ანა ავსტრიელი (1549-1580)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ავსტრიელი
Anna von Österreich
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 მაისი, 1570
მმართ. დასასრული: 26 ოქტომბერი, 1580
წინამორბედი: ელიზაბეტ ვალუა
მემკვიდრე: მარგარეტ ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1549
დაბ. ადგილი: ვალიადოლიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 26 ოქტომბერი, 1580, (30 წლის)
გარდ. ადგილი: ბადახოსი, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: ფილიპე II, ესპანეთის მეფე
შვილები: ფერდინანდი, ასტურიის პრინცი
დიეგო, ასტურიის პრინცი
ფილიპე III, ესპანეთის მეფე
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ანა ავსტრიელი (გერმ. Anna von Österreich, ესპ. Anna de Austria; დ. 2 ნოემბერი, 1549, ვალიადოლიდი, ესპანეთი — გ. 26 ოქტომბერი, 1580, ბადახოსი, ესპანეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მისი ცოლის, იმპერატრიცა მარია ესპანელის პირველი შვილი. თავდაპირველად დანიშნული იყო თავისსავე ბიძაშვილზე, ასტურიის პრინც დონ კარლოსზე, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ანა კარლოსის მესამედ დაქვრივებულ მამას, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს მიათხოვეს, რომელიც მას ღვიძლ ბიძად ერგებოდა. ათწლიანი ქორწინებიდან მათ ხუთი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ერთმა, ფილიპე III-მ შეძლო სრულწლოვანებამდე მიღწევა და ესპანეთისა და პორტუგალიის ტახტზე ასვლა. ანა გარდაიცვალა 30 წლის ასაკში, პორტუგალიის ტახტისთვის მიმავალ გზაზე გრიპის ეპიდემიის დროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ავსტრიელი 1567 წელს

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა 1549 წლის 2 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან II-ისა და მისი ცოლის, მარია ესპანელის პირველი შვილი. მამის ხაზით ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი ფერდინანდ I და მისი ცოლი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი ანა იაგელონი. ხოლო დედის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ესპანეთის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი კარლ V და მისი ცოლი, დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი. მისი მშობლები ამ დროს ახალი დაქორწინებულები იყვნენ და ჯერ კიდევ ესპანეთში ცხოვრობდნენ, თუმცა როცა ანა უკვე ოთხი წლის იყო, ისინი ვენაში გადავიდნენ. ანა მამის უსაყვარლესი შვილი იყო. ცნობილია, რომ მაქსიმილიანი ხშირად რამდენიმე საათის მანძილზე თამაშობდა ანასთან ერთად და ერთხელ უნგრეთის სამეფო საბჭოს შეხვედრაც კი გადაადებინათ მისი გაციების გამო. დედის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, ერცჰერცოგინია ანამ ჭეშმარიტი კათოლიკური განათლება მიიღო, თუმცა მამის გავლენით იგი ლუთერანიზმის მიმართაც დიდი სიმპათიით იყო განწყობილი.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ავსტრიელი

ანა, როგორც საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ის უფროსი და საყვარელი ქალიშვილი, ევროპის ყველა სამეფო კარისათვის სასურველი სარძლო იყო. თუმცაღა მისი მშობლები მის მხოლოდ ესპანეთში გათხოვებაზე ფიქრობდნენ, რათა ესპანელ და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის არსებული ალიანსი და ნათესავობა კიდევ უფრო გაეღრმავებინათ. თავდაპირველად ანა და ნიშნეს მისსავე ბიძაშვილზე, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ერთადერთ ვაჟზე, ასტურიის პრინც დონ კარლოსზე. კარლოსი ფსიქიკურადაც და ფიზიკურადაც ძლიერ ავად იყო. მას კუზი ჰქონდა და გარდა ამისა ხშირად ავლენდა ხოლმე უსასტიკეს ნერვულ აშლილობებსაც. 1568 წელს კარლოსის გარდაცვალებით ზემოთ ხსენებული ნიშნობა ცხადია ჩაიშალა. ამავე წლის 3 ოქტომბერს მშობიარობას გადაჰყვა ფილიპე II-ის მესამე მეუღლე, დედოფალი ელიზაბეტ ვალუა, რომელმაც მკვდარი გოგონა დაბადა. ფილიპე აქამდე სულ სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად თავის მამიდაშვილ მარია პორტუგალიელზე, რომელთანაც შეეძინა დონ კარლოსი, თუმცა მარია მის მშობიარობას გადაჰყვა და ფილიპე მეორედ დაქორწინდა ინგლისისა და ირლანდიის დედოფალ მერი I-ზე, რომელიც მალევე უნაყოფოდ დაიღუპა. ამის შემდეგ იგი მესამედ დაქორწინდა საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტ ვალუაზე, რომელთანაც ცხრაწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ორი გოგონა დარჩა მემკვიდრედ. აქედან გამომდინარე ფილიპეს აღარც ცოლი ჰყავდა და აღარც ვაჟი, რის გამოც მან მეოთხე ცოლის ძებნა დაიწყო. საბოლოო არჩევანი ფილიპემ თავის ღვიძლ დის შვილზე (ვინაიდან ანას დედა, მარია ესპანელი ფილიპეს ღვიძლი და იყო), ავსტრიის ერცჰერცოგინია ანა ავსტრიელზე შეაჩერა. ამ ქორწინებას ბევრი მეტოქე გამოუჩნდა, როგორებიც იყვნენ მაგალითად პაპი პიუს V, საფრანგეთის დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი, რომელსაც თავისი ვაჟის დაქორწინება სურდა ანაზე და ა.შ.

1569 წლის თებერვალში ანა და ფილიპე დაინიშნნენ, 1570 წლის მაისში კი ისინი მარიონეტული ქორწინებით დაქორწინდნენ. 1570 წლის შემოდგომაზე, ანა თავის ძმებთან — ალბერტთან და ვენეცელთან ერთად ავსტრიიდან ესპანეთისაკენ გაემგზავრა. გზად ანამ და მისმა ძმებმა ესპანეთის საკუთრებაში შემავალ ჰოლანდიაშიც შეიარეს. იქ ანამ გაიცნო ფლორის მონტიგანელი, მისი ძმა ჰორნის გრაფი და მათი მეგობრები, რომელთანაც ისინი ძალიან დაახლოვდნენ, თუმცა ისინი ერესისათვის სწორედ ესპანეთის მეფის ბრძანებით იყვნენ დაპატიმრებულები. ანა დაჰპირდათ, რომ როგორც კი ესპანეთის დედოფალი გახდებოდა მათ გაანთავისუფლებდათ, თუმცა სანამ მან მადრიდამდე ჩააღწია, ფილიპეს ბრძანებით ყველა მათგანი ჩამოახრჩეს.

ვინაიდან ამ პერიოდში საფრანგეთი კვლავ ჰაბსბურგთა მტერი სახელმწიფო იყო, ანა ჰოლანდიიდან ესპანეთამდე ზღვით უნდა ჩასულიყო, სადაც მას ინგლისის აკვატორიაში უნდა გაევლო. კეთილშობილმა ინგლისის დედოფალმა ელისაბედ I-მა ანას ინგლისელი ადმირალები — ჩარლზ ჰოვარდი და უილიამ უაინტერი გაუგზავნა, რომლებსაც ესპანეთის დედოფლის ესპანეთამდე მშვიდობით ჩაყვანა ჰქონდათ დავალებული.

3 ოქტომბერს ანა უკვე ესპანეთში იყო. 1570 წლის 16 ოქტომბერს ანა თავის მეუღლეს, მეფე ფილიპე II-ს შეხვდა და მაშინვე ფლორისის შეწყალება შესთხოვა, თუმცა ბედის ირონიით სწორედ ამ დღეს იყო დანიშნული მისი სიკვდილით დასჯა და მეფეს რომც მოესურვებინა ესპანეთიდან ჰოლანდიამე შიკრიკი ამ დროში მაინც ვერ ჩააღწევდა, რათა მისი განთავისუფლების ბრძანება მიეტანა.

ესპანეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ანა ავსტრიელი 1571 წელს

ჩავიდა თუ არა დედოფალი ანა ესპანეთში, მას ფრეილინად დონა მარგარიტა დე კორდობა მიუჩინეს, რათა მისთვის ესპანური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ესწავლებინა, რაც დედის წყალობით ისედაც მშვენივრად იცოდა. მარგარიტა მანამდე დედამისის, დედოფალ მარია ესპანელის ფრეილინა იყო, სანამ გათხოვდებოდა და ავსტრიაში გადასახლდებოდა. დედოფალი ანა ცნობილი იყო, როგორც გონებანათელი და მხიარული. მან შესძლო და ესპანეთის სამეფო კარზე არსებული საშინლად უარყოფითი აურა განმუხტა, რითაც თავის ხალხს მალევე შეაყვარა თავი, რასაც მის ქმარზე ვერ ვიტყვით. ფილიპეს თავისი გარდაცვლილი მესამე მეუღლე კვლავ გულის სიღრმემდე უყვარდა და ვერ ივიწყებდა მას, თუმცა ცხადია ანას პატივს სცემდა და მისი ერთგულიც იყო, თუმცა მას არასდროს ჰყვარებია იგი ისე, როგორც ელიზაბეტი უყვარდა. დედოფალი ძირითადად ხელსაქმით იყო დაკავებული, რაც კერვასა და ბაღების მოვლაში გამოიხატებოდა.

ასეა თუ ისე, ანასა და ფილიპეს ქორწინება მაინც ბედნიერი აღმოჩნდა. ფილიპეს მაინც უყვარდა იგი და გამუდმებით ცდილობდა გაეხარებინა. როგორც ჩანს ანას არ უჭირდა ადამიანებისათვის თავის შეყვარება.

უცხოელი დიპლომატების თქმით ესპანეთის მეფეს თავისი ახალგაზრდა მეუღლე უყვარდა. არ არსებობს არანაირი ცნობები, იმის შესახებ, რომ მათი ქორწინებისას ფილიპეს საყვარლები ჰყავდა. ანას ღრმა და დიდი პიროვნება ჰქონდა, რომელიც გათხოვების შემდეგ მთლიანად თავის საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა. მეფე ფილიპეს თავისი განრიგი ყოველთვის უმკაცრესად ჰქონდა გაწერილი და მასში ყველას თავისი დრო და ადგილი ეკავა. როგორც მეუღლეს, ფილიპე ანას კვირაში ორჯერ სტუმრობდა ხოლმე, თუმცა როგორც დის შვილს ყოველდღიურად ნახულობდა.

ეს ქორწინება, როგორც უკვე ვიცით ფილიპესათვის მეოთხე იყო, მაგრამ მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყავდა, რაც ხანში შესვლასთან ერთად სულ უფრო აშინებდა მას. ფილიპემ ანაზე სწორედ ამიტომ იქორწინა, რომ მემკვიდრე დაეტოვებინა. 1571 წლიდან 1578 წლამდე ანამ ოთხი ვაჟი გააჩინა, რომელთაგან უფროსი სამი მცირეწლოვანი დაიღუპა და მხოლოდ მეოთხემ იცოცხლა სიბერემდე, რომელიც უკვე შემდეგში ფილიპე III გახდა. ანას ასევე ქორწინებით ორი გერი — ისაბელ კლარა ეუხენია და კატალინა მიკაელა ჰყავდა, რომელთაც დედა ადრეულ ასაკში დაკარგეს და დედობას დედინაცვალი ანა ავსტრიელი უწევდათ, რომელიც მათ მამიდაშვილადაც ერგებოდათ.

გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე, 1580 წლის 14 თებერვალს ანამ გოგონა გააჩინა, რომელსაც დედის პატივსაცემად მარია დაარქვა. მალევე მოვიდა ცნობა, რომ პორტუგალიის მეფე სებასტიან I უმემკვიდრეოდ დაიღუპა. ფილიპე სებასტიანის ბიძაც იყო და ამავდროულად დეიდაშვილიც, რის მიხედვითაც მან პორტუგალიის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ლისაბონისაკენ დაიძრა ანასა და ჯართან ერთად. გზად, ქალაქ ბადახოსში ფილიპე გრიპის ეპიდემიით მძიმედ დაავადდა. მეუღლის მოვლისას კი ეს დაავადება თავად ანასაც გადაედო, მართალია ფილიპე გამოჯანმრთელდა და პორტუგალიის ტახტზეც ავიდა, თუმცა ანა ამას ვეღარ მოესწრო რადგან ბადახოსშივე, 1580 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა 30 წლის ასაკში. ამის შემდეგ ფილიპეს ჰქონდა მცდელობა ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ზე, ასევე ანას დებზე ელიზაბეთზე და მარგარეტზე დაქორწინებულიყო თუმცა არ გამოუვიდა და თვრამეტი წლის შემდეგ ფილტვის კიბოთი დაიღუპა, მეფე კი მათი ვაჟი ფილიპე III გახდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანას პირველი შვილის დაბადება
  1. ფერდინანდი (დ. 4 დეკემბერი, 1571 — გ. 18 ოქტომბერი, 1578), ასტურიის პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. კარლოს ლორენცო (დ. 12 აგვისტო, 1573 — გ. 30 ივნისი, 1575), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. დიეგო (დ. 15 აგვისტო, 1575 — გ. 21 ნოემბერი, 1582), ასტურიის პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ფილიპე III (დ. 3 აპრილი, 1578 — გ. 31 მარტი, 1621), ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო მარგარეტ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  5. მარია (დ. 14 თებერვალი, 1580 — გ. 5 აგვისტო, 1583), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • J. Brouwer, Montigny, Representative of the Netherlands by Philip II (Amsterdam z.j. [1941]).
  • R. Rodríguez Raso, Maximiliano de Austria, gobernador de Carlos V en España: cartas al emperador (Madrid 1963).
  • Fernando González-Doria, Las Reinas de España (Madrid 1986).
  • A. W. Lovett, Early Habsburg Spain, 1517-1598 (Oxford 1986).
  • John Lynch, Spain 1516-1598. From nation state to world empire (Oxford 1991).
  • Geoffrey Parker, Philip II (Chicago / La Salle 1996).
  • Henry Kamen, Philip of Spain (New Haven / London 1997).
  • Manuel Ríos Mazcarelle, Reinas de España. Casa de Austria (Madrid 1998).
  • L. Cabrera de Córdoba, Historia de Felipe II, rey de España, J. Martínez Millán and C.J. ed the Carlos Morales (Madrid 1998).
  • Paula Sutter Fichtner, The Emperor Maximilian II (New Haven 2001).
  • Pedro Gargantilla, Enfermedades de los reyes de España. Los Austrias. De la locura a la impotencia de Juana de Carlos II el Hechizado (Madrid 2005).
  • Anna of Austria, Queen of Spain- Spanish School Archived July 15, 2011, at the Wayback Machine.
  • "LETTER SIGNED, AT THE HEAD ("ELIZABETH R"), TO LORD CHARLES HOWARD". Sothebys.
  • Anna of Austria
  • "Philip II of Spain" Britannica
  • Press, Volker (1990), "Maximilian II.", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 16, Berlin: Duncker & Humblot, pp. 471–475; (full text online)
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Maria von Spanien" (in German). Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 7. Wikisource. p. 19.
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Philipp I. der Schöne von Oesterreich" (in German). Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 7. Wikisource. p. 112.
  • Wikisource Chisholm, Hugh, ed. (1911). "Joanna". Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Cazacu, Matei (2017). Reinert, Stephen W., ed. Dracula. Brill. p. 204.
  • Charles V, Holy Roman Emperor at Encyclopædia Britannica
  • Stephens, Henry Morse (1903). The story of Portugal. G.P. Putnam's Sons. pp. 125, 139, 279. Retrieved 11 July 2018.
  • Wikisource Holland, Arthur William (1911). "Maximilian I. (emperor)". In Chisholm, Hugh. Encyclopædia Britannica. 17 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Wikisource Poupardin, René (1911). "Charles, called The Bold, duke of Burgundy". In Chisholm, Hugh. Encyclopædia Britannica. 5 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Vladislas II, King of Bohemia and Hungary at Encyclopædia Britannica
  • Boureau, Alain (1995). The Lord's First Night: The Myth of the Droit de Cuissage. Translated by Cochrane, Lydia G. The University of Chicago Press. p. 96.
  • Noubel, P., ed. (1877). Revue de l'Agenais [Review of the Agenais]. 4. Société académique d'Agen. p. 497.
  • Harris, Carolyn (2017). Raising Royalty: 1000 Years of Royal Parenting. Dundurn Press. p. 78.
ანა ავსტრიელი (1549-1580)
დაიბადა: 2 ნოემბერი, 1549 გარდაიცვალა: 26 ოქტომბერი, 1580
წინამორბედი:
ელიზაბეტ ვალუა
ესპანეთის დედოფალი
1570-1580
შემდეგი:
მარგარეტ ავსტრიელი