არვალელი ძმები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკუს ავრელიუსი სწირავს მსხვერპლს.

არვალელი ძმები (ლათ. Fratres Arvales) — რომაელ ქურუმთა კოლეგია, რომელიც დაკავშირებული იყო ძველიტალიურ ღმერთქალ დიას კულტთან. ზოგი გადმოცემის თანახმად არვალელი ძმების პირველი კოლეგია შექმნა აკა ლარენციას 12 ვაჟმა. დიას დღესასწაულზე მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებს, ძროხებს, გოჭებს. მონაწილეები მღეროდნენ განსაკუთრებულ, ე. წ. არვალურ სიმღერებს, ლოცულობდნენ მოსავლისათვის, რომელიც თითქოს ციდან გამოგზავნილი იყო. ზეიმის ბოლოს იმართებოდა ლხინი და თამაშობა-გართობანი. იმპერატორმა ავგუსტემ განაახლა დავიწყებამდე მისული დღესასწაულის რიტუალი და არვალელი ძმების კოლეგიაში შეიყვანა 12 კაცი, მათ შორის თავისი თავი და ოჯახის წევრები. დღესასწაულის დროს გამოქონდათ ხორბლის თავთავი, ხილი, ყურძენი და სხვა.

სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „arvum“, რაც ქართულად სახნავ მიწას, ყანას ნიშნავს.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 45 - თბილისი, „განათლება“, 1972.