არქიმედე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არქიმედე

არქიმედე (დ. დაახლ. ძვ. წ. 287 ― გ. ძვ. წ. 212) — ძვ. ბერძენი მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი, დაიბადა და ცხოვრების მეტი ნაწილი გაატარა კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ სირაკუზაში, სადაც რომაელთა მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა.

ვარაუდობენ, რომ არქიმედეს მამა, ფიდია, ასტრონომი იყო. ის ხელმძღვანელობდა შვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს, შემდეგ კი არქიმედემ სწავლა–განათლება განაგრძო იმ დროის უდიდეს კულტურულ ცენტრში – ალექსანდრიაში. აქ იგი დაუახლოვდა ევკლიდეს მოწაფეებს ერატოსთენეს და კონონს. არქიმედეს შრომების ნაწილმა ჩვენამდე ამ მეცნიერებთან მიმოწერის სახით მოაღწია. არქიმედეს ცხოვრების ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება მისი ასტრონომიული შრომები, ცის სფეროს მოდელი – გლობუსი, მზის დიამეტრის გამზომი ხელსაწყო და აგრეთვე პირველი თხზულებანი მექანიკაში, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ფიზიკისათვის მეტად მნიშვნელოვანი შრომა: "სიბრტყეთა წონასწორობის შესახებ", რომელიც აგებულია ევკლიდეს "საწყისების" მსგავსად. პოსტულატების ჩამოყალიბებას მოსდევს ბერკეტის კანონის მათემატიკური გამოყვანა და სწავლება სიმძიმის ცენტრის შესახებ. არქიმედეს პირველი მათემატიკური თხზულება იყო "პარაბოლას კვადრატურის შესახებ", სადაც გამოყენებულია ფართობის გამოთვლის "მექანიკური" მეთოდი. უფრო გვიანდელ შრომაში "სფეროსა და ცილინდრის შესახებ" გადმოცემულია სფეროს, სფერული სეგმენტის, ცილინდრის ზედაპირისა და მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები. აქვეა მოცემული კუბური განტოლების გეომეტრიული ამოხსნა. საკუთარი მეთოდის საშუალებით, რომელიც ორი ათასი წლის შემდეგ ინტეგრალურ აღრიცხვაში განვითარდა, არქიმედემ განსაზღვრა სხვადასხვა სხეულის ზედაპირის ფართობი და მოცულობა. სტატიკურ და ჰიდროსტატიკურ შრომებში ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკური ამოცანების გადასაწყვეტად მან პირველმა გამოიყენა ფიზიკური და მათემატიკური მეთოდები. შემოქმედების გვიანდელ პერიოდში არქიმედე დაინტერესდა ზუსტი გამოთვლებით, რაც უცხოა ანტიკური მათემატიკისათვის. არქიმედეს ბოლო გამოკვლევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომა "მოტივტივე სხეულების შესახებ", რომელშიც გადმოცემულია არქიმედეს კანონი.

არქიმედეს მრავალრიცხოვანმა აღმოჩენებმა განაპირობა მრავალი ლეგენდის შეთხზვა. ლეგენდარული წარმოშობა აქვს ამაყ ფრაზასაც: "მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას!" და შეძახილსაც "ევრიკა!". არქიმედე იზიარებდა დემოკრიტეს და არისტარქეს მატერიალისტურ შეხედულებებს. გენიალურ თეორიულ აღმოჩენებთან ერთად არქიმედეს ეკუთვნის მნიშვნელოვანი საინჟინრო გამოგონებებიც, როგორიცაა არქიმედეს ხრახნი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]