ანთროპოსოფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შტაინერის დიზაინით 1920 წელს შექმნილი პირველი გოეთეანუმი, დორნახი, შვეიცარია.

ანთროპოსოფია — სულიერი ფილოსოფია, დაფუძნებული რუდოლფ შტაინერის მიერ, რომელსაც თანამედროვეობაში მოჰყავს ცენტრალური ევროპის სულიერი ტრადიციები[1]. ეს ფილოსოფია განიხილავს ობიექტური, გონებრივად აღსაქმელი სულიერი სამყაროს არსებობას, რომლის პირდაპირი წვდომაც შესაძლებელია შინაგანი განვითარებით — უფრო სპეციფიურად გრძნობადი განცდებისაგან დამოუკიდებელი აზროვნების ფორმის ცნობიერად გამომუშავებით[2][3]. სულიერი სამყაროს კვლევაში ანთროპოსოფია ისახავს ფიზიკური სამყაროს საბუნებისმეტყველო–მეცნიერული კვლევების დარი სიზუსტის და სიცხადის მიღწევას[2].

ანთროპოსოფიური საზოგადოების საერთაშორისო ცენტრი გოეთეანუმი მდებარეობს დორნახში, შვეიცარიაში.

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება]

რუდოლფ შტაინერი

ანთროპოსოფიის ფუძემდებლის, რუდოლფ შტაინერის თავდაპირველი შრომების კულმინაცია იყო მისი „თავისუფლების ფილოსოფია“ (ასევე თარგმნილი როგორც „სულიერი მოღვაწეობის ფილოსოფია“ და „ინტუიციური აზროვნება როგორც სულიერი გზა“). აქ შტაინერმა განავითარა თავისუფალი ნების ცნება დაფუძნებული შინაგან განცდებზე, განსაკუთრებით მათზე რომელთაც ადგილი აქვთ დამოუკიდებელი აზროვნების შემოქმედებაში[2].

მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის შტაინერის ინტერესები სულ უფრო და უფრო შორს მიდიოდა სულიერ კვლევებში. მისმა კვლევებმა დაინტერესება ჰპოვა მათ რიგებშიც ვინც უკვე ორიენტირებულნი იყვნენ სხვადასხვა სულიერი იდეებისკენ; მათ შორის იყო თეოსოფიური საზოგადოება. თეოსოფია იმ დროს საკმაოდ პოპულარული იყო გერმანულ და ავსტრიულ ეზოთერულ წრეებში. შტაინერის იდეებს თეოსოფიურ საზოგადოებაში დადებითად შეხვდნენ, რამაც გამოიწვია მისი ინდივიდუალობის გამყარება და მანამდე არსებული ერთგვარი დუმილის დარღვევა რომელიც მისთვის დამახასიათებელი იყო ადრეულ წლებში[4]. სწორედ აქ იპოვა მან არამარტო მისი ეზოთერული პარტნიორი და რიგით მეორე ცოლი, მერი ფონ სივერსი (ბერლინის თეოსოფიური შტაბბინის მფლობელი), არამად პასუხი მისსავე „ავტობიოგრაფიაში“ დასმულ კითხვაზე: „...როგორ ვიპოვო გზა რომ გამოვხატო ის რასაც მე შინაგანად პირდაპირ, ცხადლივ აღვიქვამ ჩემი თანამედროვეებისათვის გასაგები ცნებებით?“[5]

შტაინერმა თავის თავზე იტვირთა ლიდერის როლი თეოსოფიური საზოგადოების სექტორზე გერმანიაში, გახდა რა მისი მდივანი 1902 წელს, მისი ლიდერობის დროს წევრთა რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, რამდენიმე პიროვნებიდან სამოცდაცხრა ლოჟამდე[6].

1907 წლისთვის ბზარი შტაინერსა და ძირითად თეოსოფიურ საზოგადოებას შორის აშკარა გახდა. საზოგადოება თუ ორიენტირებული იყო აღმოსავლურ და განსაკუთრებით ინდურ მიდგომაზე, შტაინერი ცდილობდა განევითარებინა გზა რომელიც მოიცავდა ქრისტიანობისა და მეცნიერების შერწყმას[7]. გახლეჩა მოხდა საბოლოოდ, როდესაც იმდროინდელი თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტმა, ანი ბესანმა, დაიწყო ჯიდუ კრიშნამურტის რეინკარნირებულ ქრისტედ გაცხადება. შტაინერი ამას სასტიკად უარყოფდა და ნებისმიერ შედარებას კრიშნამურტსა და ქრისტეს შორის აბსურდად მიიჩნევდა; მრავალი წლის შემდეგ კრიშნამურტიმ აგრეთვე უარყო ეს მტკიცება. შტაინერი გამოეყო თეოსოფიურ საზოგადოებას. მას მიჰყვა გერმანული სექტორის წევრების უმრავლესობა, ისევე როგორც სხვა ეროვნული სექტორების წევრებიც[6][7].

ამ დროისთვის შტაინერს, როგორც სულიერ მოძღვარს, საკმაო სახელი ჰქონდა მოხვეჭილი[8]. ის ყვებოდა თავის პირდაპირ გამოცდილებებზე აკაშას ქრონიკებიდან, რომელიც მიიჩნევა ისტორიის, პრეისტორიის და სამყაროსა და კაცობრიობის მომავლის სულიერ ქრონიკებად. რიგ ნაშრომებში შტაინერმა აღწერა შინაგანი განვითარების გზა რომელიც მისი აზრით ნებისმიერს მისცემდა სულიერი გამოცდილების საშუალებას[9]. ჯანსაღი ხედვის განვითარების წინაპირობას ასევე წარმოადგენდა მკაცრი ეთიკური და შემეცნებითი თვით–დისციპლინა, კონცენტრაცია და მედიტაცია, აუცილებლობას წარმოადგენდა რომ პიროვნების მორალური განვითარება აღემატებულიყო მისი სულიერი უნარების განვითარებას.[2]

1912 წელს შეიქმნა ანთროპოსოფიური საზოგადოება. I მსოფლიო ომის შემდეგ ანთროპოსოფიურმა მოძრაობამ ახალი მიმართულებები დაისახა. ჩამოყალიბდა პროექტები როგორიცაა სკოლები, ცენტრები განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის, ორგანული ფერმები და სამედიცინო კლინიკები. 1923 წელს შტაინერმა დააარსა „სულიერი მეცნიერების სკოლა“, ამ სკოლის სულიერ საფუძვლად მან დაწერა მანტრული პოემა „დაარსების საფუძვლის მედიტაცია“ სადაც გამოხატა ადამიანის სამშვინველის ასპექტები გარე და სულიერ სამყაროებთან მიმართებით. ერთი წლის შემდეგ კი, 1925 წელს, შტაინერი გარდაიცვალა.

მეორე მსოფლიო ომმა დროებით შეაფერხა ანთროპოსოფიული მოძრაობა ევროპის უმეტეს წილზე, რადგანაც ანთროპოსოფიული საზოგადოება და მისი შვილობილი მოძრაობები აღიკვეთნენ ნაციონალ–სოციალისტების მიერ[10]. ფაქტობრივი მონაცემებით, არც ერთი ანთროპოსოფი არასოდეს გამხდარა ნაციონალ–სოციალისტური პარტიის წევრი[11].

2007 წლის მონაცემებით, ანთროპოსოფიული საზოგადოების ეროვნული ფილიალები დაარსებულ იქნა 50 ქვეყანაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10,000მდე ინსტიტუტი აგრძელებდა მუშაობას ანთროპოსოფიის საფუძვლებზე[12]. იმავე წელს ანთროპოსოფიულ საზოგადოებას ეწოდა ევროპული ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეზოთერული საზოგადოება.[13].

ანთროპოსოფიის ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ტერმინი ანთროპოსოფია არის ბერძნული ენიდან — ανθρωποσοφία, ἄνθρωπος ნიშნავს ადამიანს, ხოლო σοφία — სიბრძნეს. შტაინერამდე ეს ტერმინი გამოყენებული აქვთ ოკულტისტ აგრიპა ფონ ნეთესჰაიმს, ალქიმიკოსს თომას ვოჰანს და ფილოსოფოსებს იმანუელ ჰერმან ფიხტესა და რობერტ ციმერმანს; შტაინერს თავისი სადოქტორო თეზისი სწორედ ფიხტეზე აქვს დაწერილი. იგი აგრეთვე ესწრებოდა ციმერმანის გაკვეთილებს ვენის უნივერსიტეტში[14][15].

შტაინერმა თავისი ფილოსოფიის ამ სიტყვით მოხსენიება თეოსოფიის შენაცვლებით ადრეულ 1900-იან წლებში დაიწყო.

ანთროპოსოფია მოკლედ[რედაქტირება]

სულიერი ცოდნა და თავისუფლება[რედაქტირება]

ანთროპოსოფიის მიმდევრები განიზრახავენ მეცნიერული სიცხადის გავლენის გაფართოებას ადამიანის მშვინვიერი ცხოვრების და სულიერი გამოცდილებების ფენომენზე. ეს მოითხოვს ობიექტური სულიერი აღქმისათვის ახალი უნარების განვითარებას, რომელიც შტაინერის მიხედვით შესაძლებელია კაცობრიობისთვის ამ ეტაპზე. შინაგანი განვითარების ამ პროცესის საფეხურებად მან ცნო ცნობიერად მიღწეული „იმაგინაცია“, „ინსპირაცია“ და „ინტუიცია“[16]. შტაინერს სჯეროდა რომ ამ ფორმის სულიერი კვლევის შედეგები უნდა გამოხატულიყო იმგვარად რომ გაგებული ყოფილიყო იმავე საფუძვლებზე რაზეც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შედეგები: „აზროვნების ანთროპოსოფიული სკოლა განაპირობებს არა–გრძნობად, ან ე.წ. ზე–გრძნობად ცნობიერებას, რისი საშუალებითაც სულიერ მკვლევარს ამ სფეროების გამოცდილებები მოჰყავს იდეების, ცნებების და გამოხატულების ისეთ ფორმაში რომელსაც აღიქვამენ ისეთი ადამიანები რომელთაც ჯერ არა აქვთ განვითარებული უნარი სულიერი გამოცდილებებისა რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი სულიერი კვლევისათვის“[17].

შტაინერი იმედოვნებდა ისეთი სულიერი მოძრაობის შექმნას რომელიც გაათავისუფლებდა ინდივიდუალს ნებისმიერი გარე ავტორიტეტისაგან: „ადამიანის აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ადამიანის ბუნების ჩაწვდომა როგორც პიროვნებისა გამყარებული საკუთარ თავში“ [17]. შტაინერის აზრით ადამიანის უნარი რაციონალური აზროვნებისა აძლევდა მას საშუალებას დამოუკიდებლად სულიერი კვლევისა და ავტორიტეტზე დამოკიდებულების საფრთხის აცილებისა[17].

შტაინერმა განასხვავა ანთროპოსოფიური მიდგომა როგორც კონვენციური მისტიციზმისაგან, რომელსაც მისი აზრით აკლდა ზუსტი ცოდნის სიცხადე, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან, რომელთაც ის მიიჩნევდა როგორც გარე სამყაროს კვლევით თვითნებურად შეზღუდულს.

ადამიანური ბუნების არსი[რედაქტირება]

შტაინერი ადამიანის შემადგენლობაში განიხილავდა ფიზიკურ სხეულს, რომელსაც საერთო ბუნება აქვს არაორგანულ სამყაროსთან, სიცოცხლის სხეულს (ე.წ. ეთერულ სხეულს), რომელსაც ფლობს ყველა ცოცხალი არსება (მათ შორის მცენარეებიც), გრძნობელობის და ცნობიერების მატარებელ ასტრალურ სხეულს, აგრეთვე წარმოდგენილს ცხოველებში და ეგოს, რომელიც განამტკიცებს თვით–ცნობიერების უნარს და უნიკალურია ადამიანებისთვის.

ანთროპოსოფია აღწერს ადამიანის ცნობიერების ხანგრძლივ განვითარებას შემდეგნაირად: ადამიანი ევოლუციის საწყის ეტაპებზე ფლობდა რეალობის ინტუიციურ აღქმას, რომელიც ასევე მოიცავდა სულიერი რეალობების ნათელხილვურ აღქმას. კაცობრიობა პროგრესულად ავითარებდა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და შესაბამისად ელეოდა ინტუიციურ და ნათელხილვურ განცდებს, რომელნიც იქცნენ ატავისტურ გადმონაშთებად. ცნობიერების მზარდმა ინტელექტუალიზაციამ, რომელიც თავდაპირველად ევოლუციის პოზიტიურ მიმართულებას წარმოადგენდა, განაპირობა ჭარბი დამოკიდებულება აბსტრაქციაზე და კავშირის გაწყვეტა როგორც ბუნებრივ ასევე სულიერ რეალობებთან. ამრიგად ევოლუციაში წინ წაწევა საჭიროებს ახალ უნარებს რომლებიც გააერთიანებენ ინტელექტუალური აზროვნების სიცხადეს „იმაგინაციურთან“, და კიდევ უფრო შორს ცნობიერად მოპოვებულ „ინსპირაციულ“ და „ინტუიციურ“ ხედვასთან[18].

ანთროპოსოფია საუბრობს ადამიანის სულის რეინკარნაციაზეც, რომ ადამიანი გადის არსებობის სხვადასხვა საფეხურებს, განიცდის რა ინკარნაციას დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში, ცხოვრობს დედამიწაზე, ტოვებს სხეულს და შედის სულიერ სამყაროში, სანამ კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე ახალი სიცოცხლისათვის. ფიზიური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული აჯამებს განვლილ ცხოვრებას, აღიქვამს რა მის მოვლენებს მათი გადმოსახედიდან ვის მიმართაც იგი სიცოცხლეში ქმედებდა. ამ პროცესსა და შემდგომი სიცოცხლისათვის მომზადების ფაზამდე ხდება რთული ტრანსფორმაცია. ინდივიდუალის კარმული მდგომარეობა საბოლოოდ განსაზღვრავს მშობლების ვინაობას, ფიზიკურ სხეულს, მიდრეკილებებს და უნარებს რომლებიც უზრუნველყოფენ გამოწვევებს და შესაძლებლობებს შემდგომი განვითარებისთვის[18].

შტაინერმა აღწერა ზოგიერთი წინაპირობა რომელიც განსაზღვრავს ადამიანის სხვადასხვა ცხოვრებებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, ანუ კარმას[19][20].

ქრისტე ლუციფერსა და არიმანს შორის[რედაქტირება]

ლუციფერი და არიმანი (სატანა) ანთროპოსოფიაში წარმოდგენილნი არიან ორ პოლარულ, ძირითადად, ავი ზეგავლენის მქონე ფიგურებად სამყაროსა და ადამიანის განვითარებაში. შტაინერმა აღწერა მათი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები. მან დაახასიათა ლუციფერი შემდეგნაირად: „თამაშობს ადამიანის ამპარტავნებაზე და სთავაზობს მას ღვთაებრიობის ილუზიას, მაგრამ ასევე აქეზებს კრეატიულობასა და სულიერებას; არიმანი როგორც ბნელი სული, რომელიც აცდუნებს ადამიანებს რომ „...უარყონ მათი კავშირი ღვთიურ სამყაროსთან და მთელი არსებით იცხოვრონ მატერიალურ პლანზე, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ინტელექტსა და ტექნოლოგიას. ორივე ფიგურა განაპირობებს ავისმომტან შედეგებს როდესაც მათი გავლენა უადგილო და ცალმხრივია, თუმცა ამავდროულად მათი ზეგავლენა აუცილებელია ადამიანის თავისუფლების არსებობისათვის[2][21].“

ანთროპოსოფიის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აკისრია ამ ზეგავლენებს შორის ბალანსის მოძებნა, რომელიც ხდება თვით ქრისტეს მეოხებითა და დახმარებით, იმყოფება რა ამ ორ სულიერ არსებას შორის და ჰარმონიაში მოჰყავს ორი უკიდურესობა[21].

გამოყენება[რედაქტირება]

ანთროპოსოფიამ გამოყენება ჰპოვა შემდეგ სფეროებში:

ვალდორფის განათლება[რედაქტირება]

ეს არის პედაგოგიური მოძრაობა 1000–ზე მეტი ვალდორფის სკოლით (ამ სახელის საფუძველია პირველი ასეთი სკოლა, დაარსებული შტუტგარტში 1919წ.) მსოფლიოს 60–მდე ქვეყანაში; მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი (კერძო) სკოლებია[22]. ვალდორფის სკოლები ღებულობენ სრულ ან ნაწილობრივ სამთავრობო დაფინანსებას ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში.

სკოლები მდებარეობენ მრავალფეროვან საზოგადოებასა და კულტურაში: სან-პაულუს ღარიბი ფაველებიდან დაწყებული ნიუ–იორკის მდიდრული გარეუბნებით დამთავრებული[23][23]; ინდოეთში, ეგვიპტეში, ავსტრალიაში, ჰნოდერლანდსა და მექსიკაში. მიუხედავად იმისა რომ, თავიდან ვალდორფის სკოლები ძირითადად მასწავლებელებზე იყო დაფუძნებული, დღეს ისინი ფართოდ არიან გაზიარებული და მხარდაჭარელი აქტიური მშობლების ერთობით[24]. ვალდორფის განათლება არის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრაქტიკული გამოყენება ადამიანის არსის ანთროპოსოფიული ხედვისა და გაგების, რომელიც დახასიათებულ იქნა როგორც „ახალი განათლების საერთაშორისო მოძრაობის ლიდერი[24][25]“.

ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა[რედაქტირება]

ბიოდინამიურ სოფლის მეურნეობას, ორგანულად მიწის დამუშავების პირველი მცდელობის ფორმას[26], დაედო სათავე 1920–იან წლებში, როდესაც რუდოლფ შტაინერმა წაიკითხა ლექციების სერია, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული იბეჭდება როგორც „სოფლის მეურნეობა“. შტაინერი ითვლება თანამედროვე ორგანულად მიწის დამუშავების მოძრაობის ერთ–ერთ ფუძემდებლად[27][28].

ანთროპოსოფიული მედიცინა[რედაქტირება]

შტაინერს წაკითხული აქვს ლექციების სერიები ექიმებისა და სამედიცინო სტუდენტებისათვის. აქედან დაედო საფუძველი ალტერნატიულ სამედიცინო მოძრაობას, რომელიც დღეს ასობით ექიმს მოიცავს, ძირითადად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და გააჩნია საკუთარი კლინიკები, საავადმყოფოები, სამედიცინო სკოლები[2]. ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდი წარმოადგენს ფითრის ექსტრაქტების გამოყენებას კიბოს თერაპიაში[29].

განათლება და მომსახურება განსაკუთრებულ საჭიროებების მქონეთათვის[რედაქტირება]

1922 წელს იტა ვეგმანმა შვეიცარიაში დააფუძნა ანთროპოსოფიული ცენტრი ზონენჰოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთა განათლებისათვის. 1940 წელს კარლ კიონიგმა დააარსა „კემპჰილის მოძრაობა“ შოტლანდიაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გავრცელდა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისათვის ამჟამად 100–ზე მეტი კემპჰილის საზოგადოება და სხვა ანთროპოსოფიული თავშესაფარი არსებობს მსოფლიოს 22–მდე ქვეყანაში[30].

არქიტექტურა[რედაქტირება]

შტაინერს დაახლოებით 13–მდე შენობის დიზაინი ეკუთვნის, რომელთაგან ბევრი უნიკალური ორგანულ-ექსპრესიული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია[31]. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია გოეთეანუმის ორი შენობისა დორნახში, შვეიცარიაში. ანთროპოსოფი არქიტექტორების შემდგომი თაობების მიერ ათასობით სხვა შენობა იქნა აგებული[32].

„აი–ენ–ჯი ჰაუსი“

სია იმ არქიტექტორებისა, რომლებზეც ანთროპოსფიულმა სტილმა ძლიერი ზეგავლენა იქონია, მოიცავს იმრე მაკოვეცს უნგრეთში, ჰანს შარუნსა და იოახიმ ებლეს გერმანიაში, ერიკ ასმუსენს შვედეთში, კენჯი იმაის იაპონიაში, თომას რაუს, ანტონ ალბერტსსა და მაქს ვან ჰუუტს ჰოლანდიაში, კრისტოფერ დეისა და კემპჰილის არქიტექტორებს გაერთიანებულ სამეფოში, თომფსონს და როუზს ამერიკაში, დენის ბაუმენს კანადაში, და ვალტერ ბარლეი გრიფინსა და გრეგორი ბერჯესს ავსტრალიაში[33][34].

ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ თანამედროვე მაგალითს ანთროპოსოფიული არქიტექტურისა წარმოადგენს „აი–ენ–ჯი ჰაუსი“, „აი–ენ–ჯი ბანკის“ შენობა ამსტერდამში, რომელსაც რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული თავისი ეკოლოგიური დიზაინისა და დამოუკიდებელი ეკოლოგიისადმი მიდგომის გამო, როგორც ავტონომიურ შენობასა და როგორც ეკოლოგიური არქიტექტურის მაგალითს[35].

ევრითმია[რედაქტირება]

შტაინერის მიერ ჩამოყალიბებულმა ევრითმიის ხელოვნებამ ადრევე გაითქვა სახელი[36]. ევრითმია იღვწის ცეკვის სულიერი საფუძვლების განახლებისაკენ, სიტყვებისა და მუსიკის ხილულ მოძრაობებში გამოხატვის გზით. აქტიური სასცენო ჯგუფები და სასწავლო ცენტრები ამჟამად 12 ქვეყანაში მდებარეობს[37].

სოციალური ფინანსები[რედაქტირება]

მსოფლიოს გარშემო არსებობს რიგი ბანკები, კომპანიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და სკოლები, დაკავებული ბიზნესის კოოპერატიული ფორმების განვითარებისთვის, რომლებიც სარგებლობენ შტაინერის იდეებით ეკონომიკური ასოციაციების შესახებ, ისახავენ რა მიზნად მსოფლიოს ეკონომიკაში ჰარმონიული და სოციალურად პასუხისმგებლური როლის მიღწევას[2]. პირველ ანთროპოსოფიულ ბანკს წარმოადგენდა “Gemeinschaftsbank für Leihen und Schenken” ბოხუმში, გერმანიაში, დაარსებული 1974 წელს[38]. ინგლისურენოვან სამყაროში ანთროპოსოფიიდან აღმოცენილი ბანკების მაგალითებია: ტრიოდოს ბანკი, დაარსებული 1980 წელს და ამჟამად მოქმედი გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში, ლა ნეფი საფრანგეთში და “RSF Social Finance”[39] სან ფრანცისკოში.

სოციალური მიზნები[რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შტაინერი განსაკუთრებით აქტიური და ცნობადი იყო გერმანიაში, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის ფართოდ კითხულობდა ლექციებს სოციალურ რეფორმებზე წინადადების წამოყენებით. შტაინერი ნაციონალიზმის მკაცრი კრიტიკოსი იყო, რომელსაც დრომოჭმულად მიიჩნევდა, მხარს კი უჭერდა სოციალური სოლიდარობის მიღწევას, ინდივიდუალური თავისუფლების გზით[2]. პეტიცია, რომელიც მოითხოვდა რადიკალურ ცვლილებებს გერმანულ კონსტიტუციაში და გამოხატავდა მის ძირითად სოციალურ იდეებს, ფართოდ იყო გავრცელებული. შტაინერის მთავარი წიგნი სოციალურ რეფორმაზე არის „სოციალური განახლებისკენ“[2].

ანთროპოსოფია ინარჩუნებს საზოგადოების რეფორმირების ხედვას, კულტურის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკის სფეროების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცების გზით. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იდეალს საზოგადოების ამ სამ თითოეულ სფეროში[2]:

  1. თავისუფლება კულტურულ ცხოვრებაში;
  2. თანასწორუფლებიანობა კანონმდებლობის სფეროსა და სასამართლო სისტემაში;
  3. სოლიდარობა ეკონომიკურ სფეროში.

ეზოთერული გზა[რედაქტირება]

სულიერი განვითარების გზები[რედაქტირება]

შტაინერის მიხედვით, არსებობს რეალური სულიერი სამყარო, საიდანაც მატერიალურმა თანდათან განიცადა კონდენსაცია და ევოლუცია. შტაინერი თვლიდა რომ სულიერი სამყაროს კვლევა სწორ გარემოებებში შესაძლებელია პირდაპირი განცდით, ეთიკური და შემეცნებითი თვით-დისციპლინის მკაცრი ფორმების პრაქტიკის პირობებში. შტაინერმა მრავალი ისეთი სავარჯიშო აღწერა, რომელიც, მისი აზრით, ასეთი დისციპლინის განმტკიცებას ემსახურებოდა. მათი ყველაზე ვრცელი განხილვა მოცემულია წიგნში „როგორ შევიმეცნოთ ზენა სამყაროები“. ამ სავარჯიშოების მიზანია ცნობიერების უფრო მაღალი დონეების განვითარება მედიტაციისა და დაკვირვების გზით[16].

ვიკიციტატა
„ანთროპოსოფია არის ცოდნის გზა, რომელიც გზას უკვლევს სულიერ არსს ადამიანისა სამყაროს სულიერი არსისაკენ...ანთროპოსოფები არიან ისინი ვინც ადამიანის ბუნების არსისა და სამყაროს შესახებ გარკვეულ კითხვებზე პასუხებს ისეთივე სიცოცხლისათვის საჭირო აუცილებლობად განიცდიან და გრძნობენ როგორც შიმშილი და წყურვილი განიცდება[40].“

შტაინერი თვლიდა რომ მისი კვლევის წარმოდგენილი ანგარიშები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდა სხვებს სულიერი გამოცდილებების შეძენის დროს. იგი აცხადებდა რომ სულიერი სავარჯიშოების კომბინაცია (მაგ.: კონცენტრაცია საგანზე, როგორიცაა მცენარის თესლი), მორალური განვითარება (ფიქრების, გრძნობების და ნების კონტროლი შერწყმული თვისებებთან, როგორიცაა: გახსნილობა, შემწყნარებლობა და დამყოლობა) და სხვა სულიერი მკვლევარების მოხსენებების გაცნობა საუკეთესო შედეგებს მოუტანდა ინდივიდუალს სულიერ განვითარებაში წინსვლისთვის. ის განუწყვეტლივ უსვამდა ხაზს, რომ ნებისმიერი შინაგანი, სულიერი ვარჯიში ისე უნდა განხორციელებულიყო რომ არანაირი ზემოქმედება არ მოეხდინა ადამიანის ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ პასუხისმგებლობებზე[16].

ანთროპოსოფიაში, შემოქმედებითი ექსპრესია განიხილება როგორც პოტენციურად ფასეული ხიდი სულიერ და მატერიალურ რეალობებს შორის[41].

შინაგანი განვითარების საწინდრები და საფეხურები[რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ადამიანმა, რომელსაც სურს შინაგანი განვითარება, პირველ რიგში, უნდა იღონოს ყველაფერი მანამდე არსებულ ზოგიერთ მისწრაფებაზე უარის სათქმელად. შემდეგ, ისინი ახალი მისწრაფებებით უნდა ჩაანაცვლოს, ღირსეული თვისებებისა და მახასიათებლების მუდმივად გონებაში შენარჩუნებითა და მათზე ფიქრით. ისინი ისე უნდა იყვნენ განბეჭდილნი ადამიანის არსში, რომ პიროვნებას შეეძლოს საკუთარი ნებით თავისი სამშვინველის შეცვლა. ეს უნდა მოხდეს ისე ობიექტურად, როგორც ქიმიური ნივთიერების გამოცდა შეიძლება ექსპერიმენტში. ადამიანს, რომელსაც არასოდეს უცდია საკუთარი სამშვინველის შეცვლა, არასოდეს გადაუწყვიტავს გამძლეობის, სიმტკიცისა და ლოგიკური აზროვნების განვითარება, ან გადაწყვეტილება მიუღია, მაგრამ შემდგომ თავი დაუნებებია, რადგან შედეგს ვერ მიაღწია ერთ კვირაში, ერთ თვეში, ერთი წელიწადში ან თუნდაც 10 წელიწადში, ვერასოდეს მივა შინაგან დასკვნამდე ამ რეალობების მიმართ[42].“

შტაინერის მიერ წამოყენებული სულიერი გზის საწინდრები მოიცავს სერიოზული შემეცნების დაწყების ნებას, ფაქტობრივი მტკიცებულების პატივისცემასა და პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას. ამ გზაზე პროგრესისათვის მთავარი კი შემდეგი თვისებების ჰარმონიული გამომუშავებაა[43]:

  • კონტროლი საკუთარ აზროვნებაზე
  • კონტროლი საკუთარ ნებაზე
  • შინაგანი სიმშვიდე გრძნობელობაში
  • პოზიტიურობა
  • მიუკერძოებლობა

შტაინერი აღიქვამს მედიტაციას როგორც კონცენტრაციას და აზროვნების ძალის გაუმჯობესებას. ცნობიერად რაიმე იდეაზე, გრძნობაზე ან განზრახვაზე ყურადღების გადატანით მედიტანტი მიზნად ისახავს ჯანსაღი აზროვნების მიღწევას. შტაინერის ხედვით, კონვენციური გრძნობად–მატერიალური ცოდნა მიიღწევა აღქმისა და ცნებების ურთიერთდაკავშირებით. ეზოთერული წვრთნის ანთროპოსოფიული გზა გამოკვეთს ზე–გრძნობადი ცოდნის სამ შემდგომ საფეხურს, რომელიც ინდივიდუალის სულიერი პროგრესის გზაზე არაა აუცილებელი მკაცრი რიგითობით გამოიხატოს[43][44].

  • სიმბოლურ ნიმუშებზე, გამოსახულებებზე და პოემურ მანტრებზე კონცენტრაციით, მედიტანტი აღწევს ცნობიერად წარმართულ იმაგინაციებს და გრძნობადი ფენომენების საშუალებით აღიქვამს მშვინვიერ–სულიერი არსებების ბუნებას.
  • ამგვარი იმაგინაციური გამოსახულებების ზღვარის გადალახვით, მედიტანტი აცნობიერებს თავად მედიტაციური ქმედების არსს, რომელიც წინ უძღვის მშვინვიერ-სულიერი არსებების გამოხატულებების განცდას გრძნობადი ფენომენების ან ხასიათის ჩარევის გარეშე. შტაინერი ამას ინსპირაციას უწოდებს.
  • ნებელობის ძალების გაძლიერებით, ისეთი სავარჯიშოებით, როგორიცაა დღის მოვლენების მიმოხილვა ქრონოლოგიური შებრუნებით, მედიტანტს შეუძლია გრძნობადი განცდებისგან შინაგანი დამოუკიდებლობის შემდგომი საფეხურის მიღწევა, რომელიც წინ უძღვის პირდაპირ კავშირს და ერთიანობასაც კი სულიერ არსებებთან („ინტუიცია“) ინდივიდუალური ცნობიერების დაკარგვის გარეშე.

სულიერი სავარჯიშოები[რედაქტირება]

შტაინერმა აღწერა რიგი სავარჯიშოებისა, რომელიც მისი რწმენით სულიერი განვითარების საწინდარი იყო. მრავალი სხვა დამტკიცდა სხვა ანთროპოსოფების მიერ. საყრდენ პრინციპს წარმოადგენს ის, რომ „სულიერი აღქმისაკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს თან უნდა უძღოდეს სამი ნაბიჯი მორალურ განვითარებაში“. ანთროპოსოფიის მიხედვით, მორალური განვითარება ამჟღავნებს, თუ რა ხარისხით აქვს ადამიანს თავის შინაგან განვითარებაზე კონტროლი მოპოვებული და როგორ შეუძლია სხვა ადამიანებთან სულიერი თანაცხოვრება ჰარმონიაში. ის აჩვენებს რეალურ პროგრესს სულიერ განვითარებაში, რისი ნაყოფიც შეიცნობა სულიერ აღქმაში. ის ასევე გარანტიას იძლევა ყალბი აღქმების ან ილუზიების (რომელთაც შესაძლოა ადგილი ქონდეთ როგორც გარე, ისევე შინაგან სამყაროში) და ნამდვილი აღქმების გარჩევაში ან, უკეთ რომ ჩამოვაყალიბოთ, სუბიექტური ელემენტების ზეგავლენისა და ობიექტური რეალობის გარჩევაში[16].

ადგილი დასავლურ ფილოსოფიაში[რედაქტირება]

შტაინერმა განავითარა გოეთეს კონცეფცია იმაგინაციური ძალისა, რომელსაც შეუძლია გრძნობით აღქმული საგნის ფორმისა (მისი გარე გამოხატულების გამოსახულება) და მასზე არსებული წარმოდგენის (მისი შინაგან სტრუქტურის ან ბუნების გამოსახულება) სინთეზი. შტაინერმა ამ კონცეფციას დაამატა ის, რომ აზროვნების განვითარებაში შემდგომი საფეხურიც არსებობს, როდესაც მოაზროვნე საკუთარ აზროვნების პროცესს აკვირდება. „დაკვირვების ორგანო და დაკვირვებული აზროვნების პროცესი ამგვარად ერთი ხდება, ისე რომ მიღწეული მდგომარეობა ერთდროულად წარმოადგენს აღქმას აზროვნებით და აზროვნებას აღქმით.“[16]

ამგვარად, შტაინერის ხედვით, ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ სუბიექტ-ობიექტის დანაწევრება შინაგანი ქმედებით, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანური განცდა სწორედ ამ დანაწევრებით იწყება. ამასთან დაკავშირებით, შტაინერი განიხილავს ნაბიჯს — გარე შთაბეჭდილებებით განპირობებული აზროვნებიდან გარე შეგრძნებებისაგან თავისუფალი აზროვნებისკენ. ის ახასიათებს ამგვარ აზრებს, როგორც მათემატიკურს ან ლოგიკურს. შტაინერი მიიჩნევდა, რომ ამგვარად მან წარმოადგინა თავისუფალი ნებელობის წყარო აზროვნებაში და განსაკუთრებით გარე შეგრძნებებისგან თავისუფალ აზროვნებაში[16].

ეპისტემური საფუძვლის მქონე, შტაინერის ანთროპოსოფიული ნამუშევრები წარმოდგენილია „თავისუფლების ფილოსოფიაში“[45]. ადრეულ შრომებში შტაინერი ცდილობდა გადაელახა დეკარტისეული იდეალიზმი და კანტისეული სუბიექტივიზმი გოეთეს კონცეფციის განვითარებით ადამიანური არსის შესახებ, როგორც ბუნებრივ–ზებუნებრივი მთლიანობა — ბუნებრივი, როგორც კაცობრიობა ბუნების პროდუქტი და ზებუნებრივი, როგორც, ჩვენი, ადამიანების შემეცნებითი უნარი, რომლითაც შეგვიძლია ბუნების სფეროდან გაღწევა და ამ ძალების არეკვლა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში[46]. შტაინერი იყო ერთ–ერთი პირველი ევროპელი ფილოსოფოსი, რომელმაც გადალახა სუბიექტ–ობიექტის დანაწევრება დასავლურ აზროვნებაში[46]. მიუხედავად მისი ნაკლები ცნობადობისა ფილოსოფიის წრეებში, მისი ფილოსოფიური იდეები აიტაცა ოუენ ბარფილდმა (ხოლო მისი გავლით გავლენა იქონია ინკლინგსზე, ქრისტიანი მწერლების ოქსფორდულ ჯგუფზე, ჯონ ტოლკინის და კლაივ ლიუისის მონაწილეობით) და რიჩარდ ტარნასმა[47].

მეცნიერებისა და სულის ერთიანობის შესაძლებლობა[რედაქტირება]

შტაინერს სწამდა მეცნიერული აზროვნების სიცხადის გადატანისა სულიერ გამოცდილებებზე, რომელთა სამყოფელს იგი აღიქვამდა როგორც ობიექტურად არსებულ სულიერ სამყაროს[48]. შტაინერმა ცნო მათემატიკა, რომელიც აღწევს სიზუსტეს თვით აზროვნებაში, ამგვარად შინაგან განცდებში და არა ემპირიულ დაკვირვებაში[49], როგორც სულიერ გამოცდილებაში თავისი ეპისტემოლოგიის საფუძვლად[50].

რელიგიასთან დამოკიდებულება[რედაქტირება]

ქრისტე როგორც დედამიწის ევოლუციის ცენტრი[რედაქტირება]

შტაინერის ნაწერები, მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემას გამოხატავს ყველა რელიგიისა და კულტურული განვითარების მიმართ, აქცენტს აკეთებს დასავლურ ტრადიციაზე, როგორც თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისად განვითარებულზე[7]. ის ახასიათებს ქრისტეს და მის მისიას დედამიწაზე, როგორც ინდივიდუალური ცნობიერების მომტანს, რითიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის განვითარებაში[2]. ამავდროულად:

  • ქრისტიანობა განვითარდა მანამდე არსებული რელიგიების საფუძველზე;
  • ქმნილება, რომელიც ვლინდება ქრისტიანობაში, ასევე ვლინდებოდა ქრისტიანობამდე არსებულ სხვა რელიგიებშიც, რომლებიც ჭეშმარიტი იყვნენ იმ დროსა და კულტურულ შინაარსში რომელშიც დაიბადნენ;
  • ქრისტიანობის ყველა ისტორიულმა ფორმამ უნდა განიცადოს საკმაო ტრანსფორმაცია, რომ შეესაბამოს კაცობრიობის მიმდინარე განვითარებას.
ვიკიციტატა
„სულიერ მეცნიერებას არ სურს ქრისტიანობის უზურპაცია. პირიქით, მას უნდა, გახდეს საშუალება ქრისტიანობის გასაგებად. ამგვარად გახდება ნათელი ჩვენთვის, რომ ქმნილება, რომელსაც ჩვენ ქრისტეს ვუწოდებთ, დედამიწის სიცოცხლის ცენტრია და რომ ქრისტიანობა არის საბოლოო და შეუცვლელი რელიგია დედამიწის მთელი მომავლისა. სულიერი მეცნიერება განსაკუთრებით კარგად გვაჩვენებს რომ პრე–ქრისტიანული რელიგიები ცალმხრივად განვითარდნენ და გაერთიანდნენ ქრისტიანულ რწმენაში. სულიერი მეცნიერება არ განიზრახავს ქრისტიანობის რაიმე სხვა რელიგიით ჩანაცვლებას, არამედ სურს ქრისტიანობის უფრო ღრმა და გულით შესმენილი გაგების ხელის შეწყობა[51].“

ამგვარად, ანთროპოსოფია მიიჩნევს, რომ არსებობს ქმნილება, რომელსაც ერთიანობაში მოყავს პრე–ქრისტიანული რელიგიები ქრისტიანულთან და არ არის წარმოდგენილი არც ერთი ცალკეული რელიგიით. ეს ქმნილება, შტაინერის მიხედვით, არა მარტო სამოთხიდან დაცემის გამომსყიდველია, არამედ უნიკალური საყრდენი წერტილია დედამიწის ევოლუციური პროცესებისა და კაცობრიობის ისტორიის.

აზრთა სხვადასხვაობა ტრადიციულ ქრისტეანულ მოძღვრებასთან[რედაქტირება]

შტაინერის ხედვა ქრისტიანობისა გასხვავდება ტრადიციული ქრისტიანული მოძღვრებისაგან შემდეგ ასპექტებში და შეიცავს გნოსტიკურ ელემენტებს:

  • ერთ–ერთი ძირითადი განსხვავებაა შტაინერის შეხედულებები კარმასა და რეინკარნაციაზე;
  • შტაინერმა განასხვავა სამი თანამედროვე ბილიკი ქრისტესთან მისაღწევად:
    • სახარებების გულით შესმენა; შტაინერმა აღწერა ეს როგორც ისტორიულად გავრცელებული გზა, მაგრამ მომავალში როგორც უფრო ძალადაკარგული;
    • სულიერი რეალობების შინაგანი გამოცდილება; ეს კი შტაინერმა დაახასიათა როგორც უფრო და უფრო მზარდი გზა სულიერი და რელიგიური მაძიებლებისათვის.
    • ხელდასხმითი გამოცდილებები, ანუ ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის უშუალო განცდა; შტაინერი მიიჩნევდა რომ ეს გზაც მომავალში მეტად მზარდი იქნებოდა.
  • შტაინერს ასევე სწამდა რომ არსებობდა ორი იესო, რომლებიც ქრისტეს ხორცშესხმაში იღებდნენ მონაწილეობას: ერთი ბავშვი იყო სოლომონ მეფის შთამომავლობის ხაზიდან, როგორც აღწერილია მათეს სახარებაში, ხოლო მეორე სოლომონის ძმის, ნათანის ხაზიდან, როგორც აღწერილია ლუკას სახარებაში[2];
  • მისი შეხედულება ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ასევე განსხვავებულია: მისი აზრით, ეს არ იქნებოდა ფიზიკური მოვლენა, არამედ ქრისტე გამოცხადდებოდა არა–ფიზიკური ფორმით, ხილვადად სულიერი თვალისთვის და მისი აღქმა 1933 წლიდან მოყოლებული ადამიანების მზარდ რიცხვს შეეძლებოდა[52].

ქრისტიანული საზოგადოება[რედაქტირება]

შტაინერს მისი ცხოვრების ბოლოს, თეოლოგი სტუდენტების ჯგუფმა (ძირითადად ლუთერანები, აგრეთვე კათოლიკები) მიაკითხა, ქრისტიანობის გამოცოცხლებაში დახმარებისთვის, განსაკუთრებით, „თანამედროვე მეცნიერებასა და სულიერ სამყაროს შორის არსებულ ფართო ბზარზე ხიდის გადებისთვის“[2]. მათ შესთავაზეს ცნობილ ლუთერან მღვდელს, ფრიდრიხ რიტელმეიერს, რომელიც უკვე მუშაობდა შტაინერის იდეებზე, რომ გაერთიანებულიყვნენ ერთი მიზნით. მათი ერთობლივი ღვაწლით შეიქმნა მოძრაობა, ცნობილი როგორც „ქრისტეანული საზოგადოება“. შტაინერმა მიუთითა, რომ მიუხედავად ამ მოძრაობის შექმნაში მისი შეტანილი წვლილისა, მას თავისი ანთროპოსოფიული მოძრაობისგან განცალკევებით განიხილავდა, რამეთუ სურდა ანთროპოსოფია დამოუკიდებელი ყოფილიყო ნებისმიერი რელიგიისაგან[2].

ანთროპოსოფიის მიღება[რედაქტირება]

გამოჩენილი მხარდაჭერები[რედაქტირება]

ანთროპოსოფიას დროის მანძილზე ჰყოლია ცნობილი მხარდაჭერები თავად მოძრაობის გარეთ. მათ შორის ყოფილა ბევრი მწერალი, მხატვარი და მუსიკოსი: სოლ ბელოუ[53], ანდრეი ბელი,[54][55], იოზეფ ბოისი[56], ოუენ ბარფილდი, ვასილი კანდინსკი [57][58]; ნობელის ლაურეატები სელმა ლაგერლოფი[59], ალბერტ შვაიცერი, ანდრეი ტარკოვსკი[60], ბრუნო ვოლტერი[61] და ალტერნატიული ნობელის პრიზიორი იბრაჰიმ აბულეიში[62].

მეცნიერული საფუძვლები[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ რუდოლფ შტაინერი ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს სწავლობდა, მან სადოქტორო ნაშრომი ეპისტემოლოგიაში დაიცვა და მისი შრომების ძალზე მცირე ნაწილი უკავშირდება პირდაპირ ემპირიულ მეცნიერებებს. მის მოწიფულ შრომებში, როდესაც ის ეხებოდა მეცნიერებას, ხშირად იყო წარმოდგენილი გოეთესებური მეცნიერება, როგორც თანამედროვე მატერიალისტური მეცნიერების ალტერნატივა[63].

მის პირველად ინტერესს წარმოადგენდა მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოყენება შინაგანი გამოცდილებების სფეროში და შტაინერმა უწოდა კიდეც ანთროპოსოფიას “Geisteswissenschaft” (პირ.: გონის მეცნიერება, კულტურული ან სულიერი მეცნიერება), ტერმინი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება გერმანულში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებთან მიმართებით[64].

არის თუ არა ყოველივე ეს ანთროპოსოფიისათვის საკმარისი საფუძველი, რომ ჩაითვალოს სულიერ მეცნიერებად, დავის საგანი გამხდარა[21][63]. როგორც ფრედა ისტონმა ახსნა თავის ნაშრომში ვალდორფის სკოლების შესახებ, „აღიარებს თუ არა მავანი ანთროპოსოფიას მეცნიერებად, დამოკიდებულია, აღიარებს თუ არა იგი მეცნიერების შტაინერისეულ ინტერპრეტაციას, რომ ის ვრცელდება ადამიანის ცნობიერების შესაძლებლობებზე საკუთარი შინაგანი სულიერი სამყაროს აღსაქმელად[65].“ სვენ ოვ ჰანსონი დაობს ანთროპოსოფიის მეცნიერული საფუძვლების შესახებ, ამბობს რომ, მისი იდეები არ არის არც ემპირიულად წარმოქმნილი, არც აღდგენადი და არც ტესტირებადი[66].

კარლო ვილმანი მიუთითებს რომ, ანთროპოსოფიული მეთოდოლოგია არ გვთავაზობს შესაძლებლობას მისი უტყუარობის უარსაყოფად, გარდა სულიერი გამოძიებისა თავისივე საკუთარი პროცედურებით, აგრეთვე ინტერსუბიექტური მტკიცება ხდება შეუძლებელი საყოველთაოდ მიღებული მეცნიერული მეთოდებით; ამგვარად ის ვერ ერგება პოზიტივისტური მეცნიერების კრიტიკას. პიტერ შნაიდერი ამგვარ წინააღმდეგობებს უწოდებს უსაფუძვლოს, რადგან თუ არაგრძნობადი, არაფიზიკური სფერო არსებობს, მაშინ, შტაინერის მიხედვით, ნამდვილი, შეურეველი ფიქრის გამოცდილება სწორედ ამ სფეროს ეკუთვნის და, შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა ემპირიული საფუძვლის მქონე ზეგრძნობადი შინაარსის შესაძლებლობის გამორიცხვა[16].

რელიგიური ბუნება[რედაქტირება]

როგორც მკაფიოდ სულიერი მოძრაობა, ანთროპოსოფია ხშირად მოუხსენებიათ რელიგიური ფილოსოფიად[67]. 2005 წელს კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჯგუფი, რომელიც ამტკიცებდა ანთროპოსოფიის რელიგიურ ბუნებას, პრივილეგირებულს სახელმწიფოს მხრიდან, ვერ უზრუნველყო საკმარისი მტკიცებულებები. ეს საქმე გასაჩივრების სტადიაშია. 2000 წელს საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ სამთავრობო მინისტრის მოხსენიება ანთროპოსოფიისა, როგორც კულტი, იყო ცილისმწამებლური[68].

რასობრივი განცხადებები[რედაქტირება]

ანთროპოსოფიული იდეები, რასობრივ დებატებში, ერთი მხრივ, გაკრიტიკებული ყოფილა მათი ძლიერი პოზიციის გამო რასიზმის წინააღმდეგ:

1930იანი წლების შუიდან მოყოლებული, ნაციონალურ-სოციალისტურმა იდეოლოგებმა შეუტიეს ანთროპოსოფიულ მსოფლმხედველობას, როგორც ნაცისტურ-რასისტული და ნაციონალისტური პრინციპების საწინააღმდეგოს. ანთროპოსოფია მიიჩნევდა „სისხლს, რასას და ნათესაობას“, როგორც პრიმიტიულ ინსტინქტებს, რომლებიც უნდა დაძლეულიყო[69][70].

მეორე მხრივ, გაკრიტიკებული ყოფილა რასების საფეხურებრივი განლაგების გამო, რომელსაც მიაწერენ შტაინერის ფილოსოფიას:

...რასასთან მიმართებით, ცნობიერების ევოლუციის გულუბრყვილო ვერსია, თეორია, რომელიც საფუძველს უქმნის როგორც ანთროპოსოფიას ასევე ვალდორფის განათლებას, ზოგჯერ აყენებს ერთ რასას მეორის ქვემოთ განვითარების სხვადასხვა განზომილებებში[71].

ანთროპოსოფიულმა საზოგადოებამ ამერიკაში განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჩვენ მკაფიოდ უარვყოფთ ნებისმიერ რასობრივ თეორიას, რომელიც მიეწერება რუდოლფ შტაინერის ნაშრომებს. ანთროპოსოფიული საზოგადოება ამერიკაში არის ღია, საჯარო საზოგადოება და უარყოფს ნებისმიერ თეორიას, რომლის საფუძველზეც რომელიმე რასის უპირატესობა გამოხატულია მეორესთან მიმართებაში.[72].“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ანთროპოსოფიული საზოგადოებები
სხვადასხვა

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Wehr, Gerhard (1992). Faivre, Antoine; Needleman, Jacob. eds. C. G. Jung and Christian Esotericism. Crossroads. pp. 392. ISBN 0-8245-1444-0
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 Robert McDermott, The Essential Steiner, ISBN 0-06-065345-0, pp. 3–11, 392–5
  3. "Anthroposophy", Encyclopedia Britannica online, accessed 10/09/07
  4. Geoffrey Ahern, Sun at Midnight: the Rudolf Steiner Movement and Gnosis in the West, 2nd edition, 2009, James Clark and Co, ISBN 978-0-227-17293-3, pp. 16, 35-36
  5. Rudolf Steiner An Autobiography, p. 294
  6. 6.0 6.1 Of these, 55 Lodges – about 2,500 people – were to secede with Steiner to form his new Anthroposophical Society, at the end of 1912. Geoffrey Ahern, Sun at Midnight: the Rudolf Steiner Movement and Gnosis in the West, 2nd edition, 2009, James Clark and Co, ISBN 978-0-227-17293-3, p. 43
  7. 7.0 7.1 7.2 Gary Lachman, Rudolf Steiner, New York:Tarcher/Penguin ISBN 978-1-58542-543-3
  8. Ahern, Geoffrey. (1984): Sun at Midnight: the Rudolf Steiner movement and the Western esoteric tradition
  9. especially How to Know Higher Worlds and An Outline of Esoteric Science
  10. Inge Hansen-Schaberg and Bruno Schonig (eds.), Waldorf-Pädogogik, ISBN 3-8340-0042-6
  11. Helmut Zander, Anthroposophie in Deutschland, ISBN 978-3-525-55452-4. P. 250
  12. Goetheanum
  13. Tom Grote, "Kosmische Wirkkräfte", German Radio interview 8 August 2007
  14. Richard Webster, Encyclopedia of Angels, "Anthroposophy", pp.16-17. ISBN 978-0-7387-1462-2.
  15. Etymology of anthroposophy; the term was also used in a discussion of Boehme in Notes and Queries, May 9, 1863, p. 373
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 Peter Schneider, Einführung in die Waldorfpädogogik, ISBN 3-608-93006-X
  17. 17.0 17.1 17.2 Peter Schneider, Einführung in die Waldorfpädogogik, pp. 20-1; Schneider quotes here from Steiner's dissertation, Truth and Knowledge
  18. 18.0 18.1 Robert A. McDermott, "Rudolf Steiner and Anthroposophy", in Faivre and Needleman, Modern Esoteric Spirituality, ISBN 0-8245-1444-0, p. 299–301; 288ff
  19. Rudolf Steiner, Theosophy, ISBN 0-85440-269-1
  20. Rudolf Steiner, An Outline of Esoteric Science, ISBN 0-88010-409-0
  21. 21.0 21.1 21.2 Carlo Willmann, Waldorfpädagogik: Theologische und religionspädagogische Befunde, ISBN 3-412-16700-2, Chap. 1
  22. German Education Research Group, "International Associations and Waldorf Schools in alphabetical order of country"
  23. 23.0 23.1 White, Ralph, Interview with Rene M. Querido Lapis Magazine
  24. 24.0 24.1 Ullrich, Heiner, "Rudolf Steiner" "Prospects: the quarterly review of comparative education, UNESCO: International Bureau of education, vol XXIV, no. 3/4, 1994, pp. 8–9 2000
  25. Lenart, Claudia M: "Steiner's Chicago Legacy Shines Brightly", Conscious Choice June 2003
  26. Claudia M. Lenart, "Steiner's Chicago Legacy Shines Brightly", Conscious Choice, June 2003
  27. Apples: Botany, Production and Uses By David Curtis Ferree, Ian J. Warrington, ISBN 0-85199-357-5, p. 553
  28. David Kupfer, "Trailblazers, Heroes & Pioneers: The Organic Farming Movement"
  29. Study by the National Cancer Institute on mistletoe's use for treating cancer
  30. Camphill
  31. Sharp, Dennis, Rudolf Steiner and the Way to a New Style in Architecture, Architectural Association Journal, June 1963
  32. Raab and Klingborg, Waldorfschule baut, Verlag Freies Geistesleben, 2002.
  33. Raab, Klingborg and Fånt, Eloquent Concrete, London: 1979.
  34. Pearson, David, New Organic Architecture. University of California Press, 2001, ISBN 978-1-85675-102-5
  35. http://www.urbika.com/firms/view/187-meyer-en-van-schooten Urbika, retrieved 2010-12-08
  36. Thomas Poplawski Eurythmy, p. 67, Steiner Books, 1998 ISBN 978-0-88010-459-3
  37. Stage groups and Trainings
  38. Gemeinschaftsbank für Leihen und Schenken
  39. Earth Times
  40. Steiner, Anthroposophical Leading Thoughts (1924)
  41. Lindenberg, p. 97
  42. The Inner Development of Man
  43. 43.0 43.1 Carlo Willmann, Waldorfpädagogik, ISBN 3-412-16700-2, pp. 10–13
  44. Stein, W. J., Die moderne naturwissenschaftliche Vorstellungsart und die Weltanschauung Goethes, wie sie Rudolf Steiner vertritt, reprinted in Meyer, Thomas, W.J. Stein / Rudolf Steiner, pp. 267–75; 256–7.
  45. Ellen Pifer, "Saul Bellow Against the Grain", University of Pennsylvania Press, 1990; see also Steiner's doctoral thesis, Truth and Science
  46. 46.0 46.1 Richard Tarnas, The Passion of the Western Mind, ISBN 0-7126-7332-6
  47. Doris T. Myers, "C.S. Lewis in Context." Kent State University Press, 1994
  48. Christoph Lindenberg, Rudolf Steiner, Rowohlt 1992, ISBN 3-499-50500-2, pp. 77ff
  49. Albert Einstein, Geometry and Experience
  50. Rudolf Steiner, Anthroposophy and Science, lecture of March 16, 1921
  51. Rudolf Steiner "Anthroposophy and Christianity"
  52. Rudolf Steiner, "The Appearance of Christ in the Etheric World"
  53. Robert Fulford, "Bellow: the novelist as homespun philosopher", The National Post, October 23, 2000
  54. Books and Writers, Andrey Bely
  55. J.D. Elsworth, Andrej Bely:A Critical Study of the Novels, Cambridge:1983, cf. [1]
  56. John F. Moffitt, "Occultism in Avant-Garde Art: The Case of Joseph Beuys", Art Journal, Vol. 50, No. 1, (Spring, 1991), pp. 96–98
  57. Peg Weiss, "Kandinsky and Old Russia: The Artist as Ethnographer and Shaman", The Slavic and East European Journal, Vol. 41, No. 2 (Summer, 1997), pp. 371–373
  58. Arts Ablaze, Kandinsky: The Path to Abstraction 1908–1922
  59. Nobel Foundation, Selma Lagerlöf
  60. Layla Alexander Garrett, Nostalghia, Andrey Tarkovsky-Enigma and Mystery
  61. Bruno Walter, "Mein Weg zur Anthroposophie". In: Das Goetheanum 52 (1961), 418–2
  62. Ibrahim Abouleish, Sekem: A Sustainable Community in the Egyptian Desert, ISBN 0863155324
  63. 63.0 63.1 Olav Hammer, Claiming Knowledge: Strategies of Epistemology from Theosophy to the New Age, Brill 2004, pp. 243, 329, 204, 225–8
  64. Philolex entry
  65. Freda Easton, The Waldorf Impulse in Education, Columbia University dissertation 1995
  66. Sven Ove Hansson, Is Anthroposophy Science?, Professor, Philosophy Unit of the Swedish Royal Institute of Technology, in Conceptus XXV (1991), No. 64, pp. 37–49
  67. anthroposophy definition - Dictionary - MSN Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-11-01-ში.
  68. Guyard Guilty of Defamation. Cesnur (2000-03-23). წაკითხვის თარიღი: 2006-11-13.
  69. Jakob Wilhelm Hauer, 7. Februar 1935. BAD R 4901–3285.
  70. Report of the SD-Hauptamtes Berlin: "Anthroposophy”, May 1936, BAD Z/B I 904.
  71. Ray McDermott et al.: Waldorf education in an inner-city public school. The Urban Review, Volume 28, Number 2 / June, 1996, pp. 119–140
  72. The General Council of the Anthroposophical Society in America (1998) Position Statement on Diversity