აშხარჰაცუიცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომხური გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ძეგლი — აშხარჰაცუიცი

აშხარჰაცუიცი (სომხ. Աշխարհացույց) — სომხური გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ძეგლი, რომლის ავტორად დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ ცნობილ სომეხ ისტორიკოსს მოვსეს ხორენაცს, თუმცა ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი-არმენოლოგი თვლის, რომ თხზულება დაწერილია VII საუკუნის მეცნიერის – ანანია შირაკაცის მიერ. აშხარჰაცუიცი წარმოადგენს ანტიკური გეოგრაფიული ტრადიციების გაგრძელებას, რომელიც ძირითადად ემყარება კლავდიოს პტოლემეს (87—165) გეოგრაფიას.

პირველ ნაწილში მოყვანილია საერთო ცნობები დედამიწის შესახებ, აღწერილია რელიეფი, კლიმატური ზონები, ზღვები და სხვ. მეორე ნაწილი შეიცავს იმ დროს ცნობილი კონტინენტების აღწერილობას, სახელდობრ: აღწერილია ევროპა, ლიბია (აფრიკა) და აზია. მითითებულია კონტინენტების განლაგება, დახასიათებულია საზოგადოება, აღნიშნულია მთავარი ზღვები, მთები, მდინარეები, სასარგებლო წიაღისეულები, ფლორა, ფაუნა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აზიის ქვეყნებს. აღწერილია სომხეთი, იბერია, კავკასიის ალბანეთი, მცირე აზია, სირია, ირანი, მესოპოტამია და აზიის სარმატია. აღწერილია საქართველოს გეოგრაფიაც.

ქერობე პატკანოვის მიხედვით პირველად აშხარჰაცუიცი ორიგინალში დაბეჭდეს 1683 წელს ქალაქ მარსელში. 1736 წელს წიგნი ლათინურ ენაზე გადათარგმნა უილიამ უისტონმა. ანტუან ჟან დე სენ-მარტენმა წიგნი ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა. აკადემიკოს სურენ ერემიანის მიხედვით აშხარჰაცუიცი, შეიცავდა 15 რუკას, რომელიც თავის მხრივ, წარმოდგენილი იყო ერთიანი ატლასის სახით. სურენ ერემიანისა და რობერტ ჰეუსენის მიხედვით წიგნის ავტორია ანანია შირაკაცი.[1] საპირისპირო აზრისაა ისტორიკოსი ბაბკენ არუთუნიანი, რომლის თანახმად წიგნის ავტორია მოვსეს ხორენაცი.[2]

წიგნის მიჩნეული ავტორი – ანანია შირაკაცი, იყო ცნობილი სომეხი გეოგრაფი, ისტორიკოსი, კარტოგრაფი, ასტრონომი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და კოსმოგრაფი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VII საუკუნის შუა წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. This, however, does not mean the debate on its authorship is over. For a history on the scholarly debate on the authorship of the Ashkharhatsuyts, see the "Preface" and "Introduction" in Robert Hewsen's The Geography of Ananias of Širak: Ašxarhacoyc, the Long and the Short Recensions. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert, 1992, ISBN 3-8822-6485-3 and Babken Harutyunyan's article, "Historical Geography."
  2. Haroutunian, Babken. "Historical Geography." Matenadaran. Accessed March 7, 2009.