ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა
სისტემის რუკა
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა
მონაცემები
რეგიონი
მშენებლობის თარიღები 2007-2017
ლიანდი 1 520 - 1 435 მმ
სიგრძე 826 კმ
ვებ-საიტი mkrailway.ge

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ან ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზარეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. თავდაპირველად პროექტის დამთავრება 2010 წლისთვის იგეგმებოდა,[1] მაგრამ შემდგომ — 2013 წლამდე გადაიდო.[2] 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა, ზია მამადოვმა განაცხადა, რომ პროექტი 2015 წლის მეორე ნახევრამდე ვერ დასრულდებოდა[3] და ახალი სამგზავრო მატარებლები 2016/17 წლამდე ვერ გაივლიდნენ.[4]

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რკინიგზის მეშვეობით ენერგოკორიდორის შესაქმნელად შენდება, რომელსაც რესურსებით ძირითადად აზერბაიჯანი მოამარაგებს. ამის გარდა, თურქეთიდან დსთ-ის მიმართულებით მიმავალი გადაზიდვებიც სწორედ ამ ხაზზე გადმოინაცვლებს. აგრეთვე, იმის გამო, რომ ამჟამინდელი გადაზიდვები ირანის მიმართულებით ხანგრძლივ შეყოვნებებს განიცდიან ვანის ტბასთან და ირანის სასაზღვრო ქალაქ სარახსთან, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის შემდეგ ამ მიმართულებიდანაც მიიზადავს დამატებით ტვირთებს. დასაწყისისთვის ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ისახავენ მიზნად.[5]

2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა,[6] ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.[7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს დაიწყო საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შექმნის თაობაზე, 1996 წლის 4 აპრილს თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ იქნა დეკლარაცია თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის მშენებლობისა და დაპროექტების შესახებ. 2005 წლის იანვარში ხელმოწერილ იქნა ახალი ხელშეკრულება, რომლის დაფინანსებაზე ევროკავშირმა და აშშ-მა უარი განაცხადეს[8].

პროექტის განხორციელება დაიწყო 2007 წლის 7 იანვრიდან სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამივე ქვეყნის პირველმა პირებმა - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. რკინიგზის მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გადაიწია ფინანსური, რელიეფური და პოლიტიკური სიძნელეების გამო[9].

პროექტის საერთო ღირებულება 600 მილიონი ამერიკური დოლარია. თავდაპირველად მისი ღირებულება შეადგენდა 422 მილიონ დოლარს. აქედან 202 მილიონი გამოყოფილი იყო საქართველოს მონაკვეთისათვის, ხოლო 220 მილიონი კი თურქული მხარისთვის. აზერბაიჯანმა საქართველოს გამოუყო თანხა 25 წლიანი კრედიტის სახით, რათა ამ უკანასკნელმა თავის ტერიტორიაზე განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები[10].

მოცემული პროექტი აერთიანებს სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო გზებს ევროპასთან თურქეთის გავლით.  ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროება აღარ იარსებებს. მოცემული მაგისტრალი შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიიდან ევროპისკენ. პერსპექტივაში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი[11]. სხვანაირად ამ პროექტს „აბრეშუმის გზადაც" მოიხსენიებენ[12].

რკინიგზის გახნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწლეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა- ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე უზბეკეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა - აბდულა არიპოვმა და ბაკიტჟან საგინტაევმა[13]. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა რკინიგზის გახსნა და უწოდა მას სატრანსპორტო კავშირების მთავარი ელემენტი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ცენტრალურ აზიასთან[14].ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე შეადგენს 826 კილომეტრს. საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის[15].

ასევე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Kars - Tbilisi agreement“. Railway Gazette International. February 2007.
  2. Azerbaijani Vice Prime Minister Abid Sharifov
  3. Railway to link Kars, Tbilisi, Baku in 2015, BAKU - Anadolu Agency, http://www.hurriyetdailynews.com/railway--to-link-kars-tbilisi-baku-in-2015.aspx?pageID=238&nID=62885&NewsCatID=345
  4. Stadler signs Baku – Tbilisi – Kars sleeping car contract, 12 Jun 2014, Railway Gazette, http://www.railwaygazette.com/news/passenger/single-view/view/stadler-signs-baku-tbilisi-kars-sleeping-car-contract.html დაარქივებული 2018-03-06 საიტზე Wayback Machine.
  5. Uysal, Onur. "10 Things to Know About Baku-Tbilisi-Kars Railway Project", Rail Turkey, 20 October 2014
  6. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-24. ციტირების თარიღი: 2015-01-29.
  7. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა. ციტირების თარიღი: 2017-31-12.
  8. The Baku-Tbilisi-Kars Railroad And Its Geopolitical Implications for the South Caucasus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2018-02-28.
  9. ბაქო-თბილისი-ყარსის მნიშვნელობა
  10. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნა
  11. საქართველოს რკინიგზა - ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი
  12. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება
  13. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა - ინტერპრესნიუსი
  14. EU Statement on opening of the Baku-Tbilisi-Kars railway
  15. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა - რადიო თავისუფლება