ბეგოშვილების ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეგოშვილების ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
აღდგენის წელი XVI საუკენე
ბეგოშვილების ციხე — საქართველო
ბეგოშვილების ციხე

ბეგოშვილების ციხე, უჩხოს ციხე — XII-XIII საუკენეების შუაფეოდალური ხანის ციხე, მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, უჩხოსწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ციხეყელის სერზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერის სიგანე 5-6 მეტრი, ხოლო სიგრძე 25.5 მეტრია. სერი შემოსაზღვრული ყოფილა გალავანით. ამჟამად შემორჩენილია გალავნის ერთი ნაწილი. ციხეს ერთი კოშკი აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კოშკი ოთკუთხა ფორმისაა. მისი აღმოსავლეთი მხარე მომრგვალებულია. კოშკს დიდი დაზიანება განუცდია. მისი კედლების ერთ ერთი ნაწილი გარეთ გადმონგრეულა, ხოლო მეორე ნაწილი შიგნით ჩაქცეულა და ამოუვსია კოშკი. მოღწეული კედლის სიმაღლე გარედან 5,50 მეტრია, ხოლო სისქე — 1 მ-დან 1,20 მ-დე მერყეობს.

კოშკის ფართობი 24 მ²-დეა. კოშკის აღმოსავლეთ კედელში დატანებულია ორი გაურკვეველი დანიშნულების ხვრელი, რომელიც გარედან შიგნით თანდათან ვიწროვდება. მათი ზომებია 0,50x0,26 მ (გარედან მარცხენასი) და 0,45-0,35 მ (მარჯვენასი). მათ შორის დაშორება 0,50 მეტრია. ხვრელები დატანებულია 2,54 მეტრ სიმაღლეზე.

გალავნის კედელი სამხრეთით სრულად აღარ ეტყობა. გადმოცემით, გალავნის ეს მხარე ნაწილობრივ თავისთავად დანგრეულა, ხოლო ნაწილობრივ ციხის ძირში მცხოვრებ მოსახლეობას დაუნგრევია მოსალოდნელი საფრთხის შიშით. გალავნის კედელი შემორჩენილია ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში. დასავლეთ კედლის სიმაღლეა 3,75 მ, სიგანე — 4.22 მ, სისქე 0,88-1 მეტრამდე. გალავნის ამ ნაწილში დატანებულია სათოფური. მისი ზომებია (გარედან) 0,52x0,34 მმ. სათოფურის დაშორება მიწიდან 3,17 მ-ია. ჩრდილოეთის კედელი დასავლეთის მხრიდან ჯერ სწორხაზოვნად მიემართება (4,32 მ), შემდეგ მიიხრება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და ისევ სწორხაზოვნად გრძელდება (11 მ).

ციხე ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის ხსნარზე. ხუროთმოძღვარი ცდილობს დაიცვას რიგების ჰორიზონტალურობა, მაგრამ ფლეთილი ქვა არ აძლევს ამის საშუალებას. ქვების წყობის მიხედვით ბეგოშვილების ციხე ერთგვარ გარდამავალ საფეხურს ქმნის ერთის მხრივ სწორხაზოვნად ნაგებ თამარის ციხესა (ქ. ბათუმი) და მეორეს მხრივ უსწორმასწორო წყობით ნაგებ ოქროპილაურის ყალაბოინს შორის.

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ სწორხაზოვანი რიგები შედარებით უკეთაა დაცული ჩრდილოეთის კედლის ზემოხსენებულ 11 მეტრიან მონაკვეთზე. შესაძლოა აღნიშნული კედელი უფრო ადრინდელი იყოს. ამას ისიც ადასტურებს რომ აღნიშნული კედელი უფრო დიდი ქვებითაა ნაგები და ამავ დროს ამ ნაწილში კედლის გახრა გაუმართლებელია არქიტექტურულადაც. მომდევნო კედლის ქვების სიმცირე და წყობის შედარებით უსწორობა მის მერმინდელობაზე მიგვითითებს. სავარაუდოდ განახლება XVI საუკუნის უადრესამდე არ უნდა მომხდარიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიხარულიძე ი., აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 1962