ბაცბური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაცბური ენა
ბაცბა
გავრცელებულია საქართველოს დროშა საქართველო, კახეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 3000[საჭიროებს წყაროს მითითებას]
ოფიციალური სტატუსი -
ლინგვისტური კლასიფიკაცია იბერო-კავკასიური ენები
დაღესტნური ოჯახი
ნახური შტო
დამწერლობის სისტემა უმწერლობო
ენის კოდები ISO 639-1: -
ISO 639-2: -
ISO 639-3: bbl

ბაცბური ენა, წოვათუშური ენა, კავკასიურ ენათა ნახური ჯგუფის უმწერლობო ენა. მასზე ლაპარაკობენ საქართველოში ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანის მცხოვრები წოვა-თუშები, დაახლოებით 3 ათასი კაცი. ქართულად უწოდებენ თუშურსაც, რაც აისახა სამეცნიერო ლიტერატურაშიც. საგრძნობია განსხვავება მოხუცებისა და ახალგაზრდების მეტყველებას შორის, შეინიშნება მცირე სხვაობა სოფლის სხვადასხვა უბანში.

ბაცბური ენის ხმოვანთა სისტემა რთულია. გარდა ხუთი ხმოვნისა (ა, ე, ი, ო, უ), გამოიყოფა მეორეული, მაგრამ ფონემატური მნიშვნელობის მოკლე და ნაზალური ხმოვნები. არის გრძელი ხმოვნები და დიფთონგები. თანხმოვანთაგან სპეციფიკური ფონემია ლატერალი, ლარინგალი, რამდენიმე ფარინგალი და ზოგიერთი გემინატი.

ბაცბური ენაში გამოიყოფა 4 გრამატიკის კლასის ნიშანი: ვ-, ბ-, ჲ-, დ-. არსებით სახელთა დაყოფა გრამატიკის კლასებად მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის მიხედვით 8 ჯგუფს აღწევს. გრამატიკის კლასის პრეფიქსები წარმოდგენილია ზმნასა და ზედსართავში, ნაცვალსახელში «ყველა» და რიცხვით სახელში «ოთხი». სახელთა სისტემა რთულია. ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი, მიცემითი. ნივთთა კლასში ერგატივი ემთხვევა მოქმედებითს, ადამიანთა კლასში კი იმთავითვე გარჩეულია. ადგილობრივი ბრუნვებია ლოკატივი და რამდენიმე მიმართულებითი. არის ერთ- და ორთანდებულიანი ფორმები. ზოგი ბრუნვის ნიშანი და თანდებული სიტყვაწარმოების აფიქსადაც გამოიყენება. ბრუნება ორფუძიანია; ჯგუფები გამოიყოფა ფონეტიკურ-მორფოლიგიური ნიშნის მიხედვით. ზმნა მდიდარია დრო-კილოთა ფორმებით. უღვლილება კლასოვან-პიროვანია. პიროვანი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა. გრამატიკის კლასით გადმოცემულია გარდაუვალი ზმნის სუბიექტი და გარდამავალის ობიექტი. პირის ნაცვალსახელთაგან მომდინარე პირის ნიშნებით ჩვეულებრივ აღინიშნება სუბიექტი, იშვიათად - ობიექტი. ზმნის უძველესი კატეგორიაა ასპექტი. მას ემყარება დროთა წარმოება. გარდამავლობა გარჩეულია სინტაქსურად. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის, გარდაუვალი - ნომინატიურს. სპეციფიკური კონსტრუქციის მარტივი წინადადების პარალელურად ქართული ენის გავლენით ბაცბური ენაში ჩნდება რთული წინადადება სათანადო ახალი კავშირებით.

ბაცბურ ენაში დიდი რაოდენობითაა შესული ქართულიდან ნასესხები სიტყვები. მკაფიოდ გამოხატული სესხების წესები ჩამოყალიბებულია ბაცბური ენის ლინგვისტური მოდელის მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება]