ბერნჰარდ ვარენიუსი
| ბერნჰარდ ვარენიუსი | |
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
ბერნჰარდ ვარენიუსი (გერმ. Bernhard Varen; ლათინიზებული Bernhardus Varenius; დ. 1622, ჰიტცაკერი, ქვემო საქსონია — გ. 1650 ლეიდენი, ნიდერლანდი) — გერმანელი გეოგრაფი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ბერნჰარდ ვარენიუსი დაიბადა ჩრდილოეთ გერმანიაში.
კენინგსბერგისა (1643–1645) და ლეიდენის (1645–1649) უნივერსიტეტებში სწავლობდა მათემატიკასა და მედიცინას. მედიკოსის ხარისხის მოპოვების შემდეგ დასახლდა ამსტერდამში, სადაც დაკავდა კერძო პრაქტიკით. ჰოლანდიაში ყოფნის დროს ვარენიუსის ყურადღება მიიპყრო დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, რომელიც სხვადასხვა დროს არაერთმა ჰოლანდიელმა ზღვაოსანმა განახორციელა. ვარენიუსი გეოგრაფიით ზედმიწევნით დაინტერესდა.
მან გამოსცა ორი წიგნი: 1649 წელს გამოიცა – „იაპონიის აღწერა“ (Descriptio Regni Japoniae), რომელშიც მოცემული ცნობები უმეტესად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დახასიათებას და აღწერილობას ეხება. თუმცა ეს ნაშრომი არა გეოგრაფიული, არამედ უფრო კულტურული და რელიგიური თემატიკითაა დატვირთული.
1650 წელს გამოდის ვარენიუსის საყოველთაოდ ცნობილი გეოგრაფიული წიგნი: „გენერალური გეოგრაფია“ („Geographia Generalis“). აღნიშნული წიგნი კაპიტალური ნაშრომია, რომელშიც შეჯამებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მეცნიერული ცოდნა, განხილულია დედამიწის ხმელეთის ზედაპირის, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ძირითადი თავისებურებანი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ე.წ. „მათემატიკურ გეოგრაფიას“, სადაც ყურადღება ეთმობა დედამიწის ზედაპირის ამა თუ იმ მანძილების დაშორებას, რუკების აგებულებას, კოორდინატების ფიქსირებას ნავიგაციური სამუშაოების შესრულებისათვის და სხვ.
„გენერალური გეოგრაფია“ დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მთავარ სამეცნიერო ნაშრომად ფიზიკურ გეოგრაფიაში. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომში პირველად იყო გამოყოფილი სამხრეთის ოკეანე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, პირობითად ოკეანედ რჩებოდა, რამეთუ მას არ ჰქონდა მკვეთრად გამოყოფილი საზღვრები მოსაზღვრე ოკეანეებთან. განსაკუთრებით XVIII საუკუნეში „გენერალური გეოგრაფია“ არაერთხელ იყო თარგმნილი სხვადასხვა ენებზე.
ვარენიუსი დედამიწას განიხილავდა როგორც ადამიანთა საცხოვრებელ სახლს, თანაც ცდილობდა რაც შეიძლება მაქსიმალურად და მეცნიერულად აეღწერა იგი, რაც მან ჩინებულად შეასრულა, დიდი გეოგრაფიული ნაშრომის – „გენერალური გეოგრაფია“-ს სახით.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ბერნჰარდ ვარენიუსი – ბრიტანიკა (ინგლისური)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Siegmund Günther: Varenius. (= Klassiker der Naturwissenschaften; 4). Thomas, Leipzig 1905.