არჩილ გულისაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გულისაშვილი.

არჩილ ალექსის ძე გულისაშვილი (დ. 1 აპრილი, 1887, საგარეჯო — გ. 30 დეკემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მეტალურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, ხოლო 1916 წელს პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი პირველი ხარისხის დიპლომით. სტუდენტობის პერიოდში დაიწყო მუშაობა პუტილოვოს ქარხანაში მუშად, შემდეგ ობუხოვის ქარხანაში ოსტატად. 1914 წელს დაინიშნა რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სამთო დეპარტამენტში უმცროს ინჟინრად. 1915 წელს ამავე სამინისტროს დავალებით შეუდგა სპეციალური შენადნობის დამზადებას. 1916 წელს ხელმძღვანელობდა ეკატერინებურგის მაზრის სოფელ ბოევკაში ვოლფრამიტის საბადოებზე ელექტრომეტალურგიული ქარხნის მშენებლობას და ორგანიზაციას უწევდა ახალი შენადნობების დამზადებას ურალის საბადოებზე. აქვე კითხულობდა ლექციებს სპეციალობის მიხედვით.

1921 წელს არჩილ გულისაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სპეციალისტ-კონსულტანტად სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მაშინდელ პოლიტექნიკურ სასწავლებელში როგორც დირექტორი და მასწავლებელი. 1923 წელს გამოიგონა ყურძნის საწნეხი მანქანა, რისთვისაც დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

1928 წელს ა. გულისაშვილის უშუალო მონაწილეობით უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ინსტიტუტად გაფორმდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1930 წლიდან იგი არის ამ ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგე, ხოლო წლების მანძილზე დირექტორის მოადგილე, პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში.

ა. გულისაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ტექნიკური ლიტერატურის შექმნისა და განვითარების საქმეში, კერძოდ მას ეკუთვნის პირველი წიგნი ქართულად მხაზველობით გეომეტრიაში (1927), პირველი სახელმძღვანელო მეტალურგიული პროცესების თეორიაში, „მანქანათა ნაწილები“ (ორ წიგნად). ამ და სხვა ნაშრომებმა მკვიდრის საფუძველი დაუდვეს შემდგომში ქართული ტექნიკური ლიტერატურის განვითარებას. სულ იგი ასამდე ნაბეჭდი შრომის ავტორია.

არჩილ გულისაშვილი იყო მეცნიერული და ტექნიკური ცოდნის დაუცხრომელი პროპაგანდისტი და ახალგაზრდობის გულისხმიერი აღმზრდელი. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას, მისი ხელმძღვანელობით არაერთი სახელოვანი სპეციალისტი აღიზარდა.

ამასთანავე არ შეიძლება არ აღინიშნოს მეცნიერის დიდი ერუდიცია და მასშტაბურობა. ბავშვობიდან გატაცებული იყო ლიტერატურით. იგი ხომ გიორგი ლეონიძის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. 8 წლის ასაკიდან აქვეყნებდა ლექსებს ჟურნალ „ჯეჯილში“, სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ „ნივაში“ ნიჭიერი ქართველი სტუდენტის კრიტიკული წერილები ლიტერატურაზე, მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ნიკოლოზ ბართაშვილის „მერანი“, მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ, გატაცებული იყო ტურიზმით და ალპინიზმით. მთასვლელობაში მინიჭებული ჰქონდა პირველი ანრიგი, მეცნიერის დიდი ღვაწლი აღინიშნა ლენინის, ორი შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 116, თბ., 1994