ასკარიდისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასკარიდისებრნი
Toxocara cati 2 beentree.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Ascarididae

ასკარიდისებრნი (Ascarididae) — მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (Ascaris lumbricoides) ასკარიდა. დედლის სიგრძეა 25 - 40 სმ, მამლისა — 15 - 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა — სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება. მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქეაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის ღრუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 - 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 - 1,5 წლამდე.

ასკარიდისებრით გამოწვეულ დაავადებას ასკარიდოზი ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]