ბერნარდ ბოლცანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერნარდ ბოლცანო

ბოლცანო, ბერნარდ (დ. 5 ოქტომბერი, 1781, პრაღა — გ. 18 დეკემბერი, 1848, პრაღა) — ჩეხი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი.

1805—1820 წლებში ხელმძღვანელობდა პრაღის უნივერსიტეტის რელიგიის ისტორიის კათედრას, 1805 წლიდან სამეცნიერო სამეფო ჩეხური საზოგადოების წევრი და იმავე უნივერსიტეტის ფილოსოფიიის ფაკულტეტის დეკანი იყო. 1820 წელს თავისუფლად მოაზროვნე ბოლცანო დაითხოვეს უნივერსიტეტიდან. ბოლცანოს აზრით „ფილოსოფია არის მეცნიერება ყველა ჭეშმარიტების ობიექტური კავშირის“, მათი საფუძვლების შესახებ. ფილოსოფიის ამოცანაა „გაგვხადოს მართლაცდა ბრძენნი და კეთილნი“. ბოლცანომ შექმნა პლატონისტური ანტიფსიგოლოგისტური თეორია „ჭეშმარიტებისა თავისთავად“, რომლის თანახმად ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მსჯელობის აქტი და მასში გამოსახული „დებულება თავისთავადი“. დებულებისათვის (რომ რაიმე არის ან არ არის) სულერთია ჭეშმარიტია ის თუ არა, გამოთქვა იგი ვინმემ თუ არა. „დებულება თავისთავადი“ არსებობს, ოღონდ არსებობს არა როგორც ნივთი ან პროცესი, არამედ როგორც ნაგულისხმევი, იდეალური. „ჭეშმარიტება თავისთავად“ არის „დებულება თავისთავადი“, რომელიც დაადგენს ვითარებას ისე, როგორც ის არის. მაგალითად: ფოთლების რიცხვი ამა თუ იმ ხეზე იმდენია, რამდენიცაა, მიუხედავად იმისა, იცის ეს ვინმემ თუ არა. გარკვეულობა ასეთი ვითარებისა სუფევს როგორც საზრისი, თუმცა არ არსებობს როგორც ნივთი. სამყარო „ჭეშმარიტებებისა თავისთავად“ მოწესრიგებულია გამომდინარეობის ლოგიკური მიმართებით. „ჭეშმარიტებებში თავისთავადი“ უპირველესია ზნეობრივი კანონი — „ამოირჩიე ყველა მოქმედებიდან მისი ყველა შედეგის გათვალისწინებით ის, რაც ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს კეთილდღეობას მთელისას, სულერთია მის რომელ ნაწილში“. დროის ლოგიკის მეშვეობით ბოლცანომ დაასაბუთა წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონის ჰეგელისეული კრიტიკის უსაფუძვლობა, პირველმა ჩამოაყალიბა ზუსტი ლოგიკური ცნებები პროპოზიციური ფუნქციისა, მისი შესრულებადობისა და ზოგადმართებულობისა და სემანტიკური გამომდინარეობისა. ცნობილია ბოლცანოს მათემატიკური გამოკვლევები. კარლ ვაიერშტრასზე 30 წლით ადრე მან ააგო უწყვეტი წირი, რომელსაც არც ერთ წერტილში არა აქვს მხები. ბოლცანომ პირველმა მკაცრად დაამტკიცა ძირითადი თეორემები უწყვეტი ფუნქციების შესახებ. ბოლცანო მიიჩნევს რა აქტუალურ უსასრულობას ფუნდამენტურ იდეად გეორგ კანტორის წინამორბედად გვევლინება უსასრულო სიმრავლეთა კვლევაში.