არდიტო დეზიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არდიტო დეზიო

არდიტო დეზიო 1950-იანებში
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1897
პალმანოვა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 2001 (104 წლის)
რომი, იტალია
საქმიანობა გეოლოგია
მოგზაური
ალპინიზმი

არდიტო დეზიო (იტალ. Ardito Desio; დ. 18 აპრილი, 1897, პალმანოვა, იტალია — გ. 12 დეკემბერი, 2001, რომი, იტალია) — იტალიელი გეოლოგი და მთამსვლელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდიტო დეზიო დაიბადა 1897 წლის 18 აპრილს ქალაქ პალმანოვაში. 1916–20 წლებში სწავლობდა ფლორენციის უნივერსიტეტში. 1924–27 წლებში კურატორად მუშაობდა მილანის ბუნებისმეტყველების მუზეუმში. 1932–67 წლებში მილანის უნივერსიტეტის პროფესორია, 1972 წლიდან საპატიო პროფესორი. იყო იტალიის გეოლოგიური საზოგადოების (1940–41), იტალიის გეოლოგიური კომიტეტისა (1963–1973) და იტალიის გლაციოლოგიური კომიტეტის პრეზიდენტი (1967–75).[1]

მისი ძირითადი კვლევები ეხება გეოგრაფიის, გეოლოგიისა და პალეონტოლიის საკითხებს. ამ მიმართულებით არის 400-ზე მეტი შრომის ავტორი. არდიტო დეზიო სათავეში ედგა პირველ წარმატებულ იტალიურ ექსპედიციას მწვერვალ ჩოგორზე, რომელიც დაიპყრეს ამ ექსპედიციის წევრებმა აკილე კომპანიონიმ და ლინო ლაჩედელიმ 1954 წლის 31 ივლისს.[2]

1990 წელს დეზიოს ძალისხმევით ევერესტის მთისძირში, ქუმბუს ხეობაში, ზღვის დონიდან 5050 მ სიმაღლეზე აშენდა მაღალმთიანი სამეცნიერო ლაბორატორია-ობსერვატორია „პირამიდა“.[1]

დაჯილდოებულია ორდენით „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, ვიტორიო ვენეტოს ორდენით, მედლით „კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის“, მედლით „იტალია-ავსტრიის 1915–1918 წლის ომის ხსოვნისადმი“, მედლით „იტალიის გაერთიანების ხსოვნისადმი“ და გამარჯვების მედლით. არდიტო დეზიო გარდაიცვალა 2001 წლის 12 დეკემბერს, ღრმა მოხუცებულობაში, 104 წლის ასაკში. დაკრძალულია პალმანოვის სასაფლაოზე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Ardito Desio | Università degli Studi di Milano. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-13. ციტირების თარიღი: 2023-04-13.
  2. The First Ascent of K2 | National Geographic