აცეტილენი
აცეტილენი(იუპაქის მიხედვით ეთინი) — უჯერი ნახშირწყალბადი, ალკინის ჰომოლოგიური სიის პირველი წევრი რომელშიც ორი ნახშირბადი და ორი წყალბადი შედის: CH≡CH. აცეტილენი აღმოაჩინა ინგლისელმა ქიმიკოსმა ედმუნდ დეივიმ 1836 წელს. სინთეზურად, ნახშირისა და წყალბადისგან მიიღო ფრანგმა ქიმიკოსმა მარსელენ ბერთლომ 1862 წელს. აცეტილენის მსოფლიო წარმოება რამდენიმე მილიონ ტონას აღწევს[1].
სექციების სია |
დახასიათება [რედაქტირება]
უფერო აირი, დნობის ტემპერატურა — 80,8°C, სიმკვრივე — 1,171კგ/მ³. კარგად იხსნება აცეტონში, ცუდად წყალსა და მეტ წილ გამხსნელებში. აცეტილენისა და ჰაერის ნარევი (აცეტილენი მოცულობით 2.3-80.7%) ფეთქებადია. აცეტილენს ნარკოტიკული ზემოქმედების უნარი აქვს. მას ინახავენ და გადააქვთ მაღალი წნევის ქვეშ, ფოლადის სპეციალური ბალონებით, აცეტონ–ხსნარის სახით.
აცეტილენს ახასიათებთ უჯერი ნახშირწყალბადების თვისებები: ადვილად იერთებს წყალბადს, ჰალოგენებს, ჰალოგენწყალბადებს, წყალს, სპირტებსა და სხვებს.
აცეტილენის წვისას გამოიყოფა სითბოს დიდი რაოდენობა(14000 კკალ/მ³), აცეტილენ–ჟანგბადის ალის მაქსიმალური ტემპერატურაა 3150°C. მას ხშირად იყენებენ ლითონთა დასამუშავებლად(ჭრა, შედუღება).
გამოყენება [რედაქტირება]
იგი მრავალი სამრეწველო პროდუქტის ნედლეულია. ასე მაგალითად, აცეტილენთან ქლორწყალბადის მიერთებით ღებულობენ ვინილქლორიდს CH2=CHCl – პლასტმასების წარმოების საწყის პროდუქტს; ციანმჟავას მიერთებითმიიღება აკრილონიტრილი CH2=CHCN —სინთეზური კაუჩუკებისა და ბოჭკოების წარმოების საწყისი პროდუქტი; აცეტილენის ჰიდრატაციით(იხ. კუჩეროვის რეაქცია) მიიღება აცეტალდეჰიდი CH3CHO—ძმარმჟავას წარმოების საწყისი პროდუქტი. აცეტილენისგან ღებულობენ აგრეთვე ვინილაცეტილენს, ვინილურ ეთერებს, პოლივინილაცეტატს, პოლივინილის სპირტს და ასე შემდეგ.
მიღება [რედაქტირება]
ამჟამად აცეტილენს ღებულობენ გერმანელი ქიმიკოსის ფრიდრიხ ველერის მეთოდით(1862) — კალციუმკარბიდზე წყლის მოქმედებით:
- CaC2 + 2H2O → Ca(OH)2 + C2H2
აგრეთვე ბუნებრივი აირების, უმთავრესად მეთანის, თერმოჟანგვითი კრეკინგით:
- 6CH4 + 4O2 →C2H2 + 8H2 + 3CO+CO2 + 3H2O
აცეტილენის მიღება ელექტროკრეკინგითაც–ვოლტას რკალში მეთანის გატარებით(1600°C): 2CH4→C2H2+3H2
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 73, თბ., 1977 წელი.