ანტონიუ დი სალაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანტონიო დი სალაზარი)
ანტონიუ დი ოლივეირა სალაზარი
António de Oliveira Salazar
ანტონიუ დი ოლივეირა სალაზარი António de Oliveira Salazar
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ივლისი, 1932 – 25 სექტემბერი, 1968
წინამორბედიდომინგას ოლივეირა
მემკვიდრემარსელუ კაეტანუ

დაბადებული28 აპრილი 1889
ვიმეირუ, სანტა-კომბა-დანი, ბეირა-ალტა
გარდაცვლილი27 ივლისი 1970 (81 წლის)
ლისაბონი
ეროვნებაპორტუგალიელი
მეუღლეარ დაქორწინებულა
რელიგიაკათოლიკე

ანტონიუ დი ოლივერა სალაზარი (პორტ. António de Oliveira Salazar; დ. 28 აპრილი, 1889 — გ. 27 ივლისი, 1970) — პორტუგალიელი პოლიტიკური მოღვაწე, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და დიქტატორი (1932—1968). პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1951 წელს. დააფუძნა და წინ უძღვოდა ესტადო-ნოვოს („ახალი სახელმწიფო“), ავტორიტარულ, მემარჯვენე მთავრობას, რომელიც ქვეყანას მართავდა 1932 წლიდან 1974 წლამდე.

გზა ძალაუფლებისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონიო სალაზარი დაიბადა ვიმეიროში,[1] სანტა-კომბა-დაოში (ცენტრალური პორტუგალია), მოკრძალებულ ოჯახში. მამამისი, მცირე მიწათმფლობელი, დროთა განმავლობაში მსხვილ მიწათმფლობელად იქცა. ანტონიოს ჰყავდა 4 უფროსი და, ის იყო ერთადერთი მამაკაცი ოჯახში.

ანტონიოს უფროსი დები იყვნენ მარია დე რესგატე სალაზარ დე ოლივეირა, რომელიც იყო დაწყებითი კლასის მასწავლებელი, მარია ლეოპოლდინა სალაზარ დე ოლივეირა და ლაურა სალაზარ დე ოლივეირა, რომელიც 1887 წელს დაქორწინდა აბელ პე დე სოუსასთან, რომლის ძმა მარიო პე დე სოუსა იყო სალაზარის შინაგან საქმეთა მინისტრი.

მიუხედავად სასულიერო განათლებისა, სალაზარი ყოველთვის ამჯობინებდა დაბალი ფენების უფლებების დაცვას.

ანტონიო სწავლობდა ვისოს სემინარიაში 1900-1914 წლებში და აპირებდა გამხდარიყო მღვდელი, მაგრამ შეიცვალა აზრი და სწავლა გააგრძელა კოიმბრის სამართლის აკადემიაში, რესპუბლიკური მთავრობის პირველ წლებში. მისი, როგორც ახალგაზრდა ადამიანის პოლიტიკაში ჩართვის მთავარი მიზეზი მისი რომაულ-კათოლიკური ხედვები იყო, რომლებიც გადათელა ახალმა ანტი თეისტურმა პორტუგალიის პირველმა რესპუბლიკამ. ის წერდა სტატიებს კათოლიკურ გაზეთებში და მონაწილეობდა ქუჩის ბრძოლებში მემარჯვენეების მხარეზე, ეკლესიის ინტერესების დასაცავად.

სიდონიო პეს დიქტატურის ბოლო პერიოდში, 1917-1918 წლებში სალაზარს შესთავაზეს მინისტრობა, მაგრამ უარი თქვა. მოგვიანებით ის ფორმალურად ჩაერთო პოლიტიკაში კონსერვატორ-კათოლიკების პარტიაში შესვლით. ის არჩეულ იქნა პარლამენტშიც, მაგრამ პირველი სესიის შემდეგ გადაწყვიტა დაეტოვებინა პორტუგალიის პარლამეტი და დაეუფლა პოლიტ-ეკონომიკას კოიმბრის უნივერსტეტში.

1926 წლის 28 მაისის მოვლენების შემდეგ ის მოხვდა ხოსე მენდეს კაბეკადესის მთავრობაში როგორც 71–ე ფინანსთა მინისტრი, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, დატოვა თანამდებობა. მოგვიანებით ის კვლავ დანიშნეს ფინანსთა მინისტრად ქვეყანაში შიდა პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლის შემდეგ. 1932 წელს ის გახდა პორტუგალიის პრემიერ მინისტრი. ისტორიკოსთა უმრავლესობა სალაზარის მმართველობას ახასიათებს როგორც დიქტატორულს. 1933 წელს მან დაამტკიცა პორტუგალიის ახალი კონსტიტუცია, რომელმაც მას მიანიჭა ფაქტობრივად განუსაზღვრელი უფლებები. ქვეყანაში დამყარდა ავტორიტარული, ანტი საპარალამენტო რეჟიმი, რომელმაც გასტანა 4 დეკადას. ახალი კონსტიტუციით მოხიბლულები იყვნენ გერმანიასა და იტალიაში.[2]

სალაზარს ძალაუფლება მიანიჭა პრეზიდენტმა კარმონამ 1932 წელს, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერის საფუძველზე. ანარქიული რესპუბლიკური ერის შემდეგ, სალაზარის პოლიტიკამ მხარდამჭერები მოიპოვა თითქმის ყველა სოციალურ ფენაში.

ესტადო-ნოვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალზარმა შეიმუშავა ახალი კონცეფცია „Estado Novo“ (ახალი სახელმწიფო). ამ რეჟიმის ბაზისი იყო სტაბილურობის პლატფორმა. მისმა ადრეულმა რეფორმებმა გზა გაუხსნა ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. პორტუგალიის პირველი რესპიბლიკის ქაოტური პერიოდის შემდეგ, სალაზარის რეჟიმი ჩანდა სტაბილურობის გარანტი. ქვეყნის ტრანსფიგურაცია ცნობილია, როგორც „A Lição de Salazar“ („სალაზარის გაკვეთილი“).

განათლება არ იყო ქვეყნის პრიორიტეტი, მაგრამ დაწყებითი განათლება მთავრობის მიერ ფინანსდებოდა. მიუხედავად ამისა, პორტუგალია ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იდგა წერა-კითხვის ცოდნით, რადგან ანტონიო სალაზარის რეფორმები ძირითადად ეხებოდა მაღალ კლასს, დაბალი კლასებისთვის კი მდგომარეობა უარესდებოდა.

სალაზარმა შექმნა საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია, რომლის მიზანი იყო კომუნისტების და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ბრძოლა. თავიდან საიდუმლო პოლიციას ეწოდა PVDE (Polícia de Vigilância e Defesa do Estado), ის იყო გესტაპოს ინსპირირებული ორგანიზაცია, რომელიც ცნობილი გახდა ახალი სახელით (1945–1969) PIDE (Polícia Internacional e de Defesa do Estado) და დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლით შემიფარგლებოდა. სხვა დიქტატორული რეჟიმებისგან განსხვავებით სალაზარის რეჟიმი ნაკლებ სისხლიანი აღმოჩნდა. სალაზარის რეჟიმი იყო ავტორიტარული, ის ეფუძნებოდა მისსავე პოლიტიკურ ფილოსოფიას, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა რეგრესიულად ინტერპრეტირებულ კათოლიკურ სოციალურ დოქტრინას, რაც ძალიან წააგავდა ენგელბერტ დოლფუსის რეჟიმს ავსტრიაში. ეკონმიკური სისტემა ხასიათდებოდა როგორც კორპორატიული.

სალაზარი თავის თავს უწოდებდა პორტუგალიელ ნაციონალისტ-სინდიკალისტს. უამრავ ევროპულ ქვეყანაში იყო შიში კომუნიზმის დამყარების, ამიტომ სალაზარმა პორტუგალიაში აკრძალა როგორც მარქსისტული, ისე რევოლუციური ფაშისტ-სინდიკალისტური პარტიები. ამის გამო ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სალაზარის ფაშისტური იდეოლოგიისადმი რწმენა. მისი იდეოლოგია შეიცავდა რომაულ კათოლიციზმს, მონარქიზმს, რეგიონალიზმს და აგარარულ ტენდენციებს, რომლებიც ღრმა კონტრასტშია ფაშისტურ იდეოლოგიასთან. ისიც აღსანიშნავია, რომ ის აქტიურად უჭერდა მხარს ფრანსისკო ფრანკოს ესპანეთის სამოქალაქო ომში.[3]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, დასავლელმა მოკავშირეებმა პორტუგალიისგან მიიღეს კუნძულები დიდი ბრიტანეთისთვის და შემდგომ ამერიკისთვის სამხედრო საზღვაო ძალების განსალაგებლად.

ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სალაზარმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ესპანეთის სამოქალაქო ომში მან ოფიციალურად არც ერთ მხარეს არ დაუჭირა მხარი, თუმცა ფარულად მხარს უჭერდა ნაციონალისტებს. სალაზარმა გენერალ სანხურხოს, აჯანყების ლიდერს პორტუგალიის სამოქალაქო აეროპორტებიდან ფრენების ნება დართო. სალაზარი იყო ინიციატორი იბერიის ნეიტრალიტეტის პაქტისა, რომელიც მან შესთავაზა ფრანკოს 1939 წელს. სინამდვილეში კი ეს ეხმარებოდა მოკავშირეებს, რაც გამოიხატა აზოვის კუნძულების მოკავშირეების საზღვაო ძალებისთვის დათმობაში. ეს გამოწვეული იყო იქიდან, რომ მას არ შეეძლო მხარი დაეჭირა აქსისი ქვეყნებისთვის (ამ შემთხევავაში ნეიტრალიტეტის სრულად შენარჩუნება აქსისი მხარდაჭერად ფასდებოდა), რადგან ამით ის დაუპირისპირდებოდა ბრიტანეთის კოლონიურ იმპერიას, რომელსაც, თავის მხრივ, შეეძლო მიეტაცებინა პორტუგალიის კუთვნილი კოლონიები. ამის საპასუხოდ არსებობს ვერსია, რომ ფრანკომ დაგეგმა პორტუგალიის გიბრალტართან ერთად ოკუპაციის გეგმა ნაცისტების მხარდაჭერით. პორტუგალია აგრძელებდა ვოლფრამის და სხვა სიმდიდრეების ექსპორტს როგორც აქსისის ქვეყნებში (ნაწილობრივ შვეიცარიის გავლით), ისე მოკავშირეთა სახელმწიფოებში. 1945 წელს პორტუგალია იყო ფართო კოლონიური იმპერია, რომელიც აკონტროლებდა აზორის კუნძულებს, მადეირუს, კაბო-ვერდეს და პრინსიპის, ანგოლას, ბისაუს-გვინეას, კაბინდუს და მოზამბიკს აფრიკაში, დიუს, დამანს და გოას ინდოეთში, მაკაოს ჩინეთში და აღმოსავლეთ ტიმორს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. სალაზარმა, როგორც ძლიერმა ინტეგრალისტმა, კიდევ უფრო განამტკიცა პორტუგალიის კოლონიური იმპერია.

ომის შემდგომი პორტუგალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალაზარს სურდა პორტუგალიას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო პოლიტიკაში, რასაც ხელს უწყობდა პორტუგალიის სტრატეგიული მდებარეობა. სწორედ ამ მიზეზით პორტუგალია გახდა ერთადერთი არადემოკრატიული ნატოს დამფუძნებელი ქვეყანა 1949 წელს, რამაც პორტუგალიას მიანიჭა ერთ-ერთი მთავარი როლი კომუნიზმთან ბრძოლაში ცივ ომში. პორტუგალისა შესთავაზეს დახმარება მარშალის გეგმიდან, რაც იყო საზღაური იმის, რაც პორტუგალიამ გაუკეთა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში. შეთავაზება თავიდან უარყო სალაზარმა, თუმცა შემდგომ დასთანხმდა.

1950-იან წლებში პორტუგალიის ეკონომიკური მაჩვენებელი იგივე იყო, რაც მეორე მსოფლიო ომის ნეიტრალიტეტის პირობებში. ნამდვილი ეკონომიკური აღმასვლა კი დაიწყო 1960-იან წლებში „ახალი ტექნოკრატების“ მოსვლის შემდეგ, რამაც ქვეყანა აქცია საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად მსოფლიო არენაზე.

ომის შემდგომ კოლონიები მუდმივ არეულობაში იყვნენ. ინდოეთის მოვლენები იყო პირველი დარტყმა პორტუგალიის კოლონიური იმპერიისთვის მას შემდეგ, რაც გაფორმდა ინდოეთის კავშირი 1947 წლის 15 აგვისტოს. გოელმა ნაციონალისტებმა გააჩაღეს ბრძოლები გოას ინდოეთთან მიერთებისთვის. უფრო კონკრეტულად, მთლიანი ოპერაცია მოიცავდა სამოქალაქო და სამხედრო ოპერაციებს. სამოქალაქო ოპერაციებში შედიოდა მრავალრიცხოვანი აქციები ადმინისტრაციული შენობებთან და ა.შ., ხოლო სამხედრო ოპერაციების ფაზა დაკავშირებული იყო ინდოეთის შეიარაღებულ ძალებთან. ინდოეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ პორტუგალიის ინდოეთში და დაამყარეს კონტროლი გოაზე, დამანზე და დიუზე ოპერაცია ვიჯაის საშუალებით 1961 წელს.

ამასობაში კი მდგომარეობა უარესდებოდა პორტუგალიის დანარჩენ კოლონიებში. პორტუგალია აღმოჩნდა იზოლაციაში მას შემდეგ, რაც ევრო გაერთიანება შეჰპირდა აფრიკის პორტუგალიის მიერ კონტროლირებად სახელმწიფოებს დამოუკიდებლობას. 1960-იან წლებში შეიარაღებულმა რევოლუციურმა მოძრაობებმა მიაღწიეს მოზამბიკს, ანგოლას და პორტუგალიურ გვინეას. იმედები არსებობდა პორტუგალიურ გვინეაზე, სადაც პორტუგალიის არმიას და საზღვაო ძალებს შეეძლოთ ეფექტურად ემოქმედათ კარგად დაგეგმილი გეგმის მიხედვით ქვეითებთან, მილიციასთან და სპეციალური ოპერაციების დანაყოფებთან ერთად.

თავად პორტუგალიაში კი სალაზარის რეჟიმი იყო ისეთი ავტორიტარული, როგორც არასდროს. მისი რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებდა პირველი რესპუბლიკის არასტაბილური პერიოდის ხშირი შეხსენებით, მაგრამ ახალმა თაობამ, რომელსაც არ ენეხა პირველი რესპუბლიკა, ითხოვდა თავისუფალ პრესას და მედიას. ისინი უკვე ავლებდნენ პარალელებს ფრანკოს დიქტატურასთან.

ეკონომიკური პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის მხრივ სალაზარის მმართველობა აღინიშნება ეკონომიკური ზრდით, 1950 წლიდან სალაზარის სიკვდილამდე. პორტუგალია ეკონომიკური ზრდის ტემპებით (5.66% წელიწადში) პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში და გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური ქვეყანა ევროპაში. სალაზარის ეკონომიკა ხასიათდებოდა ეტატიზმით, რაც პოპულარული იყო დიდი დეპრესიის პერიოდში. ფინანსური სტაბილურობა იყო სალაზარის უმთავრესი მიზანი, რასაც აღწევდა უამრავი რეფორმების გატარებით ფინანსურ სისტემაში

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს სალაზარის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის დაავადებული იყო ინსულტით. 1968 წლის 27 სექტემბერს პრეზიდენტმა ამერიკუ ტომაშმა ის ჩამოაცილა თანამდებობას და პრემიერ-მინისტრად დანიშნა მარსელუ კაეტანუ. ანტონიო სალაზარს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე სჯეროდა, რომ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ. იგი გარდაიცვალა 1970 წლის 27 ივლისს, ლისაბონში. ათობით ათასი ადამიანი, და შესაძლოა უფრო მეტიც კი გამოვიდა დიდი დიქტატორის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად. შეიქმნა სპეცმატარებელი, რომელმაც სალაზარის კუბო ჩაიტანა მის მშობლიურ ქალაქში სანტა-კომბა-დაოში, სადაც დაკრძალულ იქნა მისი სურვილისამებრ.

სალაზარის შემდგომი პორტუგალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალაზარის სიკვდილის შემდეგ, მისმა ესტადო-ნოვოს რეჟიმმა უდრეკლად გააგრძელა ქვეყნის მართვა, ახლა უკვე სალაზარის დიდი ხნის თანაშემწის მარსელუ კაეტანუს მეთაურობით. მიუხედავად უამრავი მოლაპარაკებების მცდელობებისა რეჟიმის დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით (რაც ითვალისწინებდა კოლონიებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასაც), რომელსაც აწარმოებდა დემოკრატიული სამყარო, კაეტანუ მაინც ახერხებდა კოლონიური ომის გაჭიანურებას.

1974 წლის 25 აპრილს ესტადო-ნოვოს რეჟიმი საბოლოოდ დაეცა „მიხაკების რევოლუციის“ შედეგად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-14. ციტირების თარიღი: 2009-08-06.
  2. Ibid
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-26. ციტირების თარიღი: 2009-08-06.