ბედი ქართლისა (ჟურნალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბედი ქართლისა“, „რევიუ დე კარტველოლოჟი“ („Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie“) ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალი. დაარსდა 1948 წელს პარიზში. 1958 წლამდე გამოდიოდა ქართულ ენაზე. ამ წლიდან სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყოველწლიურად გამოდიოდა ჟურნალის ერთი ან ორი გაერთიანებული ტომი (1983 წელს გამოვიდა ბოლო, - 41-ე ტომი). 1985 წლიდან განახლდა ჟურნალის გამოცემა ახალი სახელწოდებით („Revue des Etudes Georgiennes et Caucasiennes“). მისი რედაქტორი იყო აკადემიკოსი ჟ. დიუმეზილი. ამჟამად მას სათავეში უდგას ჩვენი თანამემამულე, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი გ. შარაშიძე.

ჟურნალი გამოდიოდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის დახმარებით. „ბედი ქართლისამ“ თავის გარშემო შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები; „ბედი ქართლისაში“ იბეჭდებოდა აგრეთვე ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოეთკავკასიელი საბჭოთა მეცნიერების სტატიები. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. დამაარსებელი ნ. სალია (ქურციკაშვილი), დირექტორ-რედაქტორი - პროფ. კ. სალია, მდივანი - გ. გოგოლაშვილი. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოში, რომლის თავმჯდომარე იყო კ. სალია, შედიოდნენ: ი. ასფალგი (მიუნხენი), ჟ. დიუმეზილი (პარიზი), რ. ლაფონი (ბორდო), დ. ლენგი (ლონდონი), ი. მელიქოვი (სტრასბურგი), შ. მერსიე (პარიზი), ი. მოლიტორი (ბამბერგი), ბ. უტიე (საბლე-სიურ-სართი), კ. პარი (პარიზი), გ. პეჩი (იენა), კ. ჰ. შმიდტი (ბონი), მ. ვან ესბროკი (ბრიუსელი), ჰ. ფოგტი (ოსლო), მ. წერეთელი (მიუნხენი).

1985 წელს ჟურნალის გამოცემა განახლდა ახალი ფორმატითა და სახელწოდებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ტაბაღუა ი., ქსე, ტ. 2, გვ. 266, თბ. 1977
  • ტაბაღუა ი. ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 390, თბ. 1997