ახტალის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახტალა (მრავალმნიშვნელოვანი).
მონასტერი

ახტალის მონასტერი (სომხ. Ախթալա վանք) — X საუკუნის ფორტიფიცირებული ქართული მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ახტალაში, ლორეს პროვინციაში, თბილისიდან სამხრეთით, 87 კმ–ში, ხოლო ერევნიდან 185 კმ-ში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (უწინ საქართველოს ტერიტორიაზე). ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი ამჟამად უმოქმედოა. ციხესიმაგრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვაში და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ფორტიფიკაციაა სომხეთის ტერიტორიაზე. ახტალის ტაძარში კარგად არის შენახული ფრესკები.

ისტორია[რედაქტირება]

ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა.

მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

მისი აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც წმინდა მეფე თამარის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის, ავაგის ღვაწლით, მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი, კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საქტიტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული.

კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის ოციან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ–გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას, რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთან, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტრის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII საუკუნეების მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთაია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი).

ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას.

ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ე.წ. "უცნობი მონასტრის ტიპიკონი", რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია, ახტალის მონასტერს ეკუთვნოდა.[1][2] ახტალის ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო, წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმინდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ილარიონ ქართველი.

XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრა გახდა. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ, ომარ ხანის შემოსევის შემდეგ, სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად.

საქართველოში სამეფო ხლეისუფლების გაუქმებისა და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ, 1802 წლიდან ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ადგილობირივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლები. მდებარეობდა ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში.

თანამედროვეობა[რედაქტირება]

XX საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის.

ახტალას მონასტრის შესახებ არსებული პუბლიკაციები (ცნობები, მასალები, გამოკვლევები) ეხება მონასტრის, როგორც ისტორიას, ისე მის ეპიგრაფიკას, კომლექსის არქიტექტურასა და ფრესკებს. ამ მდიდარი მასალის წარმოდგენისა და ინტერპრეტაციისას, პუბლიკაციათა ერთი ნაწილი აშკარა ტენდენციურობით გამოირჩევა და ზოგჯერ გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერსაც იძენს.

ბოლო ათწლეულების მანძილზე ახტალის მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ. ტაძრის არქიტექტურისგან განსხვავებით, მისი ფრესკების რესტავრაციის არაპროფესიული მიდგომის გამო, აქ ბევრი რამ გადაიწერა, რის გამოც ფერწერული ანსამბლის საერთო მხატვრულ სახეში მრავალი რამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაიკარგა.[3]

ახტალის რუქა 1886 წელი

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Эпископ Кирион, "Ахталский монастырь", изд. введ. и ком.Э. Бубулашвили и З. Схиртладзе Тб. 2006
  • დევი ბერძენიშვილი, ახტალის მონასტერი: [მონასტრის ისტორია, წარწერები, მოხატულობა; ავტორის მოსაზრება ახტალის მონასტერში ქართველი და სომეხი დიოფიზიტი ბერების თანამშრომლობაზე; ქართული და სომხური წყაროები მონასტრის ტიპიკონის თაობაზე] // ლიტერატურა და ხელოვნება, 1998, N2, გვ.112-131
  • ახტალის მონასტერი //ბერძენიშვილი დ. ნარკვევები.-თბ.,2005.-გვ.197-217. სამონასტრო კომპლექსის (წმინდა გიორგის, სამებისა და ღვთისმშობლის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძრების) ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი.
  • XII საუკუნის ქართული კედლის მხატვრობა //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.261-263.

ახტალის ტაძრის პირველი ფენის მოხატულობის ანალიზი.

  • ახტალა //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.30.

ახტალის მონასტრის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემორჩენილი წარწერებისა და ფრესკული ფერწერის ანალიზი.

  • ახტალის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1977.-გვ.109.

მოკლე ცნობები დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე XIII საუკუნის ძეგლის , ახტალის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის შესახებ.

  • ახტალა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.155.

სომხეთის ტერიტორიაზე (ძველი სომხითი)ნაგები XIII საუკუნის ტაძრის ხუროთმოძღვრული აღწერილობა და ორნამენტების თავისებურებათა დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტოები (ტაბ.162,163).

  • გურგენიძე ი. სად. ახტალა //ცნობის ფურცელი.-1901.-N1584(17 სექტ.).-გვ.1-2.

ახტალის ქართული ეკლესიის მოხატულობისა და წარწერების შესახებ.

  • ახტალის მხვთის მშობლის მონასტერი //ცნობის ფურცელი.-1898.-N492(25 მარტი).-გვ.2.

ახტალის ტაძრის მდგომარეობის გამო.

  • გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში.-თბ.,1962.-გვ.77.

ახტალის მონასტრისა და მისი შემოგარენის აღწერილობა.

  • შმერლინგი რ. ახტალის მთავარი ტაძრის როგორც საქართველოსა და სომხეთის მომიჯნავე ძეგლის დახასიათების საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების XI სამეცნიერო სესია 1943 წლის 26, 27 და 28 აპრილი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1943.-გვ.10-11.

ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, დათარიღება, ისლამური და სომხური ელემენტები, ტაძრის ქართული არქიტექტურული ხასიათი.

  • ახტალა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.245-250.

ღვთისმშობლის სახ.ტაძრის საკურთხეველსა და კედლებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

  • ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.351-362.

ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, ბერძნული ფრესკული წარწერების ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: შ.ამირანაშვილი, რ.შმერლინგი.

  • XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: ახტალა //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XIII სს.-თბ.,1990.-გვ.131-146.

ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, დათარიღება, არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი. ტაძრის ამგებად დასახელებულია ივანე მხარგრძელი (XIII ს.). მოხსენიებულნი არიან: მემატიანე ჯუანშერი, ვახუშტი ბატონიშვილი, ნ.ბერძენიშვილი, შ.ამირანაშვილი, ნ.ტოლმაჩევსკაია, სტეფანოზ ორბელიანი, სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძელი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.35-36; ტაბ.XLVII-LII/2).

  • ზაქარაია პ. XII-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ გუმბათოვანი არქიტექტურა.წ.I.-თბ.,1978.-გვ.193-225.

სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ახტალის გუმბათოვანი ტაძრის აღწერილობა და არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი.

  • ახტალა //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.277-278.

სომხეთში, თურმანანის რაიონში მდებარე, XIII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის მონასტრის მორთულობის აღწერილობა. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს საერთო ხედის ფოტო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. დევი ბერძენიშვილი, ახტალის მონასტერი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1998, N2, გვ.112-131
  2. ქეთევენ ქუთათელაძე, რომელ მონასტერს ეკუთვნის ე.წ. ”უცნობი მონასტრის” ტიპიკონი, კავკასიოლოგიური ძიებანი, # 1,თსუ გამომცემლობა, თბ., 2009, გვ. 349-361
  3. ქართული ტაძრის სომხურად გამოცხადების მორიგი მცდელობა // Presa.ge