ბედიის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბედიის ტაძარი
ბედიის ტაძარი. კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატი

ბედიის მონასტერიX საუკუნის ქართული მონასტერი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ).

ისტორია[რედაქტირება]

ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და შექმნა "საყდრად საეპისკოპოსოდ".

ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.

ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის - ანტონ ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება.

ბედიის მონასტერი(ტაძარი) – რუსულენოვანი ბროშურიდან «О Бедийском Храме» (სოხუმი, 1912/1913 წწ.)


ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების განმავლობაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სვიმეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.

მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის მონასტერში დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი-დედოფალი გურანდუხტი.

არქიტექტურა[რედაქტირება]

გადარჩენილი ორნამენტული ფრაგმენტების მიხედვით იგი თავდაპირველად X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო გვერდის ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებზე. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ნიშია. ფასადები კარგად გათლილი ქვითაა მოპირკეთებული. შიგნით წყობა უხეშია, ეტყობა, იმთავითვე იყო კედლების მოხატვა გათვალისწინებული. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ქტიტორი - ბაგრატ III (ეკლესიის მოდელით ხელში) და დადიანთა გვარის წარმომადგენლები, ალბათ, ადგილობრივი ფეოდალის ოჯახი. მოხატულობა სხვადასხვა ქრონოლოგიურ ფენას განეკუთვნება - XIII-XIV საუკუნეებს და უფრო გვიანდელ ხანას (ზოგი მკვლევრის აზრით, XI საუკუნის ფენაც შეინიშნება), მონასტრის დასავლეთ მხარეს საკმაოდ დიდი სასახლეა, ხოლო ჩრდილოეთი შესასვლელი კარის თავზე XIV საუკუნის სამრეკლო.

დღევანდელი მდგომარეობა[რედაქტირება]

ბედიის ბარძიმი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

2010 წლის 18 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა 9 საათიანის "კურიერი"–ს პირველივე სიუჟეტი მიუძღვნა ბედიის მონასტრის დღევანდელ მდგომარეობას. ტელეკომპანიის თქმით, მონასტერში დაწყებულია "სარესტავრაციო სამუშაოები", რომელიც ძეგლისთვის შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. აფხაზეთის ტელევიზიით – "Абаза", გადაცემული ვიდეო–კადრებიდან ჩანს, რომ გადაღებილია მონასტრის კედლები და ისტორიული ფრესკები – ბაგრატ III–ს გამოსახულება. ტელეკომენტატორის სიტყვებით, ეს ფაქტი სეპარატისტების მხრიდან ბედიაში ქართული კვალის წაშლას ემსახურება. კადრებიდან ისიც ჩანს, თუ როგორ აკურთხებს ტაძარში სეპარატისტების ცეცხლსასროლ იარაღს უკანონო "აფხაზეთის ეკლესიის" თვითგამოცხადებული მეთაური ბესარიონ აპლია, დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრ სერგეი შამბას თანდასწრებით. შამბა იქვე მიცემულ ინტერვიუში ამბობს: "ჩვენი ამოცანა ამ მონასტრის აღდგენაა და ეს უბრალო საქმე არ არის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ამ მონასტერს "ბარბაროსებისგან" (ე. ი. ქართველებისგან) იცავდა".

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტები განმარტავენ, რომ არასწორი რესტავრაცია ტაძრის უნიკალურ სახეს, უნიკალურ ორნამენტებსა და კედლებზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ფრესკებს გაანადგურებს. უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე თვლის, რომ ე. წ. "რესტავრაცია" არის იარაღი იმ ქართული კვალის წასაშლელად, რომელიც მძლავრად ჩანს ამ ბრწყინვალე ქართულ ძეგლზე. მისივე თქმით, აღნიშნული "რესტავრაცია" გამოიწვევს სრულიად შეუქცევად პროცესებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ასევე ყურადღება გაამახვილეს ვენის კონვენციის დარღვევაზე. ამ საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული და კულტურული ძეგლები ხელშეუხებელია. სპეციალისტები ტაძრის აღდგენის პროცესში ქართველი რესტავრატორების ჩართვას ითხოვენ.

საქართველოს კულტურის სამინისტროში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბედიის მონასტრის აღდგენას ისტორიული ძეგლის მითვისების მცდელობად აფასებენ. ძეგლის აღდგენა კოლოსალურ თანხებს ითხოვს და არასწორი რესტავრაცია მას უფრო მეტ ზიანს მოუტანს, რადგან მათ არც შესაბამისი ფინანსები გააჩნიათ. კულტურის მინისტრის მოადგილემ, დავით ცხადაძემ ბედიის ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა, როგორც სავალალო.[1]

2011 წლის ოქტომბერში მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შემდეგ რუსული რესტავრაცია ბედიის მონასტერსაც ემუქრება. სარესტავრაციო სამუშაოებს ქალაქ ვლადიმირიდან კომპანი "Тектоник"-ი ჩაატარებს.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]