ბალიშა ლავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახლახან წარმოშობილი ბალიშა ლავა. ჰავაი
ბალიშა ლავის განივი კვეთი. ახალი ზელანდია.

ბალიშა ლავა, სფერული ლავა (ინგლ. Pillow lava) — ერთანეთზე მორგებული ბალიშისებრი, სფერული, ელიფსოიდური და სხვა მსგავსი ფორმის მაგმური სხეულების დაზვავების შედეგად წარმოშობილი მაგმური ქანი. სხეულები შეკავშირებულია მეორეული პროდუქტებით ან დანალექი მასალით. ბალიშა სხეულებს გარდიგარდმო კვეთში კონცენტრული აღნაგობა აქვს, დამახასიათებელია წრთობის მინისებრი ქერქი. ბალიშა ლავა წარმოიშობა ვულკანის წყალქვეშა ამონთხევის ან წყალში ხმელეთიდან ლავის ჩადინების დროს. წყალში მოქცეული ლავის ნაკადი გამყარებამდე ნაწევრდება ცალკეულ გიგანტურ წვეთებად (რამდენიმე სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე და ზოგჯერ მეტიც), რომლებსაც გარს აკრავს ორთქლის პერანგი. ამ სახით აწონად მდგომარეობაში გადაადგლდება აუზის ფსკერზე და წარმოშობს ბალიშა ლავის დაზვავებას. როგორც წესი ბაზალტური ან ანდეზიტურია. გარდა ამისა, ცნობილია კომატიტური, პიკრიტული, ბონინიტური, ბაზალტურ-ანდეზიტური, ან დაციტური ბალიშა ლავა. გვხვდება სხვადასხვა ასაკის ფორმაციებში. ბალიშა ლავის ნაკადები წარმოიქმნება წყალქვეშა ვულკანების კალთებზე, განსაკუთრებით რიფტულ ზონებში. ფორები და მცირე სივრცეები ამოვსებულია კალციტით, არაგონიტით, ქალცედონითა და სხვა. თანამედროვე ბალიშა ლავის წარმოქმნა შეიმჩნეოდა ვულკან კილაუეას ამოფრქვევის დროს ზღვაში წამოსული ლავური ნაკადის ამონთხევისას 1971 წელს და მიწისზედა პირობებში ვულკან კარიმსკაია-სოპკას სიახლოვეს 1963 წელს.

ბალიშა ლავა ფართოდაა გავრცელებული საქართველოს მეზოკაინოზოურ ვულკანურ და ვულკანოგენურ დანალექ ფორმაციებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]