ახალგვინეური მომღერალი ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალგვინეური მომღერალი ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა ახალი გვინეა
თვისებები
წონა მამრი 10-13 კგ.
მდედრი 8-10 კგ.
სიმაღლე მამრი 38-40 სმ.
მდედრი 35-38 სმ.
ბეწვი მრავალნაირი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ახალგვინეური მომღერალი ძაღლი (მალ. Anjing menyanyi New Guinea) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ახალ გვინეაში უძველეს ხანაში.

ეს ძაღლი 10-15 ათასი წლის წინ აზიატური მგლის მოშინაურების შედეგად გაჩენილი უძველესი ცხოველების ახლო ნათესავია. XIX საუკუნეში მკვლევარებმა აღწერეს ახალი გვინეის სოფლებში მცხოვრები ძაღლები: ზოგან ძაღლები ძალიან უყვარდათ, ზოგან კი არც ისე კარგად ექცეოდნენ. XX საუკუნის დასაწყისისთვის ჩამოყვანილ ძაღლებთან შეჯვარების გამო ახალგვინეური ძაღლი თითქმის მთლიანად განადგურდა. თუმცა, 1950-იან წლებში, სამხრეთის მთების მდელოებზე დაიჭირეს ორი წმინდასისხლიანი ძაღლი და სიდნეის ზოოპარკში გააგზავნეს. 1970-იან წლებში ძაღლების კიდევ ერთი წყვილი დაიჭირეს ინდონეზიის შემადგენლობაში შემავალ ახალგვინეურ პროვინცია ირან ჯაიაში. ევროპასა და ამერიკაში არსებული პრაქტიკულად ყველა მომღერალი ძაღლი ამ ორი წყვილის შთამომავალია.

ამ ძაღლს ახასიათებს უნიკალური, საოცრად საწყალი, მონოტონური ყმუილი. მისი ბეწვი ჟღალის სხვადასხვა ფერისაა. მცირე ზომის, მოძრავი ყურები თვალების დონეზეა. თათებზე ბეწვი ყოველთვის თეთრია. დინგოსთან შედარებით უკეთ განვითარებული ყბები აქვს. ახალგვინეური მომღერალი ძაღლი ცუდად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა, მისი გაწვრთნა ადვილია, ვერ ეგუება სხვა ძაღლებთან ცხოვრებას, კარგად იტანს სიცხეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]