ახვახური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახვახური ენადაღესტნურ ენათა ანდიური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია ახვახისა და სოვეტსკოეს (ყოფილი ყაჰიბის) რაიონების რიგ აულში (კუდიაბ-როსო, ლოლოღონითლი, ტად-მაღითლი, იზანი, რატლუბი, თლანუბი, წეგობი და სხვა). ახვახურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 6 500 კაცი (2006).[1] ახვახური ენა უმწერლობო ენაა. სამწერლობო ენად (ადგილობრივი საქმისწარმოება, დაწყებითი სკოლა, გაზეთი) გამოყენებულია ახლომონათესავე ხუნძური (აგრეთვე რუსული).

ახვახური ენისთვის დამახასიათებელია ხმოვანთა სიმრავლე (ხუთი მარტივი, აგრეთვე გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები). თანხმოვნებში აღსანიშნავია ძლიერთა და სუსტთა დაპირისპირება, ლატერალური, ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები. თანხმოვანთა სისტემაში შემონახულია ზოგი მეტად მნიშვნელოვანი არქაიზმი (ლატერალურ და ფარინგალურ თანხმოვანთა სუსტი კორელატები). სიტყვა ხმოვნით ბოლოვდება. სიტყვის თავში თანხმოვანთა კომპლექსები არ გვხვდება. მახვილი სუსტი, დინამიკურია.

მხოლობით რიცხვში გარჩეულია სამი გრამატიკული კლასი, მრავლობითში — ორი. აქვს ოთხი ძირითადი ბრუნვა და ადგილობით ბრუნვათა შვიდი სერია (თითოეულ სერიაში 3—4 ბრუნვაა). ზმნა იცვლება გრამატიკული კლასისა და დრო-კილოთა მიხედვით. სხვა ანდიურ ენათაგან განსხვავებით, ზმნას აქვს პირის კატეგორია (გარჩეულია ორი ფორმა: პირველი პირისა და საზიარო მეორე-მესამისა). დადებითი უღვლილების გარდა არის უარყოფითი უღვლილებაც. გავრცელებულია ზმნურ ფორმათა აღწერითი წარმოება. გარდამავალი ზმნა წინადადების ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის. რთული წინადადების ასაგებად ფართოდაა გამოყენებული მიმღეობები და აბსოლუტივები.

ლექსიკა გამოირჩევა არქაიზმებით. ნასესხები სიტყვების რაოდენობა მნიშვნელოვანია.

აქვს ორი განსხვავებული დიალექტი: ჩრდილოური (ახვახის რაიონში) და სამხრეთული (სოვეტსკოეს რაიონში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. მაჰომედბეკოვა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. II, თბ., 1977. — გვ. 104.
  • Магомедбекова, З. М. Ахвахский язык: Грамматический анализ, тексты, словарь. Тбилиси, 1967

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]