აფხაზეთის დოლმენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის დოლმენებიბრინჯაოს ხანის მეგალითური სამარხი ნაგებობანი აფხაზეთის ტერიტორიაზე (სოფლები - ეშერა, აზანთა, ოთხარა, აჭანდარა, გორანა, ყულანურხვა, შრომა; დოუს უღელტეხილი, მდ. ფსოუს ხეობა და სხვა). არქეოლოგიურად ყველაზე უკეთ შესწავლილია ეშერის დოლმენები. აფხაზეთის დოლმენები აგებულია ოთხ-ოთხი ვერტიკალურად დაყენებული მასიური ბრტყელი ქვისაგან და ასეთივე ქვითაა გადახურილი (ცალკეული ქვების წონა 50 ტ აღემატება). ზოგ დოლმენს იატაკადაც ქვის ფილა აქვს. აფხაზეთის დოლმენების გეგმა ტრაპეციის ფორმისაა. წინა ფართო კედელში, რომელიც უპირატესად მიქცეულია სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამოჭრილია 0,4 მ დიამეტრის მრგვალი ხვრელი. ხვრელი ქვის საცობით იხურებოდა. გვერდით კედლებსა და იატაკის ქვებზე სიმკვრივისათვის ხშირად ნარიბანდებია ამოკვეთილი, კედლების გასწვრივ გარედან კი დიდი ქვებია შემოწყობილი.

აფხაზეთის დოლმენები საგვარეულო სამარხები უნდა ყოფილიყო. დაკრძალვის წესის ზუსტად დადგენა არ ხერხდება - მიცვალებულთა ძვლები უწესრიგოდაა მიმოფანტული ან კუთხეებში მიყრილი. აფხაზეთის უძველესი დოლმენები ადრეული ბრინჯაოს ხანისაა. მათი მშენებლობა ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში დაიწყო. ამ ხანის აფხაზეთის დოლმენები მომცრო და ტლანქად ნაგებია. მათში აღმოჩენილია ბრინჯაოს ყუადაქანებული ცულები, კავები, ფოთლის მოყვანილობის შუბისა და სატევრის პირები, საკინძები, თიხის ჭურჭელი და სხვა. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) დოლმენები უფრო მოზრდილი და უკეთ ნაგებია. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები და მათი მინიატურული მოდელები, ფოთლისებრი სატევრები, ცხვრის თავის გამოსახულებებით შემკული ცულის ყუის დამატებითი მასრები, "რქიანი" ჩიტების გვერდგახეხვრეტილი ქანდაკებები, მძივები, თიხის ჭურჭელი და სხვა.

აფხაზეთის დოლმენებს დასაკრძალავად უფრო გვიანაც იყენებდნენ. ზოგიერთ დოლმენში აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოსა და მისი მომდევნო ხანის ნაკეთობანიც.

შესწავლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ცნობა კავკასიაში დოლმენების არსებობის შესახებ გვხვდება დიუბუა დე მონპერესთან. ვ. მილერი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ დოლმენები გაგრასთან და მის სამხრეთით უნდა ყოფილიყო საძებარი. 1926 წელს ვ. სტრაჟევმა მოგვცა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბრინჯაოს ხანის ძეგლთა მოკლე მიმოხილვა. მის მიერვე დაფიქსირდა პირველი ცნობა აფხაზეთში დოლმენების არსებობის შესახებ. რამდენადმე სისტემატური არქეოლოგიური შესწავლა და პირველი მეცნიერული დასკვნის მიღება დაკავშირებულია მ. ივაშენკოს სახელთან. 1934 წელს ეშერაში სამუშაოებს აწარმოებდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიცია, მ. ივაშენკოს მიერ მიკვლეული და შესწავლილი იქნა ეშერის (კიურდერე) დოლმენების ჯგუფი და 4 მათგანი გაითხარა კიდეც. 1936 წელს ა. სოლოვიოვი, ხოლო მოგვიანებით ბორის კუფტინი განაგრძობს ეშერის დოლმენების შესწავლას, თუმცა 1937-1946 წლებში აღმოჩენილი მასალების გამოქვეყნება ვერ მოასწრო. 1955 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიცია იწყებს აფხაზეთში აღმოჩენილი დოლმენების სისტემატურ და გეგმაზომიერ აღწერას და მასალების შესწავლას. 1966 წელს ი. ვორონოვი ათვალიერებს ოთხარის დოლმენების ჯგუფს და ადგენს აფხაზეთის არქეოლოგიურ ატლასს. 1975 წელს ი. ცვინარია განაგრძობს ოთხარის დოლმენების შესწავლას და გამოქვეყნებას. მოგვიანებით 1982 წელს ვ. ბჟანია სწავლობს აჭანდარის და ხუაპის დოლმენებს.

მდებარეობა და წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოლმენი, კოლექტიური სამარხი, მეორადი დაკრძლვის რიტუალით აღმოჩნდა აფხაზეთის ტერიტოტიაზე გუდაუთის და სოხუმის მუნიციპალიტეტში (აჭანდარა, ყულანურხვა, ეშერა, ხუაპი, ოთხარა, ფსირცხა). მეგალითური კულტურა მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი (ინდოეთი, მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი, ევროპა, აზია, ამიერკავკასია). მათი წარმოშობა დაკავშირებულია ძველი ხალხის ანიმისტიკურ ფსიქოლოგიასთან, რომლებიც აცოცხლებდენ არასულიერ ბუნებას და ქმნიდნენ ქვის კულტს. ი. შტენბერგის აზრით, ქვის კულტის წარმოშობა დაკავშირებულია ადამიანის ქვისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, პირველყოფილი ადამიანის მიერ ქვის უკვდავყოფის მიზეზი მის მიერვე აღიარებული ქვის სიმყარე და სიმძლავრეა, ის იყო იდუმალი და მარადიული. ბერძნებიც კი ელინისტურ ხანაში პატივს მიაგებდნენ ქვის ლოდებს, ეთაყვანებოდნენ მას, მიმართავდნენ თხოვნითა და ლოცვით.

მშენებლობის ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოლმენის მშენებლობა ასე ხდებოდა: წინასწარ მზადდებოდა ჰორიზონტალური მოედანი ირგვლივ ოვალური ორმოებით შემოსაზღვრული, გვერდითი და წინა მხარისათვის ორმოები მდინარის ქვებით ივსებოდა. მოედანზე იდგმებოდა იატაკის ფუნქციის მატარებელი ფილა, რომლის ოთხივე მხარის ღარებში ჯდებოდა დოლმენის ტრაპეციული კედლები, გვერდით ღარიან კედლებში წინა და უკანა კედლები ჯდებოდა, გვერდითი კედლები გარედან მაგრდებოდა ქვის ლოდებით, რათა არ ჩამოცურებულიყო და თავსდებოდა წინასწარ ამოთხრილ ორმოებში. სახურავიც დაღარული იყო რათა გადახურვა ადვილი ყოფილიყო. შენობის სამი კედელი (წინა ფასადის გარდა) გარედან იფარებოდა კედლის სიმაღლის ქვა-ყრილებით, რომლის ნაწილს მშენებლობის დამთავრების შემდეგ იღებდნენ.

დოლმენების ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზომების მიხედვით დოლმენებში გამოიყოფა სამი ჯგუფი: მომცრო, საშუალო და მოზრდილი. ადრეულია მომცრო, პატარა და ტლანქი, უფრო კვადრატული ფორმის, ინვენტარიც არქაულია (მესამე ათასწლეულის შუა ხანები). ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში ქვის ფილებისგან შეკრული ყუთი–სამარხი საკმაოდ ადრე ჩნდება. ეშერის, ოთხარის და ხუაპის დოლმენები ადრეული პერიოდისაა. პატარა და საშუალო ზომის დოლმენები ადრებრინჯაოს პერიოდისაა. საშუალო ზომის დოლმენები ტრაპეციის ფორმისაა, იგი იგებოდა ყორღანის შუა ნაწილში, რომლის წინ იყო ქვებისგან ნაგები ე. წ. მცირე ეზო. დოლმენსა და ამ მცირე ეზოს თუ დერეფანს გარს ერტყა ბლოკებისაგან შეკრული წრე. წრის ქვების სიმაღლე თითქმის უტოლდებოდა დოლმენის სახურავს. დოლმენს წინა ფასადზე ჰქონდა წინასწარ გაკეთებული მოზრდილი ხვრელი ანუ დოლმენის შესასვლელი, რომელიც ყოველთვის სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა მიქცეული.

საშუალო ზომის დოლმენები თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებით. ასეთი სახისაა აზანთის, სულის, ოთხარის, ეშერის დოლმენები, სადაც ძვლებთან ერთად აღმოჩნდა დიდი ზომის ბირთვისებრი, კასრისებრი, ბიკონუსური წვრილი და ბეჭდისებრი ბრინჯაოს, სარდიონის და ქვის მძივები, ოვალური ფორმის ობსიდიანის საკიდები და სხვა.

დოლმენების დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეშერის დოლმენების ქვედა ფენა ო. ჯაფარიძემ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით ანუ შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულით დაათარიღა, ამავე პერიოდისაა აზანთისა და სულის დოლმენები. ა. სოლოვიოვმა ეშერის № 1 დოლმენი დაათარიღა ძვ. წ. I ათასწლეულის შუა პერიოდით. ოთხარის დოლმენები ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება.

შუა ბრინჯაოს პერიოდიდან დოლმენური კულტურა თანდათანობით კარგავს თავის აქტიურობას, როგორც კულტურა, მაგრამ სამარხად მისი გამოყენება რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ ხდება და მას თანდათანობით ცვლის კრომლეხი, დაკრძალვის ანალოგიური წესით. სამარხიდან ქრება ქვის ფილებიანი ქვაყუთები. დოლმენებში და კრომლეხებში განვითარება ჰპოვა კაცობრიობის არქიტექტურულმა იდეებმა.

აფხაზეთის დოლმენებს დასაკრძალავად უფრო გვიანაც იყენებდნენ. ზოგიერთ დოლმენში აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოსა და მისი მომდევნო ხანის ნაკეთობანიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარამიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 30.
  • ფხაკაძე გ., აფხაზეთის დოლმენების კვლევის ზოგიერთი ასპექტი, არქეოლოგიური ძეგლები და პრობლემები, თბ., 2006
  • ჯაფარიძე ო. ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან, თბ., 2006
  • ჯაფარიძე ო. დოლმენური კულტურა საქართველოში, თსუ შრომები ტ. 77, თბ., 1959.
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 94-96.
  • АРЦИХОВСКИЙ А. Н., Введение в археологии, Москва, 1947
  • Воронов Ю. Н., Археологическая карта Абхазии. Сухуми. 1969
  • Ивашенко М. М., Исследование архаических памятников материальной культуры в Абхазиию, Тифлис, 1935
  • Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиди, т. 1, Тб., 1949
  • Стражев В. И., Бронзовая культура в Абхазии, Сухуми, 1926
  • Соловьев Л. Н., Диоскурия-Себастополись-Цхум. Труды Абгосмузея, вып. I, Сух., 1947
  • Миллер В. С., О некоторых древных погребальных обрядах на Кавказе Этнографические обозрение, Москва, 1911
  • ЦВИНАРИЯ И. И., Новые памятники дольменной культуры, Тб., 1989
  • Шамба Г. А., Археологические открытия в Абхазии 1980 г., Тб., 1982.
  • ШТЕНБЕРГ Л. Я., Первобытная религиа. Ленинград, 1936