ახალი მსოფლიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი მსოფლიო (ლურჯ ფერში) ძველი მსოფლიო (წითელ ფერში) და ოკეანიის ტერიტორია (მწვანე ფერში), რომელსაც ასევე ხშირად აკავშირებენ ახალ სამყაროსთან

ახალი მსოფლიოXV საუკუნის ბოლოს ევროპელი პირველაღმომჩენების მიერ ძველი მსოფლიოს საწინააღმდეგოდ ამერიკის კონტინენტისათვის შერქმეული სახელი. ძველ მსოფლიოში იგულისხმებოდა — ევროპა, აზია და აფრიკა. ძველ მსოფლიოსთან შედარებით აქ ყველაფერი იყო ახალი და უცხო — ახალი მდინარეები; ახალი ოქროს, ვერცხლის და სპილენძის საბადოები; ახალი თევზები; ფრინველთა და ცხოველთა ახალი მსოფლიო ; ლამაზი ტყეები; ახალი ნაყოფიერი მცენარეები; ყვავილები; ხილ-ბოსტნეულის ახალი გემო და ახალი ადამიანები.

გადმოცემის თანახმად, ქრისტეფორე კოლუმბს სიკვდილამდე სჯეროდა, რომ აღმოაჩინა ახალი გზა ინდოეთისკენ, მაგრამ ძალიან მალე გავრცელდა აზრი, რომ აღმოჩენილი იყო არა ინდოეთი, არამედ სრულიად ახალი კონტინენტი. ამ ვერსიის ერთ-ერთი პირველი მომხრე იყო ამერიგო ვესპუჩი, რომლის სახელწოდებაც მიიღო მსოფლიოს ახალმა ნაწილმა. ითვლება, რომ შესაძლოა, ტერმინი „ახალი მსოფლიო“ თავად ვესპუჩიმ შემოგვთავაზა 1503 წელს, თუმცა ეს საკამათო საკითხია.

მთელი რიგი წყაროები ამ დამსახურებას მიაწერენ იტალო–ესპანელ ისტორიკოსს პიეტრო მარტირე დ’ანგიერას (იტალ. Pietro Martire d'Anghiera, ხოლო ესპ.Pedro Mártir de Anglería), რომელიც ჯერ კიდევ კოლუმბის პირველი ექსპედიციის მსვლელობისას, 1492 წლის 1 ნოემბრით დათარიღებულ წერილში იყენებს აღნიშვნას ლათინურ ფორმაში „novi orbis“, ერთი წლის შემდეგ სხვა წერილში ის იცვლება „orbis novus“ სახელით, ხოლო 1516 წელს გამოდის მისი ცნობილი ნაშრომი სათაურით, რომელიც იწყება „De orbe novo...“ — „ახალ მსოფლიოში...“, სადაც ის აღწერს აღმოჩენილი მიწების ადგლობრივ მცხოვრებლებთან ევროპელების პირველ შეხვედრას.

1524 წელს იგივე ტერმინს იყენებს ჯოვანი და ვერაცანო — უკვე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებთან ცურვის მოსათხრობად. ყოველ შემთხვევაში, პირველაღმოჩენილი სანაპიროების კვალდაკვალ ვრცელდება ტერმინი „ახალი მსოფლიო“ მთელი სამხრეთ ამერიკის სახელწოდებად, ხოლო 1541 წლიდან სახელწოდება ამერიკასთან ერთად ის გავრცელდა ჩრდილოეთ მატერიკზეც — ევროპის, აზიის და აფრიკის შემდეგ ქვეყნის მეოთხე ნაწილის აღსანიშნავად.

დღეს ტერმინს "ახალი მსოფლიო" იშვიათად იყენებენ, მხოლოდ ისტორიული მოვლენების კონტექსტში. ამასთან, როგორც წესი, ის გულისხმობს არა მარტო ამერიკას, აგრეთვე, ოკეანიასა და ანტარქტიკას

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]