ბამბაცასებრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბამბაცასებრი
Asclepias curassavica13.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Asclepiadaceae

ბამბაცასებრი, ღვედკეცისებრნი (Asclepiadaceae), ორლებნიან ფურცლებშეზრდილ მცენარეთა ოჯახი. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები და ლიანებია, ზოგჯერ ხეებიც. ფოთლები მარტივია, მოპირისპირედ განლაგებული, უთანაფოთლო. ყვავილები - ორსქესიანი, ხუთწევრიანი.

გვიგვინის ფურცლებს და მტვრიანებს ფურცლის მსგავსი თავისებური გამონაზარდები აქვს, რომლებიც ამ ოჯახისათვის დამახასიათებელ მეორე გვირგვინის შთაბეჭდილებას ქმნის. მტვრის მარცვლები სამტვრის თითოეულ ნახევარში შეწებებულია ოთხ-ოთხად (ტეტრადებად). ყვავილის ასეთი აგებულება ხელს უწყობს ჯვარედინ დამტვერვას. ნაყოფი მრავალთესლიანი ფოთლურაა. ოჯახი შეიცავს 280 გვარსა და 2000-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ, ნაწილობრივ სუბტროპიკულ და ნაკლებად ზომიერი ჰავის ქვეყნებში.

საქართველოში 4 გვარი და 9 სახეობაა, რომლებიც იზრდება ბარიდან მთის შუა სარტყლამდე ტყის პირებზე, ბუჩქნარებში და მშრალ ბალახოვან ფერდობებზე. ზოგი სახეობა სამკურნალოა (მაგ., ღვედკეცი), ზოგი შხამიანი; გვხვდება სარეველა (მლაშე ხევართქლი - Cynanchum acutum) და დეკორატიული (ცვილის სურo) სახეობებიც. ბამბაცასებრნი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, ცხიმოვან და ეთეროვან ზეთებს, ფისებს, გლუკოზიდებს და სხვა. ბევრი მათგანი (Cryptostegia, Asclepias) გამოყოფს კაუჩუკის ან გუტაპერჩის შემცველ რძეწვენს. ბამბაცასებრთა რამდენიმე სახეობა კულტივირებულია საქართველოს ბოტანიკურ ბაღში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 2, გვ. 1852, თბ., 1977