ასთავის კრება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასთავის კრება (რუს. Стоглавный собор), უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელთა კრება რუსეთში მეფე ივანე IV-ისა და ბოიართა სათათბიროს მონაწილეობით (კრების გადაწყვეტილებებმა 100 თავი - "ასთავი" - შეადგინა და სახელწოდებაც აქედან მიიღო). მოიწვიეს 1551 წელს, საქალაქო აჯანყებების შემდეგ, კლასობრივი ბრძოლის გამძაფრების პირობებში. მთავრობის მიერ კრებისათვის წარდგენილი რეფორმათა პროექტი ითვალისწინებდა ეკლესიის ორგანიზაციისა და სასულიერო ფეოდალური მიწათმფლობელობის შეზღუდვას. კრების იოსიფლიანურმა უმრავლესობამ უარყო წინადადება სამონასტრო მიწათმფლობელობის აკრძალვის შესახებ, თუმცა იძულებული გახდა ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო (მონასტრებს აეკრძალათ ახალი დასახლებათა შექმნა ქალაქებში და სხვა).

ასთავის კრების გადაწყვეტილებებით გატარდა ღონისძიებები ოფიციალური ეკლესიის საქმიანობის მოსაწესრიგებლად - დადგინდა ზოგი საეკლესიო რიტუალის აღსრულების ნორმები და ა. შ. კრებამ დაგმო სასულიერო წოდების წარმომადგენელთა მიერ საეკლესიო ცხოვრების წესების დარღვევები. XVI საუკუნის II ნახევარსა და XVII საუკუნეში "ასთავი" ნომოკანონთან ერთად ითვლებოდა რუსული ეკლესიის სამართლებრივ ნორმათა ძირითად კოდექსად, რომელიც განსაზღვრავდა სასულიერო წოდების შინაგან ცხოვრებას და მის ურთიერთობას საზოგადოებასა და სახელმწიფოსთან (შემორჩენილია "ასთავის" რამდენიმე ხელნაწერი რედაქცია).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 629, თბ., 1975