ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

"ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება", ნ. მარის მიერ 1923-1934 წლებში შექმნილი საენათმეცნიერო თეორია. "ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება" ხელაღებით უარყოფს ისტორიის შედარებით მეთოდს, ენათა ნათესაობას, ენათა გენეალოგიურ კლასიფიკაციას. ამ თეორიის ძირითადი დებულებებია: ენა არის ზედნაშენი; იგი კლასობრივი მოვლენაა. ადამიანთა ურთიერთობის პირველადი საშუალოება იყო ჟესტმიმიკის (კინეტიკური, ხელის) ენა. ბგერითი ენა წარმოიშვა გაბატონებული კლასის - მოგვების წრეში, როგორც ტომებთან ურთიერთობის საშუალებას. ენათა წარმოქმნა-განვითარების ანუ გლოტოგონიური პროცესი ერთიანია: ა) მსოფლიოს ყველა ენა წარმოშობილია ერთი და იმავე მასალისაგან - ოთხი თავდაპირველი ელემენტისაგან, რომელთა პირობითი სახელებია სალ, ბერ, იონ, როშ ან A, B, C, D და რომლებიც შეიძლება დაიძებნოს ნებისმიერი ენის ყოველ სიტყვაში; ბ) ყველა ენა განვითარების ერთსა და იმავე საფეხურს გაივლის, ერთი საფეხურიდან (სტადიიდან) მეორეში გადასვლით ხდება აფეთქების (მუტაციის) გზით, ყველა ენა ნარევია. ენაში ყოველგვარი ცვლილება შედეგია ამ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებისა.

"ახალ საენათმეცნიერო მოძღვრებაში" ცენტრალური ადგილი უკავია ენათა სტადიურ კლასიფიკაციას. განვითარების ყველაზე ძველი საფეხურია იაფეტური სტადია, ყველაზე ახალი - ინდოევროპული. 1950 წელს გაზეთ "პრავდის" მიერ მოწყობილმა საენათმეცნიერო დისკუსიამ ნათელყო "ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების" მეცნიერული უსაფუძვლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შარაძენიძე თ., ენათა კლასიფიკაციის პრინციპები, თბ., 1958;
  • ჩიქობავა ა., ზოგადი ენათმეცნიერება, ტ. 2, თბ., 1945;
  • მისივე, საბჭოთა ენათმეცნიერების ზოგიერთი საკითხის შესახებ «კომუნისტი», 1950, 11 მაისი;
  • Против вульгаризации и извращения марксизма в языкознании. Сб. ст., ч. 1-2, М., 1951-1952;
  • შარაძენიძე თ., ქსე, ტ. 2, გვ. 93, თბ., 1977