ბიოგეოცენოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიოგეოცენოლოგია (ბერძნ. βίος — სიცოცხლე γῆ — მიწა, κοινός — საერთო და λόγος — მოძღვრება) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ურთიერთკავშირსა და ურთიერთქმედებას ბიოგეოცენოზსა და ბიოგეოსფეროში. ბიოგეოცენოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიზიკურ გეოგრაფიული მეცნიერების დარგებთან (ლანდშაფტმცოდნეობასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან, კლიმატოლოგიასთან); და ასევე ბიოცენოლოგიასთან და ბიოგეოქიმიასთან. ბიოგეოცენოლოგიის ფუძემდებელია რუსი მეცნიერი ვლადიმერ სუკაჩოვი, რომელმაც განსაზღვრა ბიოგეოცენოლოგიის ძირითადი დებულებები, მისი თეორიული და პრაქტიკული ამოცანები; დასახა ბიოგეოცენოლოგიური კვლევის პროგრამა და მიმართულებები (1940-ის შემდეგ). ბიოგეოცენოლოგიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს ვასილი დოკუჩაევის, გიორგი მოროზოვისა და ვლადიმერ ვერნადსკის შრომებმა.

ბიოგეოცენოლოგია იკვლევს ბიოგეოცენოზის კომპონენტების სტრუქტურას, თვისებებსა და ფუნქციებს, მათი ურთიერთკავშირის მექანიზმებს; ენერგიისა და ნივთიერების ნაკადს ბიოგეოცენოზში, აგრეთვე მისი კომპონენეტების როლს ბიოლოგიურ პროდუქტიოლობასა და ბიოგეოცენოზების მატერიალურ-ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში; ერთი კომპონენტის მიერ სხვა კომპონენტების მდგომარეობისა და თვისებების გარდაქმნას, ბიოგეოცენოზის მდგრადობასა და მისი მარეგულირებელი ფაქტორების მექანიზმებს, მეზობელი და დაშორებული ბიოგეოცენოზების ურთიერთკავშირსა და ურთიერთგავლენას.

ბიოგეოცენოლოგიის ამოცანების წარმატებით გადაწყვეტაზეა დამოკიდებული ბუნებრივი პროცესების მსვლელობაში ადამიანის მოქმედების შედეგთა პროგნოზირების სიზუსტე, ბიოგეოცენოზის კომპონენტების კავშირებისა და ურთიერთქმედების რეგულაცია მაღალი სამეურნეო ეფექტის მისაღებად, ბიოგეოსფეროს და მისი კომპონენტების მატერიალურ-ენერგეტიკული რესურსების სამეურნეო გამოყენების გზების შერჩევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 379.
  • Сукачев В. Н., Основы теории биогеоценологии, М.—Л., 1947;
  • Основы лесной биогеоценологии, под ред. В. Н. Сукачева н Н. В. Дылиса, М., 1964;
  • Программа и методика биогеоценологических исследований, под ред. В. Н. Сукачева и Н. В. Дылиса, М., 1966.