ბედა ღირსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბედა ღირსი შუა საუკუნეების ხელნაწერზე
De natura rerum, 1529

ბედა ღირსი (დ. 672 — გ. 735) — პირველი ინგლისელი ისტორიკოსი. ნორთუმბრიის წმინდა პეტრეს ტაძრის ბენედიქტელი ბერი. მისი მთავარი ნაშრომია „ინგლისელი ერის (ანგლების) საეკლესიო ისტორია“, რის გამოც მას უწოდეს „ინგლისის ისტორიის მამა“[1][2].

წოდება „ღირსი“ მიიღო გარდაცვალებიდან მალევე. 1899 წელს რომის პაპის ლეო XIII-ის მიერ კათოლიკე წმინდანად იქნა აღიარებული[3], ხოლო 1978 წელს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სუროჟის ეპარქიამ ადგილობრივი მნიშვნელობის მართლმადიდებელ წმინდანად შერაცხა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედა დაიბადა 673 წელს. მისი წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ იგი გლეხის ოჯახიდან იყო. შვიდი წლის ასაკში ის წავიდა უირმუტის მონასტერში სასწავლებლად აბატ ბენედიქტ ბისკოპთან. შემდეგ მას ასწავლიდა ბერი კეოლფრიტი, რომელმაც 681 წელს დააარსა იაროუს მონასტერი, სადაც ბედა გადავიდა. რამდენიმე წყაროს ცნობით, 19 წლისა ჭირის ეპიდემიის შემდეგ გახდა დიაკვანი, 702 წელს მღვდელი, ეს ყველაფერი |ეპისკოპოს ხაკსემა იოანეს ხელშეწყობით მოხდა. ამ დროიდან იწყება ბედას სამწერლო შემოქმედება, რომელიც შედგა ახალი და ძველი აღთქმის გარჩევისას. მას ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომლიდანაც სწავლობდა არა მარტო საეკლესიო ნაშრომებს, არამედ სამეცნიერო ნაშრომებს და ანტიკურ პოეზიას. ბედა გაცხოველებულად სწავლობდა ქრონოლოგიას და ისტორიას, ფილოსოფიურად იაზრებდა მის ხელთ არსებულ ფაქტებს. ამან გამოხატულება ჰპოვა მის გატაცებაში ეკზევეტიკით, რაც თან სდევდა მის პირუთვნელ ისტორიულ ანალიზს. ბედა ქმნიდა პოეტურ ნაწარმოებს, როგორც ლათინურად ისე მშობლიურ ენაზე, თუმცა ამ საგანძურიდან შემორჩენილია მხოლოდ ლათინური ჰიმნი დედოფალ ეტელფრიტეზე და ანგლოსაქსონური „სიკვდილისწინა სიმღერა“. მისი ლათინური ენა, თანამედროვესთან შედარებით გამოირჩეოდა კარგი სტილით და ასევე სიმარტივით. ბედამ შეისწავლა ბევრი ხელობა, კარგად მღეროდა და მიუხედავად მეცნიერებით ღრმა გატაცებისა, ფართოდ მონაწილეობდა ინგლისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ავადმყოფობისას მან დაამთავრა იოანეს სახარების თარგმნა ანგლოსაქსონურ ენაზე, რომელიც მისმა მოსწავლეებმა ჩაიწერეს. მისი ბიოგრაფი კუტბერტუს თანახმად, წმინდანის ბოლო თხზულება – წინასასიკვდილო სიმღერა ბედასი ძველ ინგლისურ ენაზეა. იგი გარდაიცვალა 735 წლის 25 მაისს, მაგრამ დაკრძალეს 27 მაისს (ვინაიდან იგი დაიღუპა ქრისტიანულ დღესასწაულზე, ამაღლებას, რომელ დღესაც არ შეიძლებოდა მიცვალებულთა დაკრძალვა) იაროუს მონასტერში, საბოლოოდ მისი ნეშთი გადაიტანეს დარემის ტაძარში.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედამ დაწერა მისი დროისათვის ძალიან ბევრი ფასეული კომენტარი წმინდა წერილის შესახებ, ამის გარდა ქადაგებაზე, ზოგიერთი წმინდანის ცხოვრებაზე, ჰიმნები, ეპიგრამები, თხზულებები ქრონოლოგიასა და გრამატიკაზე. მისი თხზულებების სრული კრებული გამოიცა პარიზში (1544 და 1554), ბაზელში (1563) და კიოლნში (1612 და 1688). მისი მთავარი თხზულებაა მიუკერძოებლად გადამუშავებული ძველი ხელნაწერი „Historia ecclesiastica gentis Anglorum“ 5 წიგნად, რომელიც გადათარგმნა ალფრედ დიდმა ანგლოსაქსონურ ენაზე, 731 წლამდე რჩება უძველესი ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ. ბედა გულმოდგინედ და კრიტიკული მეთოდით არჩევდა წყაროებს თავისი ისტორიისათვის. ქრონოლოგიისთვის მნიშვნელოვანია ბედას თხზულება „De sex aetatibus mundi“, რომელშიც პირველადაა შეტანილი დიონისე მცირეს წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებამდე და დაბადების შემდეგ, რომელიც შეტანილია შუა საუკუნეების მატიანეებში. ტრაქტატებში „დროის შესახებ“ და „დროის ათვლის შესახებ“ მოცემულია მეცნიერული მეთოდი დროის გამოთვლის შესახებ, მოცემულია ზღვის მოქცევასა და მთვარის ფაზას შორის დამოკიდებულების აღწერა, ასევე „მეცნიერების ფუნდამენტალური მდგომარეობა ბუნებაზე“. მან ასევე შეიტანა ცვლილებები ვულგატაში და მისი ვერსია ოფიციალურად გამოიყენებოდა კათოლიკური ეკლესიის მიერ, ახალი ვულგატას გამოჩენამდე, 1979 წლამდე. ბედამ შეცვალა თანავარსკვლავედის, ზოდიაქოს ნიშნების, წმინდანების და მოციქულების სახელები. ასევე მოიგონა სამი მოგვის სახელი, რომლებმაც მოინახულეს ყრმა იესო - კარპარი, ბალთაზარი და მელხიორი, ასევე მისცა მათ სამშობლო და აღწერილობა. ბიბლიაში არ არის მოხსენიებული მოგვების სახელები და რაოდენობა, თუმცა ბედას წყალობით ისინი გახდნენ ქრისტიანული ტრადიციის ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიღურაძე ნ., სანიკიძე გ., გორდეზიანი ლ., ოთხმეზური გ., ფირცხალავა ლ., ისტორია (მოსწავლის წიგნი), თბ., 2012

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Фокин А. Р. Беда Достопочтенный // მართლმადიდებლური ენციკლოპედია. — Т. 4. — С. 426-432.
  2. Зверева В. В. «„Новое солнце на Западе“. Беда Достопочтенный и его время». — СПб.: Алетейя, 2008. — С. 6.
  3. Беда Достопочтенный. Церковная история народа англов. / Пер.: В. В. Эрлихман. — СПб.: Алетейя, 2001