 |
სიტყვას „არტაანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არტაანი. |
არტაანი/არტანი საქართველოს ისტორიული კუთხე, დღეს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მხარე და ციხე-ქალაქი მესხეთის ნაწილში. იგი მოიცავს მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს. მისი თურქული ფორმაა არდაჰანი.
არტაანი/არტანი წარმოადგენდა როგორც მხარის (არტანის ხევი), ასევე ციხე-ქალაქის სახელწოდებას. ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა, ააშენა არტაანის ციხე-ქალაქი, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, მროველის დროს კი - ჰური[1]. იმავე ცნობით, ფარნავაზის მიერ ძვ. წ. III საუკუნეში დაარსებულ წუნდის საერისთავოში შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა[2]. ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა[3]. თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა.
XVI საუკუნეში არტაანი დაიპყრეს თურქებმა და ორ ერთეულად გაყვეს: დიდ არტაანად (გურჯისტანის ვილაიეთი) და პატარა არტაანად (ყარსის ვილაიეთი). ამ დროს დიდი არტაანის მთავარ გამაგრებულ ქალაქს ფარაკანი ერქვა. ქალაქის სახელწოდება "არტაანი" XVII საუკუნეში უნდა იყოს შერქმეული. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს ეს მხარე რუსეთმა დაიკავა. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით და 1878 წელს ბერლინის ტრაქტატით არტაანი რუსეთს შეუერთდა, ხოლო 1918-21 წლების ომის დროს კვლავ თურქეთის ფარგლებში მოექცა.
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 10; 23
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 24
- ↑ ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 198
სქოლიო