არაქნე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Arachne.jpg

არაქნე (ძვ. ბერძნ. ἀράχνηობობა) ლიდიელი გოგონა, შესანიშნავი ხელმოსაქმე, რომელმაც გაბედა, ათენას შეჯიბრებოდა საფეიქრო საქმეში და განრისხებულმა ღმერთმა ობობად აქცია. მითის საფუძველი უნდა იყოს ობობას მართლაც „დიდი საფეიქრო ხელოვნება“.

ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ ვრცლადაა ეს მითი გადმოცემული. იქ მოთხრობილია, რომ არაქნე ნისლის მსგავსი ძაფებისგან ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდა. მან, გაამაყებულმა ქალღმერთი ათენა გამოიწვია შეჯიბრში. ათენამ საფენზე ამოქარგა აკროპოლისი და გამოსახა თავისი დავა პოსეიდონთან ატიკაზე ბატონობისთვის. ამ დავას ესწრება ოლიმპოს თორმეტი ღმერთი, მათ შორის მსაჯულად ზის ზევსი. პოსეიდონი გამოსახულია მაღლა აღმართული სამთითით, რომელიც კლდისათვის დაუკრავს და უნაყოფო კლდის ნაპრალიდან მლაშე წყალი ამოვარდნილა. ათენას ხელში ფარი უჭირავს და ეგიდა წამოუსხამს. მას შუბი დაუკრავს მიწისთვის და იმ ადგილას ზეთისხილის ხე ამოსულა.ღმერთებმა გამარჯვება ათენას მიულოცეს, მისი საჩუქარი უფრო სასარგებლოდ ჩათვალეს ატიკისათვის. ნაპირებზე ამოქარგულ სურათებზე ათენამ გამოხატა, რა მკაცრად სჯიან ღმერთები მოკვდავთ ურჩობისა და ამპარტავნობისთვის, საფენის გარშემო ათენამ ზეთისხილის ფოთლების გვირგვინი მოქარგა.

არაქნემ კი თავის ნახელავზე ღმერთების ცხოვრება წარმოსახა. მან უჩვენა, რა სუსტები არიან ისინი, როცა ადამიანური ვნებები შეიპყრობთ. საფენის გარშემო კი სუროთი დაწნული ყვავილების გვირგვინი ამოქარგა. მისი ნამუშევარი არაფრით ჩამოუვარდებოდა ათენას ნამუშევარს, თუმცა ღმერთების მიმართ უპატივცემულობა იგრძნობოდა. ათენა განრისხდა, არაქნეს ნახელავი დახია და მაქო თავში ჩაარტყა. არაქნემ ვერ აიტანა სირცხვილი, დაგრიხა ბაწარი, გაუკეთა მარყუჟი და თავი ჩამოიხრჩო. ათენამ არაქნე მარყუჟიდან გამოხსნა და უთხრა, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თუმცა მარად დაკიდული იქნებოდა და ასე უნდა ექსოვა მუდამ მას და მის შთამომავლობას.

ათენამ არაქნეს ჯადოსნური ბალახის წვენი აპკურა. მისი სხეული შეიკუმშა, თმა დაუცვივდა და ობობად იქცა.