ახალი რომანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცხნიდან მარჯვნივ: რობ-გრიე, სიმონი, მორიაკი, ლენდონი, პენჟე, ბეკეტი, საროტი, ოლიე.

ახალი რომანი (ფრანგ. Le Nouveau Roman) — XX საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთში ჩამოყალიბებული ლიტერატურული მიმდინარეობა. ტერმინი „ახალი რომანი“ პირველად გაჩნდა 1957 წელს, ემილ ანრიოს მიერ ჟურნალ „Le Monde“-ში გამოქვეყნებულ ქრონიკაში, რომელიც ალენ რობ-გრიიეს რომანს „ეჭვიანობა“ და ნატალი საროტის „ტროპიზმებს“ ეხება. აღნიშნული ტერმინის გვერდით იხმარება სხვა, შედარებით ნაკლებ პოპულარული სახელწოდებები: “რომანის ახალი სკოლა”, “ახალი რეალიზმი”, “ანტირომანი”, “ანტერომანი”, “მზერის სკოლა”, “უარყოფის სკოლა”, “ალიტერატურა” და სხვ.

ერთ-ერთი ვერსიით ახალ რომანისტთა გაერთიანების კრიტერიუმად მიიჩნევა გამომცემლობა Les Editions de Minuit, რომელშიც გამოიცა მათი ნაწარმოებები. ამის გამო მათ ხშირად “მინუის რომანისტებსაც” უწოდებენ.

დღესდღეობით ლიტერატურულ კრიტიკაში “ახალ რომანისტებად” ძირითადად მიჩნეულია ის მწერლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1971 წლის ივნისში სერიზი ლა სალში ჩატარებულ კოლოქვიუმში - ”ხვალ, დღეს”, ესენია: ბიუტორი, კლოდ ოლიე, რობერ პენჟე, ჟან რიკარდუ, რობ-გრიიე, საროტი, კლოდ სიმონი. მიწვევაზე უარი განაცხადეს ბეკეტმა და დიურასმა.

”ახალი რომანის” ერთ-ერთ პირველ თეორეტიკოსად ნატალი საროტი მიიჩნევა. 1950 წელს ჟურნალში Le temps moderne მან გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ეჭვების ერა, რომელშიც დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს კლასიკურ რომანს.

ახალ რომანისტებს შემოაქვთ სრულიად ახალი რომანული ხერხები, წერის ახალი ტექნიკა. ცვლილებას განიცდის რომანის თითქმის ყველა ტრადიციული ელემენტი: ავტორი, მკითხველი, პერსონაჟი, ამბავი, იდეა.

ავტორი, მკითხველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუკი ტრადიციულ რომანში ავტორი უზენაესი და ყოვლისმცოდნეა, იცის რა მოხდა და რა მოხდება, იცნობს პერსონაჟის ფსიქოლოგიას და თანდათანობით ფარდას ხდის მას, “ახალ რომანში” ის საგრძნობლად ფერმკრთალდება და მის ადგილს მეტნაკლებად ანონიმური მთხრობელი იკავებს. ეს უკანასკნელი აღარ ცდილობს ილაპარაკოს სამყაროზე ან კომენტარი გაუკეთოს კონკრეტულ მსოფლმხედველობას. მისი საქმეა მხოლოდ წერა და ახსნა იმისა, თუ როგორ (და არა რატომ) წერს, ანუ მთხრობელი, როგორც დაწერილის ინტერპრეტატორი იკარგება და ჩნდება მთხრობელი, როგორც work in progress - პროცესში მყოფი სამუშაოს მოქმედი პირი. ამასთან, ავტორი თანამშრომლობს მკითხველთან, სთავაზობს მას კონკრეტულ სიტუაციას და მოითხოვს მისგან აქტიურ მონაწილეობას. შესაბამისად მკითხველი აღარაა პასიური წამკითხველის როლში, იგი თავადვე მონაწილეობს ნაწარმოების შექმნაში. ხშირად ერთსა და იმავე სიტუაციაში ავტორი გმირის მოქმედების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს იძლევა, რათა მკითხველმა თავად აირჩიოს მისთვის ყველაზე მეტად მისაღები.

პერსონაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული რომანის ურყევი პერსონაჟი, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული ხასიათით, პროფესიით, სოციალური მდგომარეობით, “ახალ რომანში” თითქმის აღარ არსებობს. ,,ახალი რომანისტების" აზრით, დღევანდელი სამყარო აგონიაშია და მხოლოდ მოჩვენებით დგას ფეხზე, ადამიანიც აღარ არის ყოვლისშემძლე. პიროვნება დაიკარგა და ფიქციად იქცა. ამიტომ რომანში აღარ შეიძლება მთლიანი, ძლიერი პიროვნების ან საერთოდ პიროვნების დახატვა. “ახალი რომანის” ზოგიერთი წარმომადგენელი პერსონაჟს უბრალოდ თავიდან იცილებს და მას ანონიმურს ხდის, სხვები კი გვიჩვენებენ მის დაცემასა და ნგრევას. პერსონაჟს დაკარგული აქვს სახელი (ხშირად მხოლოდ ინიციალით ან, უბრალოდ, ანონიმური ნაცვალსახელით აღინიშნება), წარსული, ოჯახი. პერსონაჟს არ გააჩნია ისტორიული თუ გეოგრაფიული მდებარეობა, რეალობა. ნაწარმოებში მისი არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ენობრივი მოთხოვნილებით აიხსნება.

ამბავი, იდეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულ რომანში ძირითადია ამბავი, მწერალი ყოველთვის რაღაცას უყვება მკითხველს. ,,ახალი რომანისტებისთვის" რომანი ამბავი არაა, ამიტომ მათ რომანებში არ არის არც დასაწყისი (ტრადიციული გაგებით), არც კვანძი, არც სიუჟეტის განვითარება, არც დასასრული. ამბავთა თანმიმდევრობა წარმოდგენილია ზუსტად ისე, როგორც მას ჩვეულებრივ ადამიანი აღიქვამს. ამიტომ ნაწარმოებში შემოტანილია ცნობიერებაში წარსული ფაქტების, მოგონებების ამოტივტივება, მომავლის გეგმები, რეალური თუ წარმოსახული სცენების, გონებაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესის აღწერა. ტრადიციულ რომანში დრო ქრონოლოგიური და სწორხაზოვანია, ავტორის ამოცანაა მისი ორგანიზება, მოწესრიგება და იმ დროითი სიცარიელის შეგრძნების ამოვსება, რასაც ადამიანის ცნობიერებაში წარმოსახვა ტოვებს. “ახალ რომანში” კი პირიქით, დრო უწესრიგო, დატეხილი და ქაოტურია. ,,ახალი რომანისტი" არ იტყუება, იგი დროის ციკლურ კონცეფციას არ ემორჩილება, წარმოსახვისა და რეალობის წუთებს ისევე ბუნებრივად ანაცვლებს ერთმანეთთან, როგორც ეს სინამდვილეში ხდება.

საბოლოო ჯამში ნაწარმოების გამაერთიანებელი ხაზი თავად წერის პროცესი ხდება, შინაარსს ქმნის თვით რომანის ფორმა: ნაწარმოების აგებულება, ფრაზების წყობა და სიტყვების თავისთავადი მნიშვნელობის ერთობლიობა. რომანი იქცევა რომანის რომანად.

ტრადიციული რომანის ავტორები სრულ ობიექტურობაზე აცხადებენ პრეტენზიას, თუმცა სინამდვილეში ყოველი რომანი ავტორის პირადი იდეების, თეორიების, მორალისა თუ ფილოსოფიის გამტარებელია. ახალი რომანისტები ამხელენ ამ წინაარმდეგობრიობას. “ახალ რომანს” არ აინტერესებს სოციალური, ფსიქოლოგიური, მორალური ამბები - ყველაფერი ის, რაც ძველ რომანს აძლევდა სიღრმესა და პერსპექტივას. ,,ახალი რომანისტები" წინააღმდეგნი არიან აღწერონ ეპოქა, სოციალური კონფლიქტები და, მით უმეტეს, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენისადმი.

ახალი რომანისტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი რომანი