ალ-ფარიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკი (დ. 1116, მაიაფარიკინი — გ. 1181 წლის შემდეგ) — არაბი ისტორიკოსი და მოგზაური. მოვლილი ჰქონდა სირიის, მესოპოტამიის, წინა აზიისა და კავკასიის ქვეყნები. 1153 წელს საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე წელი დაყო მეფე დემეტრე I-ის სამსახურში, დემეტრესთან ერთად მოიარა მთელი სამეფო ალანიიდან დარუბანდამდე. ალ-ფარიკს ეკუთვნის მისი მშობლიური ქალაქის ისტორია „თარიხ მაიაფარიკინი“. თხზულება წარმოადგენს ერთგვარ მოკლე ენციკლოპედიას, რომელშიაც გადმოცემულია სახალიფოსა და მთელი რიგი მუსლიმანური სახელმწიფოების ისტორია VII-XII საუკუნეებში. თხზულებას პირველხარისხოვანი წყაროს მნიშვნელობა აქვს XII საუკუნის საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ეს ეხება განსაკუთრებით მეფე დემეტრე I-ის ხანას, მოცემულია ცნობები აგრეთვე დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]