აკაკი ბელიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბელიაშვილი, აკაკი)
აკაკი ბელიაშვილი
დაბადების თარიღი 11 (24) აპრილი, 1903
დაბადების ადგილი ქორეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 თებერვალი, 1961(1961-02-14) (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და სცენარისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ჟანრი რომანი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

აკაკი იონას ძე ბელიაშვილი (დ. 24 აპრილი [ ძვ. სტ. 11 აპრილი], 1903, სოფელი ქორეთი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 14 თებერვალი, 1961, თბილისი) — ქართველი მწერალი, კინო სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ბელიაშვილი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე. თავის ნაწარმოებებში (მოთხრობათა კრებულები: 1933, 1935, 1937) ბელიაშვილი ქართველი ხალხის ყოფასა და შრომას წარმოსახავს; სატირულ-იუმორისტულ მოთხრობებში „მეზობლები“ (1935), „უცნობი“ (1936), „ქსენოფონტეს გასაჭირი“ (1936), „იუსტინეს ხაფანგი“ (1938), „მამონას ცდუნება“ (1940) და სხვა, მწერალი ამხელს წარსულის გადმონაშთებს, დასცინის მავნე ჩვევებს, მომხვეჭელობასა და მეშჩანობას. ბელიაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია სამტომიანი ისტორიული რომანი "თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა" (1945-1948), რომელშიც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადო-პოლიტიკური ცხოვრება. რომანში „ოქროს ჩარდახი“ (წგნ. I, 1952) კვლავ ბესიკის თავგადასავალია გადმოცემული, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენათა ფონზე. დიდ სამამულო ომს ეძღვნება რომანი „უღელტეხილი“ (1956). რომანში „ვეფხია ხალიბაური“ (ნაწ. 1-2, 1959-1960) ბელიაშვილი ასახავს ქართველ მეტალურგთა შრომასა და ყოფას. ახალგაზრდობის შრომა დაედო საფუძვლად დაუმთავრებელ რომანს "შვიდკაცა" (1960).

ბელიაშვილი კინოდრამატურგიც იყო, მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: „ცანის ხეობის საუნჯე“ (1941), „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (1954) და სხვა. მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებიც. დაჯილდოებულია ორი ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — თინათინ მიხეილის ასული გამყრელიძე (დ. 17 ნოემბერი, 1907, სოფელი ზოდი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 14 დეკემბერი, 1961, თბილისი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რადიანი შ., თანამედროვენი, თბ., 1959;
  • ჯიბუტი ვ., თანამედროვენი, თბ., 1969;
  • გვერდწითელი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 285.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 81, თბ., 1994