ბლობიტექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2003 წელს ბირმინგემის ცენტრში აგებული სელფრიჯის უნივერსამის შენობა ქალის სილუეტს ემსგავსება და 1960-იან წლებში განთქმული პაკო რაბანის ჯაჭვებიანი კაბის ტექსტურა აქვს.
"ალიანც არენა" მიუნხენში.
პიტერ კუკისა და კოლინ ფურნიეს "კუნსტჰაუზი" გრაცში.

ბლობიტექტურა, ასევე ბლობ-არქიტექტურა, ბლობიზმი — ტერმინები არქიტექტურის მიმდინარე მიმართულებაზე, რომელშიც შენობებს ორგანული, ამებასმაგვარი ფორმა ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი "ბლობ არქიტექტურა" მოდაში უკვე 1990-იანი წლების შუაში გახდა, თვით სიტყვა ბლობიტექტურა პირველად ბეჭდვით სიტყვაში 2002 წელს გაჩნდა, უილიამ საფირის სტატიაში სათაურით "Defenestration" (დაახ. გაუფანჯროება), რომელიც ნიუ-იორკ ტაიმსის ენის საკითხების განყოფილებაში დაიბეჭდა. სტატიაში გამოყენებული დამაკნინებელი მნიშვნელობის მიუხედავად, ეს სიტყვა დარჩა და ხშირად გამოიყენება მრუდხაზოვანი და მომრგვალებული ფორმის შენობების აღწერისას.

ტერმინის წარმოშობა[რედაქტირება]

ტერმინი "ბლობ არქიტექტურა" პირველად არქიტექტორმა გრეგ ლინმა გამოიყენა 1995 წელს მეტაბოლის გრაფიკულ პროგრამაში ციფრული დიზაინის ექსპერიმენტებისას. მალე მას მრავალი სხვა არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი აჰყვა ამ "ბლობის"-მაგვარი პროგრამის ექსპერიმენტში ახალი და უჩვეულო ფორმების შესაქმნელად. მიუხედავად მისი გარეგნული ორგანიულობისა, ბლობ არქიტექტურა წარმოუდგენელია ამგვარი კომპიუტერული დიზაინის პროგრამების გარეშე. არქიტექტორები ფორმებს კომპიუტერული მოდელირების პლატფორმებზე ალგორითმების მანიპულაციით ქმნიან.

პრეცედენტი[რედაქტირება]

ერთი პრეცედენტია არქიგრამი, 1960-იან წლებში მოღვაწე ინგლისელ არქიტექტორთა ჯგუფი, რომელთაც პიტერ კუკიც ეკუთვნოდა. ისინი დაინტერესებული იყვნენ „გასაბერი“ არქიტექტურით, ასევე ფორმებით, რომელთა შექმნა პლასტმასისგან იქნებოდა შესაძლებელი. რონ ჰერონმა, ასევე არქიგრამის წევრმა, ბლობისმაგვარი არქიტექტურა შექმნა მის 1960-იანი წლების პროექტებში, როგორიცაა „მოსიარულე ქალაქი“ და „მყისიერი ქალაქი“, ისევე როგორც, მაიკლ ვებმა „სინ ცენტრში“. 1970-იან წლებში არქიტექტურაში ამ მიმდინარეობის ექსპერიმენტებმა იმატა შედარებით ფსიქოდელიურ ელფერში. ფრედერიკ კისლერის განუხორციელებელი „უსასრულო სახლი“ ბლობისმაგვარი არქიტექტურის კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, თუმცა ის გეგმით სიმეტრიულია და კომპიუტერების გარეშე დაპროექტდა.

ასევე გასათვალისწინებელია, თუ ბლობი ფორმის კუთხით იქნა განხილული ტექნოლოგიის ნაცვლად, ანტონიო გაუდის ორგანული პროექტები ბარსელონაში და ბრუნო ტაუტისა და ჰერმან ფინსტერლინის ექსპრესიონიზმი.

აგებული ნიმუშები[რედაქტირება]

მიუხედავად ვიწრო ინტერპრეტაციისა (კომპიუტერული დიზიანი) ბლობიტექტურა პოპულარულ ლექსიკაში საკმაოდ გავრცელდა და მოიცავს მრუდ და უჩვეულო ფორმის შენობებს, მათ შორის ფრენკ გერის გუგენჰაიმის მუზეუმს ბილბაოში (1997) და "ექსპერიენს მიუზიკ პროექტს" (2000). თუმცა ეს შენობები ვიწრო გაგებით ბლობს არ ეკუთვნის, მიუხიდავად იმისა, რომ ისინი კომპიუტერული დიზაინის პროგრამებით შეიქმნა (CATIA, ამ შემთხვევაში). ამის მიზეზი ის არის, რომ ეს შენობები ფიზიკური მოდელებისგან დაპროექტდა და არა კომპიუტერული მანიპულაციებით.

პირველი სრულიად ბლობ-შენობა აგებული იყო ნიდერლანდში ლარს სპუიბროეკისა და კას ოოსტერჰუისის მიერ. სახელწოდებით "წყლის პავილიონი" (1993-97), ეს არა მხოლოდ სრულიად კომპიუტერით დამუშავებული ფორმაა, არამედ მას ელექტრონული ინტერაქტიული ინტერიერი აქვს, რომელშიც ხმა და განათება მასში შესულ ადამიანზე რეაგირებს და ტრანსფორმაციას განიცდის.

შენობა, რომელიც ასევე შეიძლება განიხილოს, როგორც ბლობი, არის პიტერ კუკისა და კოლინ ფურნიეს "კუნსტჰაუზი" (2003) გრაცში, ავსტრია. სხვა ნიმუშებია როი მეისონის "ზანადუ ჰაუსი" (1979), ორგანიცისტი ბარტ პრინსის შენობები და ამ სფეროში ჰერცოგ და დე მერონის იშვიათი ექსკურსი "ალიანც არენას" სახით (2005). 2005 წლისთვის ნორმან ფოსტერიც იწყებს ბლობიტექტურით ცდებს მის ადამიანის ტვინის ფორმის ფილოლოგიის ბიბლიოთეკით ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და "სეიჯ გეიტსჰედის" შენობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Lynn, Greg. Folds, Bodies & Blobs : Collected Essays. La Lettre volée, 1998. ISBN
  • Muschamp, Herbert. The New York Times, Architecture's Claim on the Future: The Blob. July 23, 2000.
  • Safire, Wiliam. The New York Times: On Language. Defenestration. December 1, 2002.
  • Waters, John K. Blobitecture: Waveform Architecture and Digital Design. Rockport Publishers, 2003. ISBN