ბლაჟ კრალევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლაჟ კრალევიჩი
Blaž Kraljević
ხორვატთა უფლებების პარტიის ბოსნიის სამხედრო ფრთის მეთაური
მმართ. დასაწყისი: 3 იანვარი 1992
მმართ. დასასრული: 9 აგვისტო 1992
წინამორბედი: ანტე პარაჯიკი
მემკვიდრე: ანტე პრკაჩინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 სექტემბერი 1947
დაბ. ადგილი: სოფ. ლისიცე, ბოსნია და ჰერცეგოვინა,
იუგოსლავია
გარდ. თარიღი: 9 აგვისტო 1992
გარდ. ადგილი: კრუშევო,
ბოსნია და ჰერცეგოვინა
მეუღლე: ჯემილა კრალევიჩი
მამა: ნიკოლა კრალევიჩი
დედა: მარია კრალევიჩი
რელიგია: კათოლიციზმი
სამხედრო კარიერა
მეტსახელი: ერო (ხორ. Ero)
ეროვნება: ხორვატი
კუთვნილება: ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა
მოღვაწეობა: 1991–92
წოდება: გენერალ-მაიორი
მეთაურობდა: ხორვატთა თავდაცვის ძალები
ბრძოლები/ომები: ბოსნიის ომი
ჯილდოები: პეტარ ზრინსკისა და ფრან კრსტო ფრანკოპანის ორდენი[1]

ბლაჟ კრალევიჩი (ხორ. Blaž Kraljević) ცნობილი მეტსახელით ერო (ხორ. Ero; დ. 16 სექტემბერი, 1947, სოფ. ლისიცე, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა — გ. 9 აგვისტო, 1992, კრუშევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — ბოსნიელი ხორვატი საველე მეთაური და პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ხელმძღვანელობდა პრო-ბოსნიურ ხორვატთა თავდაცვის ძალებს ბოსნიის ომში.[2]

დაბადება და ემიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრალევიჩი 1947 წლის 16 სექტემბერს დაიბადა ლისიცეში, ბოსნიელი ხორვატების – ნიკოლა და მარია კრალევიჩების რვაშვილიან ოჯახში.[3] 1966 წელს იგი ახერხებს გერმანიაში, ხოლო 1967 წელს ავსტრალიაში გამგზავრებას. იქ იგი ხვდება სრეჩკო როვერს, ხორვატ ემიგრანტს, რომელიც მას აწევრიანებს ხორვატ ემიგრანტთა ორგანიზაციაში – ხორვატიის რევოლუციურ საძმოში.[4] რევოლუციური საძმო ესწრაფვოდა დამოუკიდებელი ხორვატიის აღდგენას, თუმცა განსხვავებით ხორვატიის განმათავისუფლებელი მოძრაობისგან, უფრო ნაკლებ იმედებს ამყარებდა საერთაშორისო საზოგადოებაზე და უფრო რადიკალური ზომების მომხრე იყო.
ავსტრალიაში კრალევიჩი რჩება იუგოსლავიის დაშლამდე, დაშლის პროცესების დაწყებისას კი ბრუნდება ხორვატიაში ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად.[5]

იუგოსლავიის დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუგოსლავიის დაშლის პარალელურად სერბები იწყებენ ზრუნვას იმისთვის, რომ უმცირესობაში არ დარჩნენ. ისინი აცხადებენ რამდენიმე ავტონომიურ რეგიონს ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიაზე, რომელთა საბოლოო მიზანი სერბეთთან გაერთიანება და დიდი სერბეთის შექმნა იყო. ფედერალური არმიისგან მიღებული ტექნიკის, იარაღისა და საჭურვლის დახმარებით კი სერბული ანკლავები სერიოზული სამხედრო ძალის მფლობელები ხდებიან.[6] 1991 წლის მარტში ბოსნიელ სერბთა პოლიტიკურ ორგანიზაციას, სერბთა დემოკრატიულ პარტიას ფედერალურმა არმიამ გადასცა 23 ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო სერბულ გასამხედროებულ დაჯგუფებებს 51 ათასი.[7]
ხორვატიის მთავრობას ასევე შემოჰქონდა კონტრაბანდული იარაღი ხორვატების შესაიარაღებლად ხორვატიაში, ხოლო როდესაც სერბებმა ბოსნიის ტერიტორიის გამოყენება დაიწყეს კრაინის მხარდასაჭერად, ხორვატიის მთავრობამ ბოსნიის ხორვატების შეიარაღებაც დაიწყო. 1991 წლის 25 მარტს ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი და სლობოდან მილოშევიჩი ხვდებიან ერთმანეთს კარაჯორჯევოს ნაკრძალში, სადაც საიდუმლოდ განიხილება ხორვატიისა და სერბეთის საზღვრების გადახედვა და ბოსნია–ჰერცეგოვინის განაწილება. ხორვატთა უფლებების პარტია ქმნის ხორვატთა თავდაცვის ძალებს, რომლებიც იწყებენ ფედერალური არმიის ყაზარმების ალყას ხორვატიაში.[8] ბოსნიაშიც ყალიბდება მათი ადგილობრივი უჯრედი, რომლებიც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მთავრობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პირობით, რომ ისინი იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ.[7]
1991 დეკემბერში ტუჯმანი საიდუმლოდ ატყობინებს ბოსნიელ ხორვატებს, რომ ბოსნიის სუვერენიტეტს პერსპექტივა არ გააჩნდა, თუმცა ჯერჯერობით მისთვის მხარდაჭერა ჯობდა სერბებზე ზეწოლის მოსახდენად,[7] იგივე პერიოდში ხორვატიაში იკრძალება უფლებების პარტია და ხორვატთა თავდაცვის ძალებს შლიან, რადგან ისინი ტუჯმანის მოლაპარაკებას სერბებთან არ ცნობენ და აგრძელებენ მოქმედებას იმ ზონებშიც, რომელიც მილოშევიჩ–ტუჯმანის შეთანხმების თანახმად სერბებს ეკუთვნოდათ.[8]
1992 წლის 3 იანვარს დობროსლავ პარაგა, უფლებების პარტიის ლიდერი ბოსნიაში სამხედრო ფრთის ლიდერად ნიშნავს კრალევიჩს. [9] კრალევიჩი ბოსნიის ერთიანობის მომხრე იყო და ეწინააღმდეგებოდა ხორვატ სეპარატისტთა მისწრაფებებს, ბოსნიის ხორვატულ ნაწილში შეექმნათ რესპუბლიკა, რომელსაც ბოსნიელებისგან გაწმენდდნენ და საბოლოოდ ხორვატიას შეუერთებდნენ. ეს კრალევიჩისთვის მიუღებელი იყო. ბოსნიის ომის დაწყებისას კრალევიჩმა განაცხადა[3]:

ვიკიციტატა
„მე აქ ვარ, რათა დავიცვა ეს ხალხი. მე გავაკეთებ ამას ან შევეწირები ამ საქმეს. ჩვენ არ ვართ კათოლიკური არმია, რადგან 30 თუ 40 პროცენტი ჩემი მეომრების მუსლიმია. ჩვენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის არმია ვართ. მე პირადად მესიამოვნება, ვიხილო ხორვატია დრინამდე, მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს აქ მცხოვრებმა ხალხმა, ბოსნიის ხალხმა, როცა ომი დასრულდება.
როგორც ხორვატთა უფლებების პარტიისა და ხორვატთა თავდაცვის ძალების წევრი, პირობას ვდებ, რომ ყველა ის, ვინც არ არის ექსტრემისტი და არ გაუსვრია ხელები სისხლში, შეუძლია დარჩეს და ჩვენ დავიცავთ მას – სერბი იქნება, ბოსნიელი თუ ხორვატი, ჩვენ დავიცავთ მათ უსამართლო ხელყოფისგან. ჩვენ ვდგავართ ხალხის ფარად.
რაც შეეხება საერთაშორისო შეხედულებებს ჩვენს შესახებ, საგარეო ინტერესებს, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ინტერესებს, ის ჩვენთვის უმნიშვნელოა, რადგან მე მხოლოდ აქ მცხოვრები ხალხის ბედი მაღელვებს“

ბოსნიის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6 აპრილს ბოსნიის ომის დაწყებისთანავე სერბებმა გამოიყენეს ფედერალური არმიისგან აღებული საჭურველი და დაიწყეს მათი რესპუბლიკის ტერიტორიული პრეტენზიების განხორციელება. 8 აპრილს ჩამოყალიბდა ხორვატთა თავდაცვის ვეჩე, გამოხატულად პრო–ხორვატული ორგანიზაცია, ხოლო 15 აპრილს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია, რომლის ორ მესამედს ბოსნიელები შეადგენდნენ, ერთ მესამედს კი სერბები და ხორვატები.[10]

გრაცის შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიის ხორვატთა ლიდერი მათე ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[11] კრალევიჩმა, ისევე როგორც ბოსნიელ ხორვატთა ლიდერების ნაწილმა (ტომისლავ დრეტარმა, სტეპან კლუიჩმა), უარყო ეს შეთანხმება და გამოაცხადა[5]:

ვიკიციტატა
„მოვუწოდებ ყველა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მცხოვრებს, განსაკუთრებით ხორვატებსა და ბოსნიელებს, არ მიიღონ მხედველობაში მათე ბობანისა და რადოვან კარაჯიჩის არანაირი განცხადება და შეთანხმება. ისინი არ წარმოადგენენ ხორვატებსა და ბოსნიელებს, არც მათ სურვილებს... ხორვატთა თავდაცვის ძალები და ბოსნიის ტერიტორიული თავდაცვა იცავენ და მომავალშიც დაიცავენ ბოსნიასა და ჰერცეგოვინას!“

ბოსნიელებისა და ხორვატების დაპირისპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად პრო–ბოსნიურ ხორვატ ლიდერთა მცდელობისა, ბოსნიის ხორვატთა ნაწილი ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას მიემხრო. მათი სამხედრო ძალა, ხორვატთა თავდაცვის ვეჩე, ბოსნიელი წევრებისგან გაწმინდეს, ხოლო იგი ჰერცეგ–ბოსნიის ტერიტორიაზე ერთადერთ ლეგალურ სამხედრო ძალად გამოცხადდა, რომელსაც იქ ყოფნის კანონიერი უფლება ჰქონდა.[7] დაიწყო დაპირისპირება ხორვატთა თავდაცვის ვეჩესა და ხორვატთა თავდაცვის ძალებს შორის, თუმცა თავდაცვის ძალებმა თავდაპირველად საკმაო წარმატებებს მიაღწიეს. მათ გაათავისუფლეს ჩაპლინა, ნეუმი, სტოლაჩი, მოსტარის დიდი ნაწილი. ივლისის ბოლოს ჩაპლინაში 700 ვეჩეს წევრი შეუერთდა თავდაცვის ძალებს. ვეჩე ასევე დატოვეს მებრძოლებმა ტომისლავგრადში, ლივნოში, მოსტარში.[12]
1992 ივლისში ხორვატთა თავდაცვის ძალებმა შეტევა წამოიწყეს ტრებინესა და ბილეჩზე. ეს ტერიტორია გრაცის შეთანხმებით სერბებს ეკუთვნოდათ, ხოლო ხორვატების შეტევა ამ სოფლებზე ამ შეთანხმებას ანულებდა. ხორვატიაში გადაწყვიტეს კრალევიჩის მოშორება.[13]

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 აგვისტოს დასაწყისში, ტრებინეს ოპერაციის შემდეგ ალია იზეთბეგოვიჩმა კრალევიჩი მიიწვია ბოსნიის რესპუბლიკის არმიის გენერალური შტაბის წევრად. მიწვევიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, კრალევიჩი მოლაპარაკებაზე მიიწვია ბობანმა. გზად სოფელ კრუშევოსთან ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს მებრძოლებმა მლადენ ნალეტინიჩის მეთაურობით მანქანებში ჩაცხრილეს მოლაპარაკებაზე მიმავალი კრალევიჩი და მისი რვა თანმხლები.[14]

სიკვდილის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლელობის შემდეგ კრალევიჩისა და მისი თანმხლებების ცხედრები სასწრაფოდ სპლიტში გადაასვენეს ვეჩეს მებრძოლებმა, თან განაცხადეს, რომ პირველი ცეცხლი სწორედ მათ გაუხსნეს თავდაცვის ვეჩეს წევრებს, როცა მათ მოთხოვეს შესამოწმებლად მანქანების გაჩერება. ხორვატული მედია ირწმუნებოდა, რომ კრალევიჩი იყო იუგოსლავიის სპეცსამსახურის აგენტი, რომელიც ავსტრალიიდან ბოსნიელ ხორვატთა ინტერესების დასაზარალებლად დააბრუნეს.[12] ხორვატთა თავდაცვის ძალები დაიშალა, მათი ნაწილი ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს შეუერთდა, ნაწილი კი ბოსნიის რესპუბლიკის არმიას. ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის დაპირისპირება უფრო გაღრმავდა და სრულმასშტაბიან ეთნიკურ წმენდებში გადავიდა.[8]
კრალევიჩის მემკვიდრე, ანტე პრკაჩინი მოგვიანებით ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს შეუერთდა, მაგრამ ბოსნიურ–ხორვატული თანამშრომლობა გააგრძელეს ტომისლავ დრეტარმა და მისმა მებრძოლებმა. თითქმის ორწლიანი კონფლიქტის შემდეგ, 1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ–ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის, რომელიც ასრულებდა ომს ბოსნიის ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის, ქმნიდა ფედერაციას, რომელიც ათ კანტონად იყო დაყოფილი. ჰერცეგ–ბოსნია, რომელიც არაღიარებულ წარმონაქმნს წარმოადგენდა, ნებაყოფლობით შედიოდა ბოსნიის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამ შეთანხმებამ დაასრულა ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის ომი სამხრეთ ბოსნიაში.[15]

1996 წელს, გოიკო შუშაკის ინიციატივით, ხორვატიის პრეზიდენტმა ტუჯმანმა კრალევიჩს სიკვდილის შემდეგ მიანიჭა პეტარ ზრინსკისა და ფრან კრსტო ფრანკოპანის ორდენი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Pušić, Dario (8 August 2011). „Hrvat digao ruku na hrvata pucanj u kraljevića je pucanj u hrvatsko zajedništvo“. Dnevni list (Serbo-Croatian).
  2. Hoare, Marko Attila (2004). How Bosnia Armed. London: Saqi Books. ISBN 978-0-86356-367-6. 
  3. 3.0 3.1 Bošnjak, Mladen (2007). Blaž Kraljević: pukovnik i pokojnik (Serbo-Croatian). Mostar: Radio Stari Most. ISBN 978-9958-9138-0-8. 
  4. Aarons, Mark (2001). War Criminals Welcome: Australia, A Sanctuary for Fugitive War Criminals Since 1945. Melbourne: Black Inc.. ISBN 978-1-86395-370-2. 
  5. 5.0 5.1 Moore, Adam (2013). Peacebuilding in Practice: Local Experience in Two Bosnian Towns. Ithaca: Cornell University Press. ISBN 978-0-8014-5199-7. 
  6. Lukic, Reneo; Lynch, Allen (1996) Europe from the Balkans to the Urals: The Disintegration of Yugoslavia and the Soviet Union. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-829200-5. 
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Ramet, Sabrina P. (2006). The Three Yugoslavias: State-Building and Legitimation, 1918–2005. Bloomington: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34656-8. 
  8. 8.0 8.1 8.2 Thomas, Nigel (2006). The Yugoslav Wars (2): Bosnia, Kosovo and Macedonia 1992 – 2001. New York: Osprey Publishing. ISBN 978-1-84176-964-6. [მკვდარი ბმული]
  9. (2002) Balkan Battlegrounds: A Military History of the Yugoslav Conflict, 1990–1995. Washington: Office of Russian and European Analysis, Central Intelligence Agency. ISBN 978-0-16-066472-4. 
  10. Tanner, Marcus (2001). Croatia: A Nation Forged in War. New Haven: Yale University Press. ISBN 978-0-300-09125-0. 
  11. [http://articles.latimes.com/1992-05-09/news/mn-1603_1_united-states Herzegovina Serbs, Croats Met Secretly to Split Bosnia] Los Angeles Times; May 09, 1992.
  12. 12.0 12.1 Peratović, Željko (12 May 2003). „Je li Tuta platio atentatorima po pet tisuća maraka“. Vjesnik (Serbo-Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი 2015.
  13. Serbs and Croats Now Join In Devouring Bosnia's Land The New York Times; October 22, 1992.
  14. RAT U RATU: (HRVATSKO-MUSLIMANSKI SUKOB) 1992. – 1995. Erich Rathfelde; 1998.
  15. Washington Agreement United States institute of peace.