ბორბალო (მთები)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორბალო.

დიდი ბორბალო

სიმაღლე 3294 მ
ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი

ბორბალო, დიდი ბორბალო და პატარა ბორბალო — მთები კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. დიდი ბორბალოს სიმაღლეა 3294 . აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და ქარაფოვანია, სხვა კალთები - დამრეცი. განსაკუთრებით დამრეცია სამხრეთი კალთა, რომელიც თანდათანობით უერთდება ქართლის ქედს. დიდ ბორბალოს მცირედ შეეხო მეოთხეული გამყინვარება, რელიეფის მყინვარული ფორმები - ცირკები და კარები - მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. კალთების ძირას ბევრგან ქვაყრილებია. დიდი ბორბალო საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდინარეების ანდაქის (ჩრდილოეთით), ფშავის არაგვის (ჩრდილოეთით და სამხრეთით) და ალაზნის (აღმოსავლეთით) ზემოთები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, რომელთა ქვეშ მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგია, სუბალპურ ზონაში, ბალახოვანი მცენარეულობის გარდა, გვხვდება ბუჩქნარიც - კავკასიური დეკა და ღვია (უკანასკნელი უფრო სამხრეთ კალთაზე). დიდი ბორბალოს დასავლეთ კალთაზე გადის საცალფეხო გზა, რომელიც ანდაქის უღელტეხილით აკავშირებს უკანაფშავსა (ფშავის არაგვის აუზი) და პირიქითა ხევსურეთს (მდ. ანდაქის აუზი).

პატარა ბორბალო

სიმაღლე 3134 მ
ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი

პატარა ბორბალოს — სიმაღლეა 3134 მ; მდებარეობს დიდი ბორბალოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. პატარა ბორბალოდან იწყება აგრეთვე მდინარეების - ალაზნის (სამხრეთით), ანდაქის (ჩრდილოეთით), თუშეთის ალაზნის (აღმოსავლეთით) შემადგენელი შენაკადები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. პატარა ბორბალოზე გადის საყორნისა და ანდაქის უღელტეხილების დამაკავშირებელი გზა.

ლიტერატურა[რედაქტირება]