საქონლის, ისე ტრენდული მაღაზიები. აქ ასევე ვხვდებით ანტიკვარიატის მაღაზიებს. ამავე უბანში მდებარეობს რუე-ოტის ქუჩა, რომელიც გალურ-რომაული სტილითაა გაფორმებული და მთავრდება ჰოლ-გეიტის კარიბჭესთან, რომელიც ასევე ბრიუსელის ისტორიული ძეგლია.

კუაის უბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუაის უბანი ბრიუსელის უძველესი პორტია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა ქალაქის „მუცლის“ როლს. ძველად ბრიუსელში ნავებით მიმავალი მგზავრები სწორედ ამ უბანში მდებარე რივეჟის ჭიშკრით შედიოდნენ დედაქალაქში, აქვე მდებარეობდა დიდი პორტი ნებისმიერი ტიპის საზღვაო ტრანსპორტის გასაჩერებლად. უკვე XIX საუკუნეში ბრიუსელის პორტი ბულვარმა ჩაანაცვლა, რომელშიც ნაწილობრივ კვლავაა შემონახული ისტორიული პორტის ნაწილები. დღეისათვის ეს უბანი ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე კომერციული ადგილია. მის ქუჩებს მრავალრიცხოვანი ბურჟუაზიული ტიპის სახლი ამშვენებს, რომლებიც ერთ დროს ვაჭრებს ეკუთვნოდათ, თუმცა დღეისათვის რესტავრირებულია. იპრის ბულვარი განსაკუთრებით ცნობილია საბითუმო მაღაზიებით. უბნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი და ფლამანდიული სამეფო თეატრი.

თავისუფლების უბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფლების უბანი მდებარეობს ბელგიის პარლამენტსა და სამეფო უბანს შორის. უბანს სახელი დაერქვა მას შემდეგ, რაც 1830 წელს ბელგიამ ნიდერლანდებისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ აქ განისვენებენ ბელგიური დემოკრატიის ფუძემდებელი და ქვეყნის თავისუფლებისათვის თავგანწირული ჯარისკაცები, რომელთა საფლავებზეც მარადიული ცეცხლი ანთია. აქვე მდებარეობს 1911 წელს აშენებული სასტუმრო ასტორია. აღსანიშნავია, რომ ბელგიის დამოუკიდებლობამდე უბანს ნოტრ-დან-ოქს-ნიჟესი ერქვა და უმეტესწილად დასახლებული იყო მუშათა კლასის წარმომადგენლებით. მოგვიანებით ამ უბანში ბურჟუაზია დასახლდა და გადაწყვიტეს სახელის შეცვლაც, რა დროსაც გადაწყდა სახელი ქვეყნის ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დაერქმიათ. თავად უბანი აერთიანებს ოთხ სხვადასხვა უბანს, რომლებშიც თავმოყრილია პრესის, რელიგიის, ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ცენტრები.

აღმოსავლეთ უბნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპული უბანი/ლეოპოლდის კვარტალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპული უბანი მდებარეობს პენტაგონის აღმოსავლეთით, ლუქსემბურგის მოედნის გარშემო და ძირითადად მხოლოდ ლეოპოლდის კვარტალს მოიცავს. სწორედ აქ, ლუქსემბურგის მოედანზეა განთავსებული ევროპარლამენტი. ასევე ევროკომისია, რომელიც ბერლიმონტის შენობაშია განთავსებული, მდებარეობს შუმანის შემოვლით გზაზე, ორმოცდაათი წლისთავის პარკის მახლობლად. აქვე მდებარეობს ლეოპოლდის პარკი, რომელშიც განთავსებულია ევროპის ისტორიის სახლი, რომელიც სტუმრებს სრულიად კონტინენტის სოციალურ ისტორიას სთავაზობს. ევროპარლამენტის მთავარ შენობაში არის ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც ცნობილია, როგორც პარლამენტარიუმი. იქ შესვლა შესაძლოა მხოლოდ გარკვეულ დღეებში, ისიც დაჯავშნის შემთხვევაში.

ჩრდილოეთის უბნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეკენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეკენი არის დედაქალაქის ერთ-ერთი განაპირა მუნიციპალიტეტი, რომელიც მას 1921 წელს მიუერთდა. აქ მდებარეობს ლეკენის სამეფო დომენი, სამეფო სათბურები, ლეკენის სასახლე, ლეკენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (რომელშიც განისვენებს ბელგიის სამეფო ოჯახის წევრების ნეშტები) და ლეკენის სასაფლაო, რომელიც ცნობილია ძეგლებისა და ქანდაკებების სიმრავლით. ასევე აქ მდებარეობს ჰეიზელის პლატო, სადაც ჩატარდა 1935 და 1958 წლების მსოფლიოს ბაზრობა, აქვე მდებარეობს მეფე ბადუენის სტადიონი, ატომიუმი, ევროპის მინიატურული პარკი, საუკუნოვანი სასახლე, ბრიუსელის საგამოფენო ცენტრი და ბრიუსელის პორტი.

მუცარდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგ შემთხვევაში ეს უბანი ცნობილია პაგოდას სახელით, რაც გამოწვეულია იაპონური დასახლებების სიმრავლით. ეს არის ისტორიული უბანი, რომელიც მდებარეობს ლეკენსა და ნედერ-ოვერ-ჰემბეკს შორის, სახელი კი იქიდან გამომდინარე დაერქვა, რომ იგი მხოლოდ მუცარდის მოედანს მოიცავს. ტერიტორიული სიმცირის გამო იგი თავიდან ლეკენის უბნის შემადგენლობაშიც შედიოდა, თუმცა კულტურული განსხვავების გამო შემდეგში გამოყვეს. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ უბნის შემადგენლობაში მოიაზრებენ ვილვორდისა და გრიმბერგენის ფლამანდიურ მუნიციპალიტეტებსაც.

ნედერ-ოვერ-ჰემბეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნედერ-ოვერ-ჰემბეკი, მსგავსად ლეკენისა, ბრიუსელის შემადგენლობაში 1921 წლიდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ მის ტერიტორიაზე ქალაქური ტიპის დასახლება უკვე VII საუკუნეშია ნახსენები საისტორიო წყაროებში. ნედერ-ოვერ-ჰემბეკის უბანში მდებარეობს დედოფალ ასტრიდის სამხედრო ჰოსპიტალი, სახანძრო და ასევე ბელგიის შეიარაღებული ძალების გაწვევის სამსახური.

ჰარენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსგავსად ლეკენისა და ნედერ-ოვერ-ჰემბეკისა, ჰარენის უბანი 1921 წელს მიუერთდა დედაქალაქს. აქ ძირითადად განლაგებულია აეროდრომები და სარკინიგზო სადგურები, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ააშენეს გერმანელებმა. თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში სწორედ ჰარენში მდებარეობდა ნატოს შტაბ-ბინა. ასევე აქ მდებარეობს სხვა მრავალი ადმინისტრაციული და კორპორაციული კომპანიის სათავო ოფისი, მაგალითად ევროკონტროლის შტაბი.

საპატიო მოქალაქეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიუსელის ისტორიას მხოლოდ ერთი საპატიო მოქალაქე ახსოვს დევიდ სასკინდის (1925-2011) სახით, რომელიც იყო ებრაული წარმოშობის ბელგიელი ლიდერი და მშვიდობის აქტივისტი, რომელსაც საპატიო მოქალაქის წოდება 2010 წლის 24 თებერვალს მიენიჭა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლიური ამინდი — ბრიუსელი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 5.6 (42) 6.4 (44) 9.9 (50) 13.1 (56) 17.7 (64) 20.0 (68) 22.4 (72) 22.5 (73) 18.7 (66) 14.4 (58) 9.1 (48) 6.5 (44) 13,9 (57)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 0.7 (33) 0.6 (33) 2.9 (37) 4.8 (41) 8.9 (48) 11.5 (53) 13.6 (56) 13.4 (56) 10.8 (51) 7.6 (46) 3.7 (39) 1.9 (35) 6,7 (44)
ნალექი მმ (დუიმი) 71 (2.8) 53 (2.1) 73 (2.9) 54 (2.1) 70 (2.8) 78 (3.1) 69 (2.7) 64 (2.5) 63 (2.5) 68 (2.7) 79 (3.1) 79 (3.1) 821 (32,3)
წყარო: ამინდის მსოფლიო ინფორმირების სერვისი[8] 2008-01-06

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Netherlandish sculpture 1450-1550 by Paul Williamson 2002 ISBN 0-8109-6602-6 page 42
  • The Belgian Constitution (PDF). Brussels, Belgium: Belgian House of Representatives. May 2014. p. 63. Retrieved 10 September 2015.
  • Statistics foreign population in Belgium by municipality (in French and Dutch only)
  • Picavet, Georges (29 April 2003). "Municipalities (1795-now)". Georges Picavet. Retrieved 2009-04-05.
  • "Brussels Capital-Region". Georges Picavet. 4 June 2005. Retrieved 2009-04-05.
  • "Panty Poetry: Celebrity Underwear Museum Opens in Brussels". Spiegel Online. Der Spiegel. 2009-07-23. Retrieved 2018-08-27.
  • "Le "musée du slip", dernière expérience surréaliste à Bruxelles". La Dépêche. 2009-06-28. Retrieved 2018-08-27. (36 rue des Renards, 1000 Bruxelles).
  • Boyle, Robyn (2016-09-25). "Underwear Museum moves from Brussels to Lessines". The Bulletin. Retrieved 2018-08-27.
  • "City of Brussels". Archived from the original on 2017-02-02. Retrieved 2018-09-20.
  • "Wettelijke Bevolking per gemeente op 1 januari 2018". Statbel. Retrieved 9 March 2019.
  • Louis Robyns de Schneidauer, La couronne comtale de la ville de Bruxelles, in Le Parchemin, Gendbrugge-lez-Gand, 1939 (March–April).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Crossroad Bank of Enterprises
  2. Sister Cities. Beijing Municipal Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 23 September 2008.
  3. Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid. ციტირების თარიღი: 22 July 2009.
  4. Foreign relations of Moscow. Mos.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 29 June 2010.
  5. Prague Partner Cities Czech. 2009 Magistrát hl. m. Prahy. ციტირების თარიღი: 2 July 2009.
  6. Twinning Cities: International Relations (PDF). Municipality of Tirana. www.tirana.gov.al. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 23 June 2009.
  7. Protocol and International Affairs. DC Office of the Secretary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 12 July 2008.
  8. Weather Information for Brussels. World Weather Information Service. ციტირების თარიღი: 6 January 2008.