ბრილიანტი სანსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანსი

სანსი — მკრთალი ყვითელი ბრილიანტი წვითისნაირი ფორმით. ზომა - 55,23 კარატი (11,046 გრამი). დამუშავების მიხედვით— ინდური წარმოშობის. ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ალმასი. პირველად ის ევროპაში ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ მამაცის მანტიაზე იხილეს. 1475 წელს ჰოლანდიელმა დიდებულმა ლუი დე ბერკერმა ის დამუშავების შემდეგ შარლ მამაცს უსახსოვრა. ჰერცოგი მთელი ევროპის დამორჩილებაზე ოცნებობდა, თავისი ქვის მაგიური ძალის დიდად სწამდა და ამიტომ ალმასი მუზარადში ჩაასმევინა.

1476 წელს შვეიცარიელებთან ბრძოლის დროს ჰერცოგმა ამ ალმასის ბრწყინვალებით დააბრმავა მეტოქე მეომარი და ის შუბით განგმირა. მაგრამ 1477 წლის ბრძოლაში შარლ მამაცი ალმასმა ვეღარ იხსნა, მისი მეომრები სასტიკად დამარცხდნენ, ჰერცოგმა თავს გაქცევით უშველა, ალმასი დაკარგა და იმავე დღეს მოკლეს. ქვა ბრძოლის ველზე იპოვა ერთმა შვეიცარიელმა ჯარისკაცმა, რომელმაც ის ერთ გულდენად მიჰყიდა ვიღაც პროტესტანტ მღვდელს, მან კი ქვა „უფრო ძვირად“, 3 გულდენად დაუთმო ესპანელ ნეგოციანტს, ვინც ალმასი პორტუგალიის მეფე ალფონს აფრიკელს მიჰყიდა, რის შემდეგაც ქვა 1570 წელს ოტომანთა სასახლის კარზე საფრანგეთის ელჩის, ფრანგი მარკიზის – ნიკოლ დე სანსის ხელში მოხვდა (სწორედ მისი გვარიდან მიიღო ქვამ თავისი სახელწოდება).

მარკიზ დე სანსი საფრანგეთის მეფის ანრი III-ის კარზე მსახურობდა და ხშირად ეხმარებოდა მონარქს ფინანსური გაჭირვების ჟამს მსხვილ ბანკირებთან ალმასის დაგირავებით. ერთხელ, მეფის სპეციალური დავალებით, დამხმარე მეომართა დასაქირავებლად მარკიზ დე სანსი შვეიცარიაში გაემგზავრა. ანრი III-მ საჭირო თანხის მისაღებად ძვირფასი ალმასის დაგირავება სთხოვა. მარკიზმა საფრანგეთში ქვა ერთგული მსახურის ხელით გაგზავნა, თან მძარცველების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იგი საგანგებოდ გააფრთხილა. მსახურმა მარკიზს მოახსენა,რომ შეიძლება იგი თავად დაღუპულიყო, მაგრამ ალმასს მძარცველებს ხელთ არ ჩაუგდებდა. იურიის მთების მახლობლად, მსახურმა ყაჩაღების რაზმები შენიშნა და ალმასი სასწრაფოდ გადაყლაპა. ავაზაკებმა მსახური საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და გაბრაზებულებმა, რომ მისგან ვერაფერი სარგებელი ვერ ნახეს, მხედარი მოკლეს. შეშფოთებულმა მარკიზ დე სანსიმ დიდი ხნის ძებნის შემდეგ შეიტყო მსახურის ბედის შესახებ და მას გლეხთა სასაფლაოზე მიაგნო. თავისი მსახურის ერთგულებასა და გონიერებაში დარწმუნებულმა მარკიზმა გვამი ამოათხრევინა, გააკვეთინა, დაკარგულ ალმასს მიაგნო და საფრანგეთში გადაასვენებინა.

მეფე ანრი III–ის მოკვლის შემდეგ მარკიზი რამდენიმეჯერ შეეცადა ძვირფასი ქვის გამოსყიდვას, მაგრამ მარალი ფასის გამო ქვას მყიდველი არ უჩანდა. ბოლოს ის 60 000 ეკიუდ შეიძინა ინგლისის მეფე ჯეიმზ I-მა სტიუარტმა. მას მერე ცნობილმა ალმასმა ბევრი მფლობელი გამოიცვალა; 1649 წელს საფრანგეთს დაუბრუნდა და აღმოჩნდა კარდინალ ჯულიო მაძარინის განძეულობაში, ხოლო 1755 წელს ქვამ უკვე ლუი XVI–ის სამეფო გვირგვინი დაამშვენა.

ჯეიმზ I. ამ ნახატზე იგი გამოსახულია სანსისთან ერთად.

საფრანგეთის რევოლუციის დროს სხვა ძვირფასეულობასთან ერთად ალმასიც მოიპარეს და მის კვალს დიდხანს ვერ მიაგნეს. ნაპოლეონ ბონაპარტის დროს „სანსის“ გარდა ყველა ძვირფასი ქვა აღმოაჩინეს.

1830 წელს პარიზში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ურალის ქარხნების მფლობელმა მრეწველმა პაველ დემიდოვმა 500 000 ფრანკად ალმასი „სანსი“ თავისი საცოლის ავრორა შერნვალისთვის შეიძინა. დემიდოვს ამაში დაეხმარა სიცილიის მეფის ფრანსუა I-ის ასული ბერის ჰერცოგინია, რომელიც საფრანგეთის სამეფო ტახტზე თავისი მცირეწლოვანი ძის, ბურბონთა დინასტიის უფროსი შტოს უკანასკნელი წარმომადგენლის – ანრის გამეფებას ცდილობდა. მეუღლის გარდაცვალებამ და დიდმა ფინანსურმა გაჭირვებამ ჰერცოგინია აიძულა გაეყიდა თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა და, როგორც ჩანს, ალმასიც, მაგრამ ამ უკანასკნელის გაყიდვაზე თავად დუმილს არჩევდა. საფრანგეთის ელიტარულ წრეებში ცნობილი გახდა, რომ მრეწველი პაველ დემიდოვი ისტორიული ალმასის მეპატრონე გახდა. მალე მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლოზე გამოცხადდა ბერის ჰერცოგინია და განაცხადა, რომ „სანსის“ ერთადერთ მესაკუთრედ ის ითვლებოდა, რადგანაც საფრანგეთის მეფემ ლუი XVI–მ ქვა უსახსოვრა მის ბებიას, ვისგანაც ქვა მემკვიდრეობით მას ერგო. საზოგადოებაში გავრცელებული ხმების თანახმად, ეს რომანტიკული ისტორია ორლოვს კიდევ 150 000 ფრანკი დაუჯდა. მრეწველმა ძვირფასი ქვა ქორწილის დღეს თავის მეუღლეს მიართვა, მაგრამ ეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა – შეუღლებიდან სამი წლის თავზე დემიდოვი გარდაიცვალა, დაქვრივებული ავრორა კი ცოლად რუსეთის არმიის გვარდიის ოფიცერს ანდრეი კარამზინს გაჰყვა და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.

სხვადასხვა ვერსიების თანახმად, „სანსი“ გამოფენილი იყო 1867 წლის მსოფლიო გამოფენაზე, შემდეგ კი პარიზის ცნობილ გამოფენაზე. მოგვიანებით, ალმასი შეიძინა ლორდმა ასტორმა, რომელმაც ის ქორწილის დღეს თვის ვაჟს უსახსოვრა. შემდეგ ალმასი აუქციონზე მოხვდა, სადაც მისი შეძენის მსურველთა შორის იყვნენ აშშ პრეზიდენტის ჯონ კენედის ქვრივი ჟაკლინ კენედი, იმჟამად უკვე ბერძენი მილიარდერის არისტოტელე ონასისის მეუღლე და ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი, მაგრამ ასტორის შთამომავალმა ალმასი ლუვრს ერთ მილიონ დოლარად მიჰყიდა, სადაც ის ამჟამადაც ინახება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

ნინო გომართელი, ეს საბედისწერო ალმასები, „ომეგა“, № 2, 2003 წ., გვ.48