ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი
ICD-10 G12.2
ICD-9 335.20
OMIM 105400
DiseasesDB 29148
MedlinePlus 000688
eMedicine neuro/14 emerg/24 pmr/10
MeSH D000690

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, იგივე ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ინგლ. Amyotrophic lateral sclerosis (ALS), აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც ლუ გერიგის დაავადებას, ან შარკოს დაავადებას (ფრანგ. Maladie de Charcot)) — პროგრესიული, ხშირად ფატალური, ნეიროდეგენერაციული დაავადება, გამოწვეული მოტორული ნეირონების დეგენერაციით. მოტორული ნეირონები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განაგებენ ნებითი კუნთების მოძრაობას. ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, როგორც ერთერთი ნეიროდეგენერაციული დაავადება, იწვევს კუნთების დასუსტებას. ეს დაავადება ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების დეგენერაციის გზით იწვევს მათ სრულ კვდომას, ისინი ვეღარ აწვდიან კუნთებს სიგნალს. ფუნქცია დაკარგული კუნთები სუსტდებიან და ბოლოს ხდება მათი მთლიანი ატროფირება. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ნებით მოძრაობებს, გააჩნიათ იგივე გონებრივი უნარი, მეხსიერება და პიროვნულობა, რაც დაავადებამდე ჰქონდათ.

სტივენ ჰოკინგი, ფიზიკოსი დაავადებული ALS-ით

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

სიტყვა ამიოტროფული არის ბერძნული წარმოშობის (საწყისი ფორმა — ამიოტროფია). α — უარყოფითი ნაწილაკი, μυς მის — კუნთი და τροφή ტროფე — კვება. ლატერალური (lateralis) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გვერდითს. ამიტომ ამ დაავადებას ამიოტროფულ გვერდით სკლეროზსაც უწოდებენ. თვითონ ლატერალური მიგვითითებს ზურგის ტვინის იმ არეალს, საიდანაც ნერვული ბოჭკოები კუნთებს უგზავნიან სიგნალს მათ ასამოძრავლებლად.

ეპიდემიოლოგია, მიზეზები და რისკ ფაქტორები[რედაქტირება]

ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი პირველად აღმოაჩინა ფრანგმა ნევროპათოლოგმა ჟან მარტინ შარკომ 1865 წელს. დაავადება უპირატესად 30—50 წლის ასაკში გვხვდება და ის ნერვული სისტემის ორგანული დაავადებათა 3% შეადგენს. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. არსებობს თეორიები მისი მემკვიდრეობით-დეგენერაციული და ვირუსული წარმოშობის შესახებ. დაავადება იწყება ხელ-ფეხის სისუსტით, შემდეგ მოიშლება მეტყველება და ყლაპვა. ავადმყოფი დუდღუნებს, ან სრულიად ვერ ლაპარაკობს, საჭმლის ნაწილები სასულესა და ცხვირში ხვდება, ძლიერდება მყესთა რეფლექსები. ბოლოს ვითარდება პარეზები, პათოლოგიური რეფლექსები (ბაბინსკის, როსოლიმოს და სხვა) და კუნთების ატროფია.

მკურნალობა[რედაქტირება]

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის სამკურნალოდ, გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას დაზიანებულ ქსოვილში (ლიპოცერებრინი, ცერებროლიზინი, დიბაზოლი, პროზერინი, რეტაბოლი, B1, B12, E ვიტამინები). ასევე ექიმები მიმართავენ ფიზიოთერაპიას და სხვა პროცედურებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ზოგადი ნერვოლოგიის საფუძვლები, 1999
  • ქსე, ტ. 1, გვ. 395, თბ., 1975