ასპრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასპრი (ბერძ. Aspros — თეთრი, ვერცხლი) — ტრაპიზონული ვერცხლის მონეტა. მოჭრეს კომნენოსებმა XIII საუკუნის 30-იან წლებში და ცნობილია კომნენოსების ან ტრაპიზონული ასპრის სახელწოდებით (წონა — 2,7 - 3 გ). მონეტის შუბლზე გამოსახულია კეისარი, ზურგზე — საკეისროს მფარველი წმ. ევგენიოსი. გამოსახულებებს შესაბამისი ბერძნული ზედწერილები ახლავს. XIV—XV საუკუნეების ასპრმა ტიპოლოგიური ცვლილება განიცადა — მისი წონა 0,5 გრამამდე შემცირდა. საქართველოში ასპრი გავრცელებული იყო XIII-XIV საუკუნეებში (აღმოჩენილია სოხუმში, ტობანიერში, კოპიტნარში, ვარძიაში და სხვა). XIII საუკუნის II ნახევარში მისი მიბაძვით საქართველოში მოიჭრა ვერცხლის ფული — კირმანეული თეთრი. ქართული სიგელ-გუჯრებში ასპრი სისხლის საზღაურად იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბრამიშვილი თ., XIII-XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული), თ., 1959;